როგორ იცვლება სკოლის მოდელი 2027 წლიდან და განსხვავებული რეგისტრაციის წესები პირველკლასელებისთვის
საქართველოს განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განმარტებით, ქვეყანა 11-კლასიან სასწავლო სისტემაზე 2027–2028 სასწავლო წლიდან გადადის. მინისტრმა აღნიშნა, რომ დღეს მეცხრე კლასში ვინც სწავლობს, უკვე მოუწევთ მეთერთმეტე კლასით სკოლის დამთავრება.
მიქანაძის თქმით, ახალი სისტემა სრულად უზრუნველყოფს ზოგადი განათლების სრულყოფას და დაცულია მოსწავლეთა ინტერესებიც – მათ, ვისაც სურვილი ექნება სწავლა მეთორმეტე კლასშიც გააგრძელონ, ამის შესაძლებლობა ნებაყოფლობითი რეჟიმით ექნებათ.
მინისტრის თქმით, ყოველ წელს, მარტის თვეში გათვალისწინებულია სარეგისტრაციო პორტალის გახსნა. დაინტერესებულ მოსწავლეებს შეეძლებათ დარეგისტრირდნენ და სურვილი განაცხადონ მეთორმეტე კლასში სწავლის გასაგრძელებლად.
რეგისტრაციის შედეგებიდან გამომდინარე, შესაბამის ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში კონკრეტულ სკოლებში გაიხსნება მეთორმეტე კლასები. ახალი მოდელით, მოსწავლეებს საშუალება ექნებათ მიიღონ როგორც მეთერთმეტე, ასევე მეთორმეტე კლასის ატესტატი.
რაც შეეხება პირველკლასელთა რეგისტრაციას,
განათლების რეფორმის ფარგლებში, პირველად შემოდის ახალი ეტაპი პირველკლასელთა რეგისტრაციაში – საცხოვრებელი ადგილის პრინციპით რეგისტრაცია.
როგორც მინისტრმა განმარტა, ეს ნაბიჯი უკავშირდება იმას, რომ მოსწავლეები რეგისტრირდებიან იმ სკოლებში, რომლებიც ტერიტორიულად ყველაზე ახლოსაა მათ საცხოვრებელ მისამართთან. ცვლილება პირველ ეტაპზე შეეხება მხოლოდ დიდ ქალაქებს და შემდეგ ეტაპობრივად გავრცელდება ქვეყნის მასშტაბითაც.
„ეს სისტემა უზრუნველყოფს უფრო სამართლიან გადანაწილებას, ზედმეტი შეჭარბებული მოთხოვნის თავიდან აცილებას და მშობლებისთვისაც პროცესის გამარტივებას“, – აღნიშნა მიქანაძემ.