ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავების საკითხები განიხილეს
საქართველოსა და კვიპროსს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და კვიპროსის პრეზიდენტის მოადგილემ, მინისტრმა სანაოსნო საკითხებში მარინა ჰაჯიმანოლისმა. შეხვედრა ლონდონში, გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ასამბლეის ფარგლებში გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
,,მხარეებმა იმსჯელეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში მჭიდრო პარტნიორობაზე, მათ შორის, საზღვაო უსაფრთხოების, გაციფრულების, პორტების მოდერნიზაციისა და გარემოსდაცვითი სტანდარტების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მეზღვაურთა დასაქმების საკითხებს, ასევე, მათ განათლებას, წვრთნასა და სერტიფიცირებას და ამ სფეროში თანამშრომლობას. საუბარი წარიმართა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაფართოებაზე მეზღვაურთა ტრენინგისა და სერტიფიცირების მიმართულებით. აღინიშნა, რომ საზღვაო ტრანსპორტის სფეროში საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ევრორეგულაციების 100% აქვს დანერგილი. შეხვედრისას ხაზი გაესვა ქართველი ოფიცრებისა და მეზღვაურების მაღალ, მათ შორის, ტექნიკურ კომპეტენციას, სანდოობასა და STCW-ის სრულ შესაბამისობას. აღინიშნა, რომ კვიპროსის დროშით მცურავ გემებზე უკვე მსახურობენ საქართველოს მაღალკვალიფიციური მეზღვაურები. ქართულმა მხარემ კვიპროსის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა გემთმფლობელთა მხრიდან ქართველი მეზღვაურების დასაქმების და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში გამოჩენილი განსაკუთრებული ინტერესისთვის“, – ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, საზღვაო სფეროში კადრების განვითარება კიდევ ერთი საკითხია, რომელზეც ორი ქვეყნის მინისტრებმა ისაუბრეს. როგორც შეხვედრისას ქართულმა მხარემ აღნიშნა, საქართველო კვიპროსთან თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების დიდ პოტენციალს ხედავს მეზღვაურთა განათლების, სერტიფიცირების და კადეტების დასაქმების, ასევე, კვიპროსულ საგანმანათლებლო ინსტიტუტებსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას შორის კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების კუთხით. შეხვედრისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რეგიონული საზღვაო თანამშრომლობის საკითხზე, კერძოდ, შავი ზღვისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონებს შორის ნავიგაციის უსაფრთხოებისა და საზღვაო რისკების მართვის გაძლიერების მიმართულებით.
„მარიამ ქვრივიშვილმა და მარინა ჰაჯიმანოლისმა, ასევე, ისაუბრეს IMO-სთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების საკითხებზე, მათ შორის კომიტეტებსა და სამუშაო ჯგუფებში კოორდინაციის გაძლიერების, ნავიგაციის უსაფრთხოების, გაციფრულებისა და IMO-ს ინსტრუმენტების ეფექტიანად განხორციელების კუთხით. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია საზღვაო გაციფრულების მხრივ გამოცდილების გაზიარება Maritime Single Window-ისა და Port Community System-ის დანერგვის პროცესში. მინისტრებმა, ასევე, ყურადღება გაამახვილეს პორტების მოდერნიზაციისა და გარემოსდაცვითი სტანდარტების საკითხზე, რაც მოიცავს თანამედროვე საოპერაციო მოდელების დანერგვას, უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაძლიერებას“, – ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ 2026 წლიდან კვიპროსი ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იქნება.