„ძლიერი საქართველო – ლელო“ შალვა პაპუაშვილს პასუხობს
კოალიცია „ძლიერი საქათველო -ლელო“ განცხადებას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ ალეკო ელისაშვილის ქმედებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება მათ გაკეთებული აქვთ და პაპუაშვილს შეუძლია იხელმძღვანელოს ამ პოზიციით.
„ძლიერი საქართველო – ლელო“ ელის პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან, რომ გაემიჯნოს „ქართული ოცნების“ მიერ „ჩადენილ წამების ფაქტებს“, რაც გამოიხატა 300-ზე მეტი აქტივისტის „სასტიკ და ორგანიზებულ ცემასა და მათ წინააღმდეგ, სავარაუდოდ, ქიმიური იარაღის გამოყენებაში“, ასევე, კოალიცია აცხადებს, რომ ის უნდა გაემიჯნოს საქართველოში „არაბული ანკლავების“ შექმნისა და სახელმწიფოს ინტერესების დაზიანების ფაქტს, გაემიჯნოს „დამნაშავეებს და კორუმპირებულ ჩინოვნიკებს მისივე გუნდის წევრებს შორის“.
„საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაში ეჭვმიტანილი „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე უკვე რამდენიმე დღეა კოალიცია „ძლიერი საქართველო-ლელოს“ წინააღმდეგ არასერიოზულ განცხადებებს აკეთებს პოლიტიკური გუნდიდან ელისაშვილის გარიცხვის თაობაზე.
„ძლიერი საქართველო – ლელოს“ ლიდერებისა და პარტია „მოქალაქეების“ მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ ელისაშვილი არ არის პარტია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წევრი, შესაბამისად, ვერსაიდან გავრიცხავთ. იგი წარმოადგენს საკუთარ პარტიას – „მოქალაქეებს“, რომელიც მისი დაფუძნებულია და მისი პარტია არ გახლავთ ALDE-ს წევრი.
რაც შეეხება კოალიციას, ის შეიქმნა წინასაარჩევნოდ და ამის შესახებ არაერთხელ გვითქვამს. ამ კოალიციურ პარტნიორობას, “ძლიერი საქართველო – ლელო“ და პარტია „მოქალაქეები“ დღემდე ვაგრძელებთ.
ალეკო ელისაშვილის ქმედებასთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება გაკეთებული გვაქვს და პაპუაშვილს შეუძლია იხელმძღვანელოს ამ პოზიციით. თავად ბატონმა ალეკომ სასამართლოზე აღნიშნა, რომ ეს იყო მისი პერსონალური პროტესტი. მიუხედავად ამისა, „ქართული ოცნება“ ცდილობს საკითხის პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზაციას, მორიგი აბსურდული ბრალის შეთხზვას და „ძლიერი საქართველო – ლელოსთან“ და მის ლიდერებთან ამ აბსურდის დაკავშირებას, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ თუ ელისაშვილს არ გარიცხავენ, ორშაბათიდან „მოქალაქეები“, „ძლიერი საქართველო“ და „ალდე“ ოფიციალურად გახდებიან ტერორისტის მფარველი ორგანიზაციები.