არასამთავრობოების მოთხოვნა: ხელისუფლებამ განმარტოს, რა ქიმიური ნივთიერებები გამოიყენეს პროტესტის წინააღმდეგ
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალაზე რეაგირებენ და ხელისუფლებისგან სწრაფ და მკაფიო პასუხს მოითხოვენ. მათი თქმით, უნდა გაირკვეს, „რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა პოლიცია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ“.
BBC-ის გამოძიება მიუთითებს, რომ აქციების დაშლისას შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო ბრომობენზილ ციანიდი – ქიმიური ნივთიერება, რომელიც ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ აიკრძალა. არასამთავრობოების შეფასებით, „ქიმიური ნივთიერებების დიდი მასების წინააღმდეგ გამოყენება შეიძლება გაიგივდეს წამებასთან ან არაადამიანურ მოპყრობასთან“.
ორგანიზაციები აცხადებენ, რომ უახლოეს დღეებში მიმართავენ საერთაშორისო ინსტიტუტებსა და ექსპერტებს, რათა საქართველოში ჩამოვიდეს სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი. მათი განცხადებით, აუცილებელია დადგინდეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი ქიმიური იარაღის გამოყენებით საერთაშორისო ჭრილში აკრძალულ ქმედებებს.
არასამთავრობოები ხაზს უსვამენ, რომ აქციების დროს დაშავებულების მიმართ გამოყენებული ძალა დღემდე გამოუძიებელია. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ერთი წელია არ ამჟღავნებს ინფორმაციას წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზში შეზავებული ნივთიერებების შესახებ“.
დოკუმენტს 20-ზე მეტი ორგანიზაცია აწერს ხელს, მათ შორის: „უფლებები საქართველო“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „საფარი“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „ევროპის ფონდი“
და სხვა.