„დავანახეთ მსოფლიოს, რომ თითის დაქნევით ქართულ სახელმწიფოს არ უნდა ელაპარაკოს“
„ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანა კიდევ უფრო გაძლიერდა, მეტად სუვერენული და დამოუკიდებელი გავხდით“, – ასე უპასუხა თბილისის მერმა მედიის კითხვას, თუ როგორ შეაფასებდა საქართველოს ბოლო ერთ წელს, მიმდინარე აქციების ჭრილში.
კახა კალაძის განმარტებით, საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხი მთავრობაზე და ქვეყანაზე ზეწოლისთვის გამოიყენება.
„მოვისმინეთ ოფიციალური განცხადება, რომ ევროპასთან მოლაპარაკებების თემა მანამდე იყო შეჩერებული, ვიდრე ირაკლი კობახიძე გააკეთებდა ამასთან დაკავშირებით განცხადებას, თუმცა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ბევრჯერ ვთქვით, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, დაიწყოს მოლაპარაკებები, მაგრამ ამის ინტერესი არ გააჩნიათ, რადგან პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს. ისინი ცდილობენ, რომ ევროინტეგრაციის გზა გამოიყენონ მთავრობაზე, ქვეყანაზე ზეწოლისთვის. ამის მთავარი მიზეზებია, რომ არ დავემორჩილეთ მათ ბრძანებებს – არ გავხსენით მეორე ფრონტი, არ შევუერთდით სანქციებს. სწორედ ამის გამო წამოვიდა ჩვენზე სპეკულაციებით და სიბინძურით დატვირთული ტექსტები, ბოლო თვეების განმავლობაში რომ ვისმენთ ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატისგან“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მთავარი არის ქართველი ხალხი, რომლის ინტერესებიდან გამომდინარეც მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება.
„ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანა კიდევ უფრო გაძლიერდა, მეტად სუვერენული გავხდით, დავანახეთ მსოფლიოს, რომ თითის დაქნევით ქართულ სახელმწიფოს არ უნდა ელაპარაკოს. დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა სისხლით მოიპოვეს და არავის მივცემთ უფლებას, რომ ეს ყველაფერი ფეხქვეშ გათელოს. შეიძლება, რომ არა ჩვენი პრინციპული პოზიცია და პოლიტიკა, ჩვენც იმ უბედურებაში აღმოვჩენილიყავით, რაშიც 2008 წელს აღმოვჩნდით. პირველ რიგში, სამშობლოს მნიშვნელობა უნდა გაითავისოთ. ჩვენ იმიტომ აგვირჩია ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ, ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ინტერესები რომ დავიცვათ, შევინარჩუნოთ მშვიდობა, რაც მნიშვნელოვანია ისე, როგორც არასდროს. მშვიდობას მოაქვს განვითარება და წინსვლა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.