შუასოფელში სკოლის შენობა აიგო
შუასოფელი ხულოს რაიონის ორი სოფლის – დანისპარაულისა და რიყეთს შორის მდებარე ტერიტორიაა. წინა საუკუნის 30-იანი წლებიდან ამ დასახლებაში დაწყებითი სკოლა მოქმედებდა. მის კედლებში დედაენის მადლს თაობები ეზიარნენ, მათ შორის იყო ავღანეთის ტერიტორიაზე სამშვიდობო მისიის შესრულებისას დაღუპული მალხაზ შავაძე, რომლის სახელსაც სკოლა ატარებს. ქვეყანაში მიმდინარე სასკოლო რეფორმის შესაბამისად, დაწყებითი სკოლა რიყეთის საჯარო სკოლის ფილიალად გადაკეთდა და პატარები 4 კლასის განათლებას აქ იღებენ.
სკოლის შენობა თანამედროვე მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებდა. აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან თანხა გამოიყო ახალი შენობის ასაგებად. საკონკურსო შერჩევის შემდეგ, შპს „მეგაბილდის“ მშენებლებმა 295,3 ათასი ლარის სამუშაოები ხელშეკრულებით ნაკისრ ვადებში დაასრულეს და მოსწავლეები სწავლას ახალ შენობაში შეუდგნენ.
– უნიკალური შენობა აიგო. იგი უკვე შუასოფლის სავიზიტო ბარათად მონათლეს, – გვითხრა ხულოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა რამაზ გელაძემ.
ცოტნე ცაბაძე