საქართველოში პირველად – განათლების სამინისტრო ახალ გამოცდას აამოქმედებს
საქართველოში 2025 წელს, სახელმწიფო ენის გამოცდა პირველად ჩატარდება – შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო. როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გამოცდისთვის რეგისტრაცია დღეს, 24 ნოემბერს დაიწყოდა 1-ელ დეკემბერს დასრულდება.
მინისტრის თქმით, სახელმწიფო ენის გამოცდის სისტემას მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა უკვე იყენებს. მისი შედეგებით გაიცემა ოფიციალური სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს ენის ფლობის დონეს. მიქანაძის განმარტებით, ასეთი სერტიფიკატი განსაკუთრებით საჭირო იქნება უცხოელი სტუდენტებისთვის, საჯარო სექტორში დასაქმების უფლების მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის და ბიზნესსექტორში დასაქმებული არაქართულენოვანი კადრებისთვის.
მიქანაძის განცხადებით, გამოცდის ამოქმედება მნიშვნელოვან ნაბიჯად განიხილება ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის, სტატუსის განმტკიცებისთვის და მისი გამოყენების არეალის გაფართოებისთვის. სახელმწიფო ენის სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უკვე მოამზადა საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებული ტესტირება, რომელიც წელიწადში რამდენჯერმე ჩატარდება და ოთხივე კომპეტენციას – მოსმენას, კითხვას, წერას და ლაპარაკს შეამოწმებს.
პირველ ეტაპზე მოქალაქეები ორი სახის ტესტირებას გაივლიან: ერთ-ერთი A1 და A2 დონეებს განსაზღვრავს, მეორე B1 და B2 დონეებს. საბოლოო დონე აპლიკანტის მიერ დაგროვებული ქულებით განისაზღვრება.
მინისტრის განცხადებით, 2030 წლიდან იგეგმება ენის ფლობის უფრო მაღალი C1 და C2 დონეების დამადასტურებელი გამოცდების დანერგვაც.
ქართული ენის გამოცდაზე რეგისტრაცია მხოლოდ ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ონლაინ პლატფორმაზე – online.naec.ge – განხორციელდება.
მხედველობადაქვეითებული და უსინათლო პირებისთვის დადგენილია სპეციალური პირობები: ბრაილის სისტემით შესრულებული ტესტი ან ადაპტირებული ელექტრონული პროგრამა.
ენის ფლობის დონის დამადასტურებელ დოკუმენტს სახელმწიფო ენის დეპარტამენტი გასცემს. საგამოცდო ტესტების მომზადება რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. ქვეყნის მასშტაბით წინასწარ გამოიცადა კომპეტენციების შესამოწმებელი ამოცანები, შედეგები ფსიქომეტრიული ანალიზით შეფასდა და მიღებული მონაცემების საფუძველზე ჩამოყალიბდა ტესტურ დავალებათა ბანკი და საბოლოო ტესტის ფორმატი.