ნათია თურნავა: ინფლაციის ზრდას, ძირითადად, სურსათის ინფლაცია განაპირობებს
By

ნათია თურნავა: ინფლაციის ზრდას, ძირითადად, სურსათის ინფლაცია განაპირობებს

უახლოეს ხანებში ველოდებით, რომ ინფლაცია ჩამოვა ქვევით. შესაბამისად, იმედი გვაქვს, არ მოგვიწევს რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა და პირიქით, არის მიჯნა, რომ 7%-მდე დავუახლოვებთ რეფინანსირების განაკვეთს, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე, 2026-2028 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის წარდგენისას.

„ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ სწორი ბალანსი დავიცვათ საპროცენტო განაკვეთსა და ინფლაციას შორის, თუმცა ინფლაციაა მთავარი საზრუნავი და ფასების დონე. ამ ეტაპზე, ჩვენი მოლოდინი ცენტრალური სცენარის მიხედვით არის სწორედ ეს, წლევანდელი წელი – 4%-ის ირგვლივ, მომავალ წელს დაიწყებს მიახლოებას 3%-თან“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2026-2028 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი წარადგინა. პროექტში მოცემულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის დონე, მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად გამოყენებული მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები და მიმოხილულია არსებული მაკროეკონომიკური გარემო და რისკები.

ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა წლიური ინფლაციის შედარებით გაზრდილ მაჩვენებელსა და განმაპირობებელ ფაქტორებზე. მან ხაზი გაუსვა, რომ მიზნობრივ, 3- პროცენტიან მაჩვენებელთან შედარებით, ინფლაციის ზრდას, ძირითადად, სურსათის ინფლაცია განაპირობებს, რაც ნაწილობრივ წინა წლის დაბალი საბაზო ეფექტისა და ეგზოგენური ფაქტორების ასახვაა, ხოლო სურსათის გამორიცხვით, ინფლაციის მაჩვენებელი და ამავდროულად შედარებით ხისტი ფასების საზომები, რომლებიც კარგად ასახავს გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს, მიზნობრივ დონესთან ახლოს ნარჩუნდება.

 

  • No Comments
  • ნოემბერი 25, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *