გურამ მაჭარაშვილი: საქართველოს ვერც ერთი სხვა ქვეყანა ვერ შეედრებოდა
By

გურამ მაჭარაშვილი: საქართველოს ვერც ერთი სხვა ქვეყანა ვერ შეედრებოდა

მარკ რუტემ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველო წლებია, მზადაა ნატოში გასაწევრიანებლად. ახლა საუბრობს, თუ სურვილი აქვთ, იმეცადინონო, როცა გვითხრეს, თქვენ ძალიან კარგად ხართ მომზადებულიო?! მაშინ ამოვუღებთ ამ ვიდეოებს და ვაჩვენებთ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, საქართველო ისეთი მასშტაბებით და ხარისხით მონაწილეობდა ნატოს სამშვიდობო მისიებში, რომ ვერც ერთი სხვა ქვეყანა ვერ შეედრებოდა.

„როცა გენერალურ მდივანს არ აქვს მკაფიო პასუხი, მაშინ ასეთ ძალიან ზოგად და, შეიძლება ითქვას, შეურაცხმყოფელ პასუხებს სცემენ ხოლმე. მან ძალიან კარგად იცის, და არა მარტო მან ნატოში, მათივე ინსტიტუტების შეფასებით, რომ საქართველო წლებია, მზადაა, ნატოში გასაწევრიანებლად. ნატოს გენერალურმა მდივანმა ძალიან კარგად იცის, რომ ქართველი ჯარისკაცები ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად, გამოირჩეოდნენ (სიმამაცით იქნებოდა ეს, თუ პროცენტული მონაწილეობით) საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში. ეს ნატოს აღიარებაა პირდაპირ. არაწევრი ქვეყანა, საქართველო, ისეთი მასშტაბებით და ხარისხით მონაწილეობდა ნატოს ჯარებში, სამშვიდობო მისიებში, რომ ვერც ერთი სხვა ქვეყანა ვერ შეედრებოდა, მათ შორის, ნატოს წევრი ქვეყნები. ახლა საუბრობს იმაზე, რომ თუ სურვილი აქვთ იმეცადინონ და ა.შ. როცა გვითხრეს თქვენ ძალიან კარგად ხართ მომზადებულიო?! მაშინ ამოვუღებთ ამ ვიდეოებს და ვაჩვენებთ, როცა თავად ამბობენ, რომ საქართველო მზადაა (ნატოში გასაწევრიანებლად). უბრალოდ, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის: ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მიამიტი არ არის.

 

  • No Comments
  • ნოემბერი 25, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *