მსგავსი კონკურსფესტივალი ჯერ არ გამართულა
By

მსგავსი კონკურსფესტივალი ჯერ არ გამართულა

გრანდ ტალანტი საზეიმოდ დაიხურა

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში საუკეთესო მუსიკოსშემსრულებელთა კონკურსფესტივალ „გრანდ ტალანტის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. სხვა ფესტივალებისგან განსხვავებით, „გრანდ ტალანტს“ ერთი განსაკუთრებული თავისებურება აქვს – მასში მონაწილეობა მხოლოდ სხვადასხვა კონკურსსა თუ ფესტივალში საპრიზო ადგილის (გრან პრი, პირველი, მეორე, მესამე) მფლობელ 8-დან 17 წლამდე ნიჭიერ შემსრულებლებს შეეძლოთ. კონკურსის მიზანი საუკეთესოთა შორის საუკეთესოს გამოვლენა, წახალისება და პროფესიული განვითარება, საზოგადოებისთვის მათი უნარების წარმოჩენა და მოტივაციის გაზრდა, ასევე, საშემსრულებლო სფეროში მოღვაწე ახალგაზრდების პოპულარიზაცია, ახალი ტალანტების ინტეგრირება ადგილობრივ და საერთაშორისო კულტურულ სივრცეში, მონაწილეებისთვის პროფესიული გამოცდილების გაზიარება და კონკურენტუნარიანობის ამაღლებაა.
ფესტივალის ორგანიზატორია „პროფესიონალ ხელოვანთა კავშირი“. კონკურს-ფესტივალი აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
ფესტივალის მონაწილეები იყვნენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქის სამუსიკო სკოლების მოსწავლეები, ვისაც უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში მიღებული ჰქონდათ საპრიზო ადგილები სხვადასხვა (ადგილობრივ, რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო) კონკურსსა თუ ფესტივალში. კონკურსი 4 სპეციალობაში ტარდებოდა: 1. სოლო ფორტეპიანო; 2. საფორტეპიანო დუეტი (ოთხ ხელში); 3. სიმებიანი საკრავები; 4. ჩასაბერი საკრავები.

ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოში მოღვაწე ცნობილი და ავტორიტეტული მუსიკოსები.

კონკურსფესტივალზე საფორტეპიანო სპეციალობის მიმართულებით მოსმენას ესწრებოდნენ ჟიურის წევრები: ნანა შალაძე (ბათუმი,) თავმჯდომარე); ნინო ქათამაძე (თბილისი); თეა გოგოტიშვილი (ბათუმი); ანა ქასრაშვილი (თბილისი, სპეციალურად მოწვეული ჟიური); ლია ბიბილეიშვილი (მიუნჰენი, სპეციალურად მოწვეული ჟიური).

კატეგორიაში – „პოლიფონიის საუკეთესო შემსრულებელი“ დასახელდა 5 გამარჯვებული: ანასტასია ამაღლობელი (ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სკოლა, პედაგოგი – ლილე ქურიძე), ბარბარე მაჩაიძე (ბორჯომის ზ. ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლა, პედაგოგი – მარინე რატიანი), ანდრია კაპანაძე (ბათუმის რ. ლაღიძის სამუსიკო სკოლა, პედაგოგი – ნატალია ორაგველიძე), მარიამ ზიბზიბაძე (ზესტაფონის ელდარ შალამბერძის სახელობის ხელოვნების სკოლა, პედაგოგი – იზა ფხაკაძე), ბაჩი მიქელაძე (ბათუმის რ. ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლა, პედაგოგი – ნატალია ორაგველიძე). კატეგორიაში – „ვირტუოზული ნაწარმოების საუკეთესო შემსრულებელი“ დასახელდა ორი გამარჯვებული: მარიამ გორგაძე (ბათუმის ზ. ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი, პედაგოგი – რუსუდან კვახაძე) და მარტინ ტუჩულა (ბათუმის რ.ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლა, პედაგოგი – ნატალია ორაგველიძე).

კატეგორიაში – „კანტილენის საუკეთესო შემსრულებელი“ გაიმარჯვა ანდრია კაპანაძემ (რ. ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლა, პედაგოგი – ნატალია ორაგველიძე).
კატეგორიაში – „კლასიკური სონატის საუკეთესო შემსრულებელი“ გაიმარჯვა ბარბარე მაჩაიძემ (ბორჯომის ზ. ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლა, პედაგოგი – მარინე რატიანი).
კატეგორიაში – „საუკეთესო საფორტეპიანო დუეტები“ გამარჯვება წილად ხვდა ორ საფორტეპიანო დუეტს: ირაკლი კაკაბაძე და ანდრია კაპანაძე (რ. ლაღიძის სამუსიკო სკოლა, პედაგოგი – ნატალია ორაგველიძე), მარიამ ხიმშიაშვილი და თათია ზანაქიძე (ბათუმის ზ. ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი, პედაგოგი – შორენა ვაშალომიძე).
ჟიურის გადაწყვეტილებით, დაწესდა ნომინაცია: „პერსპექტიული შემსრულებელი“, რომელშიც გაიმარჯვეს: ალეკო ქედელიძემ (რ. ლაღიძის სამუსიკო სკოლა, პედაგოგი – ნინო მაჭარაძე); ანა აბაშიძემ (ბათუმის ზ.ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი, პედაგოგი – ლიკა კობახიძე) და არჩილ ჩიქოვანმა (ბათუმის ზ.ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი, პედაგოგი – შორენა ვაშალომიძე).

საორკესტრო სპეციალობის სიმებიანი და ჩასაბერი საკრავების მიმართულებით მოსმენას ესწრებოდნენ ჟიურის წევრები: გიორგი ხაინდრავა (თავმჯდომარე); მამუკა ალაფიშვილი; ანა ქასრაშვილი; ჩასაბერი საკრავების მიმართულებით – მერი ჟვანია (თავმჯდომარე); მამუკა ალაფიშვილი და ანა ქასრაშვილი.

ჟიურის გადაწყვეტილებით ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: მე-3 ადგილი: ანდრია გვასალია (სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლა, პედაგოგი – შორენა ზვიადაძე), კესარია ალელიშვილი (ბათუმის რ. ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლა, პეადგოგი – არევიკ სიმონიანი); მე-2 ადგილი: ალექსანდრა ცუცქირიძე (ქუთაისის ნოდარ გაბუნიას სახელობის №4 სამუსიკო სკოლა, პედაგოგი – ეკატერინე გიორგაძე), ანა ბურჭულაძე (ბათუმის ზ. ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი, პედაგოგი – ელენე კონკალიდი), ქეთევან მარუაშვილი (ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი, პედაგოგი – ხათუნა ჯიმშელეიშვილი); პირველი ადგილი: მარიამ დეისაძე (ქუთაისის ზ. ფალიაშვილის სახელობის №2 სამუსიკო სკოლა, პედაგოგი – შორენა ზვიადაძე), მართა სირბილაძე (ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის №1 სამუსიკო სკოლის მოსწავლე, პედაგოგი – ხათუნა ჯიმშელეიშვილი), ანასტასია ხურციძე (ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის №1 სამუსიკო სკოლა, პედაგოგი – ეკატერინე გიორგაძე), ლიზი ზოიძე (ბათუმის ზ. ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი, პედაგოგი – თემურ შალვაშვილი).

კონკურსფესტივალის უმაღლესი ჯილდო – „გრანდ ტალანტი“ გადაეცა ნინი სანოძეს (ქ. ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი, პედაგოგი – ეკატერინე გიორგაძე).

