ზვარე – შემდგარი სოფელი
ლევან (ასლან) მჟავანაძე შუახევის რაიონის სოფელ წყაროთადანაა. გარემოებათა გამო, ლევანმა მთა დატოვა და საცხოვრებლად ბათუმში გადავიდა. დიდი საქმეების მცირედით დაწყება, დასახული მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ სვლა მთიელმა ჭაბუკმა ცხოვრების წესად აქცია. ჭალელ (მეზობელი სოფელი) სანდრო და ხვიჩა შარაშიძეებთან ერთად ბიზნესი წამოიწყო. მალე მეგობრებმა გადაწყვეტს, ბიზნესი დამოუკიდებლად აეწყოთ. ლევანმა მშობლიური ზვარეს კეთილმოწყობა დაისახა მიზნად. მართლმადიდებლობას ზიარებულმა, ჯვრის აღმართვით დაიწყო დროებით მივიწყებული ტერიტორიის გაცოცხლება. ამასთან, გეგელიძეებელ „ვაზის ჯადოქარ“ ფრიდონ სირაბიძეს დაუკავშირდა და მისი რეკომენდაციით, 1000 ძირზე მეტი ჩხავერი დარგო.
მარტო ვაზის მოშენება არ იკმარა, რამდენიმეიარუსიანი საფუტკრე მოაწყო მამაპაპური გეჯის სკებით. ერთ ნაგებობას მეორე მიამატა, ყველაზე საჩინო ადგილზე მყარად ნაგები მართლმადიდებლური სამლოცველო ააშენა, კლდე გამოანგრია და 200 ადგილზე გათვლილი კვების ობიექტი მოაწყო კლდეში, რომელსაც მარანი და თონეც შემატა. 5-სართულიან შენობაში უკვე კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს და სტუმარს თანამედროვე სტანდარტების შესაფერის ნომრებში დააბინავებს. სასტუმრო აქამდეც ჰქონდა, მაგრამ იგი მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებდა. ზვარეში კეთილმოწყობილი საავტომობილო გზა ორი მხრიდან შედის. ჯვარი, ტერიტორია და გზები ღამით ლამპიონებით ნათდება, რაც იქაურობას მიმზიდველობას ანიჭებს.

„ზვარე-მომავლის სოფელი“ რომ შენდებოდა, ლევანმა ქვეყანაში მომუშავე მწერლები და პოეტები მიიპატიჟა. მაშინ, 4 წლის, წინ გაზეთი „აჭარა“ ამ ფაქტს სტატიით „ზვარე – მომავლის სოფელი“ გამოეხმაურა. მრავალმა ლევანის წამოწყებას ეჭვით შეხედა, არც მაშინ და არც მომდევნო პერიოდში იქაურობის მონახულება არ ისურვა… 4 წლის შემდეგ, „მომავლის სოფლიდან“ უკვე შემდგარ სოფელში საქმიანობს ლევანი და ყოველი წლის გიორგობაზე, ეპატიჟება სტუმრებს თავის კარმიდამოში.
ყველაზე დიდ სიმდიდრედ მრავალწევრიან ოჯახს, სანათესაოს და სამეგობროს მიიჩნევს. ეამაყება, რომ მის ყველა იდეას, ერთგულ მეუღლე ნონა კახიძესთან, შვილებთან ერთად, ისინიც მხარს უბამენ.

– შუახეველი ტარიელ ფუტკარაძე, ცნობილი მეცნიერი, ქართველოლოგი, ჩემი უფროსი მეგობარი იყო. ტარიელისა და ლევანის სადარმა ადამიანებმა შემაყვარეს აჭარა, მისი მთა და ზღვისპირეთი. ბევრი რამაა წარმოსაჩენი ბატონი ლევანის საქმიანობაში. ვიცი, როგორ ეხმარება მწერლებს, კულტურისა და ხელოვნების მუშაკებს, სკოლებს, მშობლიური სოფლის მოსახლეობას, ხელმოკლე სტუდენტების ოჯახებს. საზოგადოებაც ამაგს უფასებს. მისი და ბესარიონ ბაჯელიძის სახით, ახმეტელებს კარგი და ღირსეული მეგობრები გვყავს. ჩემი წინაპრები ხევსურები იყვნენ, ალბათ, მთას, მთიელებს განსაკუთრებულად ამიტომ ვაფასებ,- გვითხრა ახმეტელმა ზურაბ ფილაშვილმა.

ლევანს ნაშრომ-ნაამაგარი დაულოცეს მასთან სტუმრად მყოფმა ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის მუნიციპალიტეტის მერებმა ზაზა დიასამიძემ, მამუკა თურმანიძემ, ომარ ტაკიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა ფრიდონ ფუტკარაძემ, მინდია დიასამიძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძემ, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეებმა ედნარ კეჟერაძემ, გურამ ზოიძემ, ბიზნესმენმა მერაბ დავითაძემ.
ოთარ ცინარიძე