პროფილური მე-11 კლასი და ნებაყოფილობითი მე-12 – რა იგეგმება საჯარო სკოლებში?
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის ზოგადი განათლების სისტემა მომდევნო წლებში არსებით ცვლილებებს გაივლის. როგორც მინისტრმა გივი მიქანაძემ ეროვნული კონცეფციის პრეზენტაციაზე აღნიშნა, სამინისტრო სრულ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ 11-წლიანი სწავლება მოსწავლეებს სრულფასოვან ზოგად განათლებას მისცემს.
მინისტრის თქმით, მთავრობის მიზანია, სკოლის დამამთავრებელი საფეხური გახდეს უფრო მიზანმიმართული და ეფექტიანი. სწორედ ამიტომ იგეგმება მე-11 კლასის პროფილურ ეტაპად გადაქცევა -კლასად, სადაც მოსწავლეები ყურადღებას ძირითადად იმ საგნებზე გაამახვილებენ, რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე სჭირდებათ.
მიქანაძის განმარტებით, მე-11 კლასში შემოიღებენ ე.წ. „რეპეტიტორიუმის“ მოდელს, ერთწლიან ინტენსიურ სასწავლო პროგრამას, რომელიც კონკრეტულად გამოცდების თემატიკაზე იქნება მორგებული. მისი თქმით, ეს ნაბიჯი ოჯახებს ფინანსურ წნეხსაც შეუმსუბუქებს, რადგან მოსწავლეებს აღარ ექნებათ დამატებითი, სკოლის გარეთ მომზადების საჭიროება.
მინისტრმა განმარტა, რომ ცვლილებები არ დაწესდება მკაცრი ფორმით, შენარჩუნდება ნებაყოფლობითი კომპონენტი მათთვის, ვისაც მე-12 კლასში სწავლა დამატებით სურს. ამისთვის ყოველ წელს, მარტში, სამინისტრო გახსნის ელექტრონულ სარეგისტრაციო ბადეს, სადაც დაინტერესებული მოსწავლეები დამოუკიდებლად დარეგისტრირდებიან. სპეციალურად მათთვის, ვინც მე-12 კლასში სწავლის სურვილს გამოთქვამს, სკოლები მომდევნო სასწავლო წელს შესაბამის ჯგუფებს გახსნიან.
ცვლილებები პედაგოგებზე შესაძლო გავლენასაც ითვალისწინებს. მინისტრის განცხადებით, მე-12 კლასის გაუქმებით დაზარალებული არც ერთი მასწავლებელი არ დარჩება სახელფასო ბადის მიღმა, ყველა მათგანი ჩაერთვება სპეციალურად დაგეგმილ სასწავლო პროცესებში, რომლებიც მათ სრულ ხელფასს შეუნარჩუნებს.
„ჩვენი ამოცანაა, მოსწავლეები სკოლაში დავაბრუნოთ, გავზარდოთ სკოლის პრესტიჟი და ავტორიტეტი, ხოლო ოჯახებს მოვუხსნათ ზედმეტი ფინანსური ტვირთი. მთელი სისტემა უნდა იყოს ორიენტირებული მოსწავლის რეალურ საჭიროებებზე და მათ მომავალ წარმატებაზე“, – განაცხადა მინისტრმა.