ჩასაბერი საკრავების მიმართულებით ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: მე-2 ადგილი: თეკლა ბუხრიკიძე (ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის №1 სამუსიკო სკოლა, პედაგოგი – ირინა ბერაძე), ელენე ლორთქიფანიძე (ბათუმის ზ. ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი, პედაგოგი – ვერონიკა ასლანოვა); მე-3 ადგილი: ნატალი სამუშია (ქუთაისის ანჯაფარიძის სახელობის №3 სამუსიკო სკოლა, პედაგოგი – ირინე ბერაძე), ბარბარე ნემსიწვერიძე (ბათუმის რ. ლაღიძის სამუსიკო სკოლა, პედაგოგი – მარინა დადიანი).
ამ მიმართულებით, მომზადების დაბალი დონიდან გამომდინარე, პირველი ადგილი არ გაიცა არცერთ მონაწილეზე.

– მიუხედავად იმისა, რომ კონკურსფესტივალის ჩატარებაზე ინფორმაცია გვიან დაეგზავნათ სამუსიკო სკოლებს (რადგან პროექტის გამარჯვებულად გამოვლენა დაემთხვა არდადეგებს და სექტემბრიდან კონკურსის დაწყებამდე ძალიან მცირე დრო იყო დარჩენილი) იმ სერიოზული პროგრამული პირობების შესასრულებლად, რასაც ჩვენ ვითხოვდით დებულებით, ვგულისხმობ, მოთხოვნას, რომ აუცილებლად უნდა შესრულებულიყო პოლიფონია ბახის რეპერტუარიდან, სონატური ფორმა – აუცილებლად კლასიკური სონატა, ვირტუოზული პიესა, ან ეტიუდი და კანტილენა, საორკესტრო მიმართულებით, მოთხოვნაში იყო თავისუფალი პროგრამა და ამ მხრივ ნაკლები პრობლემა იყო დროის თვალსაზრისით. ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი ამ კონკურსფესტივალისა სხვა დანარჩენებისგან იყო ის, რომ მასში მონაწილეობა შეეძლოთ მხოლოდ წინა წლების კონკურსებში საპრიზო ადგილების მფლობელ ბავშვებს. გვქონდა სრული აკადემიური პროგრამა და განსაკუთრებულად, კანტილენის სტილის ნაწარმოების მოთხოვნა. მიუხედავად დროის სიმცირისა, პროექტში ჩაერთო 13 სამუსიკო სკოლა და 50 ბავშვი. ჟიურისთის კონფინდენციალური იყო ინფორმაცია თითოეული შემსრულებლის შესახებ, მათ იცოდნენ მხოლოდ ამ ბავშვების სახელები, გვარები და ასაკობრივი კატეგორია შესაბამისი პროგრამით. არც მათი პედაგოგები იცოდნენ, არც სამუსიკო სკოლა და არც მათი წარმატებების შესახებ ჰქონდათ ინფორმაცია. ძალიან პოპულარულ და წარმატებულ ბავშვებს კი ცნობდნენ ფიზიკურად, მაგრამ შეფასებები გაკეთდა მხოლოდ იმ კონკურსზე შესრულების ხარისხიდან გამომდინარე და არა მათი პოპულარობის გათვალისწინებით. ჟიური იყო ძალიან ობიექტური და ეს აისახა კიდეც შედეგებზე. „გრანდ ტალანტი“ მიენიჭა მხოლოდ ერთ შემსრულებელს: ნინი სანოძეს ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებლიდან. როგორც ჟიურიმ აღნიშნა, ეს იყო ძალიან საინტერესო, ახალი მიდგომების მქონე კონკურსფესტივალი, რომელსაც უნდა ჰქონდეს გაგრძელება და გახდეს კიდევ უფრო მასშტაბური, – გვითხრა „გრანდ ტალანტის“ პროექტის ავტორმა და ორგანიზატორმა, ზ. ფალიაშვილის სამუსიკო სკოლის ფორტეპიანოს კლასის პედაგოგმა ლეილა სეფერთელაძემ.

– ძალიან მოხარული ვარ, რომ ვესწრები ამ არაჩვეულებრივ საღამოს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ლეილა სეფერთელაძეს მოწვევისთვის, რომ ჩათვალა საჭიროდ, ჟიურიში ერთ-ერთი წევრი უცხოეთიდანაც ყოფილიყო. ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის ეს ფაქტი, რადგან მე ბათუმში ვარ დაბადებული და გაზრდილი. ჩემი პირველი ნაბიჯები მუსიკაში აქ გადავდგი. 18 წელია, რაც უცხოეთში, კერძოდ, მიუნჰენში ვმოღვაწეობ, მეც და ჩემს მოსწავლეებსაც ძალიან ბევრ კონკურსფესტივალში გვაქვს მიღებული მონაწილეობა, ვართ არაერთი გრან პრისა და სხვა საპრიზო ადგილების მფლობელები, მაგრამ მსგავსი ფორმატის კონკურსი ჯერ არსად შემხვედრია. აქ თითოეული მონაწილე უკვე გამარჯვებულია და სხვა მასშტაბებზე, სხვა დონეზეა საუბარი. ძალიან ძლიერი მონაწილეები გვყავდა და აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო მთელ მსოფლიოში ცნობილია ნიჭიერი მუსიკოსებით. ამ ახალგაზრდებს სასწაულად კარგი პედაგოგები ჰყავთ, მათ ძალიან დიდი შრომა აქვთ გაწეული და მინდა ყველას ძალიან დიდი წარმატება ვუსურვო. იმედი მაქვს, ეს კონკურსი უფრო მეტ მხარდაჭერას მიიღებს მომავალში, – გვითხრა ლია ბიბილეიშვილმა.

– ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვიმყოფები ამ ულამაზეს მხარეში, აჭარაში, ვარ მომსწრე იმ ფაქტისა, რომ დაარსდა, მართლაც, ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსფესტივალი. ზოგადად, საქართველოში განებივრებულები ვართ ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდით და ვფიქრობ, ასეთ ნიჭს მოფრთხილება, მოფერება და ხელშეწყობა სჭირდება, რასაც ეს ფესტივალი ემსახურება. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ ლეილას ამ არაჩვეულებრივი ორგანიზებისთვის, მადლობა ყველას, ვინც ჩართული იყო ამ ღირსშესანიშნავ პროექტში, წარმატებები ფესტივალს! – გვითხრა მერი ჟვანიამ.

– მინდა ყველას მივულოცო ამ შესანიშანვი კონკურსის დაბადება. საქართველოში ბევრი ფესტივალი გვაქვს, მაგრამ ეს არის განსაკუთრებული თავისი ფორმატით და სტრუქტურით. ეს ფესტივალი კიდევ ერთი საშუალებაა იმისთვის, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა სრულად გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები. უღრმესი მადლობა მთელ გუნდს, მადლობა არაჩვეულებრივი ორგანიზებისთვის, მადლობა კულტურის სამინისტროს, ქალბატონ ელისო ბოლქვაძეს, რომელმაც მწვანე შუქი მისცა ამ კონკურსფესტივალს. იმედი გვაქვს, რომ იგი კიდევ უფრო გაფართოვდება და უფრო დიდ მასშტაბებს შეიძენს. ჩვენს ახალგაზრდა მონაწილეებს თავდაუზოგავ შრომას ვუსურვებ, რათა კიდევ უფრო დიდ შედეგებს მიაღწიონ მომავალში, – გვითხრა ნინო ქათამაძემ.

– არ ველოდი, გრან პრის მფლობელი თუ გავხდებოდი, ძალიან გახარებული ვარ. დიდი მადლობა ჟიურის წევრებს და ამ ფესტივალს, რომ ასეთი წარმატება მხვდა წილად და დიდი გამოცდილება მივიღე. ვფიქრობ, ასეთი სახის ფესტივალები ძალიან საჭიროა, რომ უფრო მეტად განვვითარდეთ და მეტი გამოცდილება მივიღოთ, – გვითხრა ნინი სანოძემ.

მარიამ ხითარიშვილი

  • No Comments
  • ნოემბერი 26, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *