დავით ქართველიშვილი: დიასპორის არმონაწილეობა არჩევნებში მხოლოდ საქართველოს „პრობლემა“ არაა
By

დავით ქართველიშვილი: დიასპორის არმონაწილეობა არჩევნებში მხოლოდ საქართველოს „პრობლემა“ არაა

მთავრობის მიერ ამ ბოლოს მიღებულ ცვლილებებში, ყველაზე სკანდალური ემიგრანტებისთვის უცხოეთში ხმის მიცემის აკრძალვა აღმოჩნდა, რამაც უკვე ის ემიგრანტებიც აღაშფოთა, რომლებსაც მანამდე წარმოდგენაც არ ჰქონდათ, სად, როდის და ვისთვის უნდა მიეცათ ხმა.  ბევრი მათგანი უკვე ათწლეულებია, ოჯახიდან გარიყულად გრძნობს თავს, რასაც ქვეყნის წინაშე მოქალაქეობრივი ვალის უგულებელყოფაც შეიძლება დაემატოს.

„ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი ცვლილებები, ემიგრანტებისთვის თითქმის მოქალაქეობის ჩამორთმევად შეაფასა მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრმა ვახუშტი მენაბდემ, რომლის აზრით, ადამიანების შესაძლებლობა, ოთხ წელიწადში ერთხელ ხმა მისცენ სასურველ პარტიას, თანამედროვე დემოკრატიებში ლამის ერთადერთი ბმაა სახელმწიფოსთან: „ოცნების პოლიტიკური და ეკონომიკური პოლიტიკა ჩვენს თანამოქალაქეებს საქართველოს დატოვებას აიძულებს, ახლა მათ უკანასკნელ პოლიტიკურ კავშირსაც ჩაუჭრიან. „ოცნების“ ეს ნაბიჯი კიდევ უფრო დააშორებს ემიგრანტებს სამშობლოს“.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ: ხელისუფლების არგუმენტი, თითქოს ემიგრანტები ნაკლებად ინფორმირებულნი არიან, რეალობას არ შეესაბამება – 21-ე საუკუნეში მათ აქვთ იმავე ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, რაც საქართველოში მყოფ ამომრჩეველს. გარდა ამისა, ასიათასობით ემიგრანტის გადმოფრენა რამდენიმე დღეში, ფიზიკურად შეუძლებელია. ემიგრანტებს აქამდეც შეზღუდული ჰქონდათ არჩევანი, რადგან საზღვარგარეთ იმდენი უბანი არ იხსნებოდა, რამდენიც საჭირო იყო, ახლა კი მონაწილეობა საერთოდ შეუძლებელი ხდება. ამავე მდგომარეობაში ხვდებიან დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლებიც, რასაც დიპლომატიური სამსახურის პარალიზებაც მოჰყვება. ეს ცვლილება ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპებს – არჩევნების საყოველთაოობას, ამომრჩევლის ნების თავისუფლებასა და სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, უზრუნველყოს მოქალაქეთათვის მონაწილეობის შესაძლებლობა მათი ადგილსამყოფლის მიუხედავად. საარჩევნო კოდექსის თანახმად, უბანი იქმნება იქ, სადაც 25 ამომრჩეველზე მეტია, რათა მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობის უფლება იყოს დაცული და ადამიანებს, პირობითად, სხვა სოფელში არ მოუხდეთ წასვლა. ახლა კი ტოკიოში, სიდნეიში, ჩიკაგოში ან რიოში ასიათასობით მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს ეუბნებიან, ჩამობრძანდით საქართველოშიო.“

ლალი ხუციშვილი, ემიგრანტი იტალიიდან: – ემიგრანტთა არჩევნებში მონაწილეობის პროცენტი დიდი მართლაც არასოდეს ყოფილა, თუმცა არ არის გამორიცხული, ემიგრაციაში მყოფი ამომრჩეველი გააქტიურდეს, რამაც შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს შედეგებზე. ტრადიციულად, საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩეველი უპირატესობას აძლევს არა მმართველ პარტიას, არამედ ოპოზიციას, რადგან მთავრობას მიიჩნევს დამნაშავედ, ოჯახს რომ არის მოწყვეტილი. ყველა ჩვენგანი თვლის, რომ ნორმალური მმართველობის პირობებში საკუთარ ქვეყანაში იცხოვრებდა… და აქ არ აქვს მნიშვნელობა, კონკრეტულად რომელი პარტია მართავს ქვეყანას.

მერაბ აბაშიძე, ემიგრანტი აშშ-დან: – მე უკვე კარგა ხანია ამერიკაში ვარ, ოპოზიციას ვუჭერ მხარს და არც ერთ პოლიტიკურ მოვლენას არ ვტოვებ ძირფესვიანად შესწავლის გარეშე. ახლა რაც ხდება, მაგონებს მოლდოვის პრეცედენტს, როდესაც როგორც საპარლამენტო, ასევე საპრეზიდენტო არჩევნებზე არსებითი­ გავლენა მოახდინეს ამ ქვეყნის ემიგრანტებმა. ჩანს, მმართველი პარტია ცდილობს, ამ ცვლილებებით შეამციროს ხელისუფლების დაკარგვის ალბათობა, სხვანაირად ამას ვერ ვხსნი.

ცოტნე კაკაბაძე, ემიგრანტი შვედეთიდან: – გინდათ გითხრათ სიმართლე – რამდენიმე აქტივისტის გარდა არავინ, არასოდეს გავსულვართ არჩევნებზე. მეტსაც გეტყვით, ჩემი მეგობრები სიტყვას ბანზე მიგდებდნენ, რა არჩევნები, რის არჩევნები, ვინც არ უნდა მოვიდეს ქვეყნის სათავეში, ჩვენი საშველი მაინც არ იქნებაო. არადა, ახლა ისეთი ამბავი ატყდა, გეგონება, რიგები იდგა უცხოეთში გახსნილ საარჩევნო ყუთებთან. კარგი რა, არ მობეზრდათ ამაზე ამდენი ლაპარაკი, ნებისმიერ თემაზე ტეხენ ხმაურს. იმას ვცდილობთ, რომ ქვეყანა ფეხზე დადგეს და ასეთი სიძულვილი არ ტრიალებდეს ირგვლივ. საქართველოში არსებული მძაფრი დაპირისპირება ჩვენზეც ახდენს გავლენას, აქაც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს პოლიტიკურ ნიადაგზე, რაც სინანულის გრძნობას მიჩენს. რა გვაქვს გასაყოფი, ხალხო, ვის უნდა და რაში სჭირდება ასეთი ცხოვრება. ისედაც ცოტა ვართ და ვინც დავრჩით, ერთმანეთს ნუ გადავჭამთ, ამაზე ვიფიქროთ.

მაკა ინასარიძე, ემიგრანტი ესპანეთიდან: – ნუ გამაცინეთ, აქ ვინ დადის არჩევნებზე? ერთხელ წავედით მადრიდში მე და ჩემი მეგობარი და მგონი მარტო ჩვენ ვიყავით, მეტი არავინ. სხვათა შორის, მაშინ ივანიშვილს მივეცით ხმა, რაც არასოდეს მინანია. აქ სოფელში ვართ დასაქმებული და საკმაოდ გაგვიჭირდა ჩასვლა დედაქალაქში, თან ფულიც გადავუხადეთ, ჩვენ მაგიერ ვინც დავტოვეთ ოჯახში. ანუ, ამით იმის თქმა მინდა, რომ თუ მართლა მიგაჩნია შენი ხმის მიცემა აუცილებლობად, ჩახვალ საქართველოში და მისცემ ხმას, მით უმეტეს, რომ ემიგრანტების უმრავლესობას საბუთებიც აქვს, ფულიც და არ უჭირს სამშობლოში ჩასვლა. წელიწადში რამდენჯერმე ჩადიან და ჩამოდიან. მიმაჩნია, რომ ძალიან გაბერილია ეს სკანდალი, აღარ იციან რას გამოეკიდონ. სააკაშვილის გამო გამოვიქეცი საქართველოდან, „კოშმარად“ მახსოვს მისი მმართველობის წლები, მაშინ სულ არ აინტერესებდათ არჩევნების კანონიერება, ახლა სცემენ ყიჟინას და „იცავენ“ ემიგრანტების უფლებებს?!

სალომე მელაშვილი, ემიგრანტი კანადიდან: – თავად ვიყავი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე წინა ხელისუფლების დროს. გაგვიყვანეს ცალკე და პირდაპირ დაგვემუქრნენ, თუკი არ მოგროვდება სათანადო რაოდენობის ხმები, დაგიჭერთო. წარმოგიდგენიათ, ასე გვითხრეს პირდაპირ, არ მოგვრიდებიან. ამათ რა აქვს სალაპარაკო, ვერ გავიგე. კანადაში მე და ჩემი შვილი მაგათ გამოვექეცით, ჩემს ბიჭს სდევდნენ და დაჭერით ემუქრებოდნენ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არ მოსწონდა „ნაცების“ მმართველობა და ხმამაღლა ლაპარაკობდა ამაზე. ახლა ყველა ყველაფერს წერს, ყვება, აცხადებს, ტელეგადაცემაში ყვირის, ილანძღება, იგინება და არაფერს ეუბნებიან, თან იქვე იძახიან დემოკრატია არ არის ქვეყანაშიო. მეტი რა ვთქვა?!

დაანონსებულ ცვლილებებს ეხმაურება სოციალური სამართლიანობის ცენტრის დირექტორი თამთა მიქელაძე. მისი თქმით: „საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებისთვის საარჩევნო ხმის ჩამორთმევა არა მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც მეტწილად ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის (ყველა ბოლო არჩევნების შედეგი ამას აჩვენებს) არჩევნებიდან გამორიცხვას ემსახურება, სავარაუდოდ, მომავალ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე გათვლილი საარჩევნო მანიპულაციაა და მას აქვს ძალიან მძიმე უფლებრივი პრობლემებიც.

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განმარტებით, არაფერი იცვლება ემიგრანტების საარჩევნო უფლებაში, იქნება ეს აქტიური თუ პასიური, თუმცა იცვლება „ხმის მიცემის პროცედურა. კერძოდ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, საპარლამენტო არჩევნებშიც ხმის მიცემას მოქალაქეები მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებში შეძლებენ.

საკანონმდებლო ცვლილებების მიღების ოფიციალურ მიზეზად „ქართული ოცნება“ ქართველ ემიგრანტებზე „უცხო იურისდიქციის და პოლიტიკური გარემოს გავლენის“, „საინფორმაციო მანიპულირების“ რისკებს ასახელებს, რადგან საზღვარგარეთ „სახელმწიფო ვერ ახორციელებს ჩარევის პრევენციას“.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის, ლადო ბოჟაძის თქმით, ემიგრანტებს არანაირი საარჩევნო ხმის უფლება არ და ვერ წაერთმევათ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ხმის მიცემა არის კონსტიტუციურად გარანტირებული უფლება: „ხმის მიცემა არის კონსტიტუციურად გარანტირებული უფლება. 96 ათასი იყო რეგისტრირებული და აქედან 35 ათასმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. ჩვენმა მოქალაქეებმა დახარჯეს დრო, ფული და ენერგია იმისთვის, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ, თუმცა 4 პარტიიდან, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს, მხოლოდ ერთი შევიდა საკანონმდებლო ორგანოში (რადიკალური ოპოზიცია მყავს მხედველობაში), სამი პოლიტიკური პარტია კი უპასუხისმგებლოდ მოექცა საკუთარ ამომრჩევლებს. ახლა რაღა აყვირებთ და რა უფლებებს იცავენ, ვერ გავიგე“.

ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აცხადებს: „ახალი თემა მოგვეცა საპოლემიკოდ – საარჩევნო დიასპორული შეზღუდვები, რომელსაც ბრიუსელი, რა თქმა უნდა, „დემოკრატიის უკუსვლად“ შერაცხავს. მე მესმის ჩვენი ემიგრანტების ნაწილის უკმაყოფილება, თუმცა სტატისტიკური მონაცემებით, მათი მონაწილეობა არჩევნებში არც თუ დამაჯერებელი რაოდენობით განისაზღვრებოდა. ამ კონტექსტში ვერც რუსეთში მცხოვრებ ასობით ათასობით ამომრჩეველს მივაკუთვნებ „მეორე ხარისხის“ ქართველების კატეგორიას, რომლებსაც აპრიორი უარი ჰქონდათ დიასპორულ არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე.
საუბარი კვლავ შეშფოთებული ევროკავშირის ორმაგ სტანდარტებზე მექნება, სადაც მთელ რიგ სახელმწიფოს იგივე შეზღუდვები აქვს შემოღებული, თუმცა აღშფოთებების გარეშე. დიასპორის არმონაწილეობა არჩევნებში – მხოლოდ საქართველოს „პრობლემა“ არაა:
ჩეხეთის მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, არ შეუძლიათ ხმის მიცემა ევროპარლამენტის არჩევნებში საზღვარგარეთის საკონსულო დაწესებულებებში და ასობით ათასი ემიგრანტი ჩეხი ვერ მონაწილეობს ამ არჩევნებში;
სლოვაკეთში, დიასპორას არა აქვს ევროპარლამენტისა და მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობის უფლება;
ირლანდიელები, რომლებიც ქვეყნის გარეთ ცხოვრობენ, ასევე მოკლებულნი არიან ხმის მიცემის უფლებას. გამონაკლისია – დიპლომატები, სამხედროები და სახელმწიფო სამსახურის რამდენიმე ვიწრო კატეგორია.
დანია ყველას არ აძლევს არჩევანის საშუალებას საზღვარგარეთ. თუ დანიელმა მესამე ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლისას ვერ დაამტკიცა, რომ ქვეყანაში დაბრუნებას აპირებს, ხმის მიცემის უფლება ეკარგება.
ვიმეორებ – ვერ ჩამოვყალიბებულვარ, საქართველოს მიერ შემოღებული ახალი რეგულაციები „კარგია“ თუ „ცუდი“, ისევე როგორც არ მესმის, რატომ იზღუდებოდნენ თავის სამოქალაქო უფლებებში თუნდაც მოსკოველი ქართველები შვეიცარიის საელჩოს ქართულ სექტორში არჩევნებში მონაწილეობის კუთხით. უბრალოდ, რატომ დუმს ბრიუსელი საკუთარ წევრებზე, მაგრამ აუცილებლად გააკრიტიკებს საქართველოს?
იმიტომ, რომ ევროკავშირის ქვეყნებს აქვთ სუვერენული უფლება, ჩაატარონ არჩევნები საკუთარი წესებით – საქართველოს კი, ბრიუსელის ლოგიკით, ასეთი უფლება ალბათ არა აქვს.
ევროკავშირში, ყოველ შემთხვევაში, მოქმედებს პრინციპი: თითოეული წევრი სახელმწიფო თავად განსაზღვრავს დიასპორის მონაწილეობასთან დაკავშირებულ წესებს. ბრიუსელი არ ერევა ამ ნორმებში – მაგრამ ნებისმიერ მცდელობას, საქართველომ თავად მართოს საკუთარი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა, ურჩობის და „დემოკრატიის უკუსვლის“ კვალიფიკაციას ანიჭებს“.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის არჩევნებში ხმის მიცემის წესის ცვლილებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს უნარჩუნდებათ არჩევნებში მონაწილეობის კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებამოსილება, რომლის გამოყენებას მხოლოდ სამშობლოში შეძლებენ, რადგან საზღვარგარეთ აღარ გაიხსნება საარჩევნო უბნები. მისივე თქმით, ხმის მიცემის მსგავსი პრაქტიკა არსებობს ისრაელში, ირლანდიაში, სომხეთში, მალტასა და მთელ რიგ ქვეყნებში:

„ადამიანებს, რომლებიც ირლანდიას ტოვებენ 18 თვის განმავლობაში, არ აქვთ ხმის მიცემის შესაძლებლობა, ისინი ვალდებულები არიან, ამისთვის დაბრუნდნენ ქვეყანაში. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, თუ 20 ამომრჩეველი მაინც არ არის კონკრეტულ ქვეყანაში, საარჩევნო უბანი არ იხსნება, ასევე არ იხსნება საარჩევნო უბნები იმ ქვეყნებში, სადაც არ აქვთ დიპლომატიური ურთიერთობები.

რაც შეეხება საქართველოს, თუ ყველგან არ იქნება საარჩევნო უბნები გახსნილი, ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, წელიწადში ერთხელ მაინც ჩამობრძანდნენ საქართველოში, რეალურად ნახონ რა სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური მოცემულობაა ქვეყანაში და მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება, ვინაიდან ეს ხალხი ვერ ღებულობს სწორ ინფორმაციას და თავისთავად, ვერ ახდენს სწორ არჩევანს“.

პარლამენტი „საარჩევნო კოდექსის“ ფუნდამენტურ განახლებას გეგმავს. კოდექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, როგორც უკვე განვიხილეთ, ეხება არარეზიდენტი მოქალაქეების – უცხოეთში მყოფი პირების – არჩევნებში ხმის მიცემის წესს. ინიციატივის მიხედვით, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ისევე საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში.

კანონპროექტში არ არის დაზუსტებული, სად მისცემენ ხმას საელჩოებისა და საკონსულოების თანამშრომლები, გაიხსნება მათთვის უბანი საზღვარგარეთ, თუ მათაც საქართველოში ჩამოსვლის ვალდებულება დაეკისრებათ. არის მხოლოდ ჩანაწერი: „გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბანი“, რომელსაც განმარტება არ ახლავს.

ირმა ცეცხლაძე

  • No Comments
  • დეკემბერი 2, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *