სტრასბურგში, საქართველოს  ოკუპირებულ რეგიონებზე ახალი ანგარიში განიხილეს
By

სტრასბურგში, საქართველოს  ოკუპირებულ რეგიონებზე ახალი ანგარიში განიხილეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  2025 წლის 18 ნოემბერს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების სხდომაზე  განხილულ იქნა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 32-ე კონსოლიდირებული ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“, რომელშიც  საქართველოს სახელით  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ მიიღო მონაწილეობა.
გავრცელებული ცნობით, გენერალური მდივნის ანგარიში წარმოადგენს ორმაგად წლიურ დოკუმენტს, რომელიც ასახავს 2025 წლის აპრილიდან სექტემბრამდე პერიოდში რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებას. ანგარიშში დეტალურად არის აღწერილი უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული გამოწვევები, მათ შორის, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განვითარებული უახლესი პროცესები.

32-ე კონსოლიდირებული ანგარიში მინისტრთა კომიტეტს წარუდგინა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალან ბერსემ. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროპის საბჭოს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორგანიზაცია გააგრძელებს მუშაობას არსებული მანდატის ფარგლებში, მათ შორის, კონსოლიდირებული ანგარიშების რეგულარული მიღების პრაქტიკის შენარჩუნებით.

სხდომის მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოვიდა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიაც. მან მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანსა და მინისტრთა კომიტეტს საკითხის მუდმივი ყურადღებისთვის და აღნიშნა, რომ ანგარიშის მიღება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა ევროპის საბჭოს დღის წესრიგში პრიორიტეტად რჩება.

დარსალიამ დეტალურად წარადგინა ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებაზე – რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევებზე, საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციულ ქმედებებზე და ადგილზე ადამიანთა უფლებების მძიმე მდგომარეობაზე.
მისი თქმით, განსაკუთრებით შეშფოთებას იწვევს უკანასკნელ პერიოდში დაფიქსირებული უკანონო ქმედებები, რომლებიც კიდევ უფრო ართულებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების ყოფას.

მინისტრის მოადგილემ ასევე, ყურადღება გაამახვილა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებსა და უბნებში დაბრუნების უფლებაზე, რაც საქართველოსთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხად რჩება.
დარსალიამ აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მკაფიოდ ადასტურებს რუსეთის ფედერაციის პირდაპირ პასუხისმგებლობას ოკუპაციასა და ეფექტურ კონტროლზე და ხაზი გაუსვა ამ გადაწყვეტილებების სრულად აღსრულების აუცილებლობას.

სიტყვით გამოსვლაში განხილული იყო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობაც, მათ შორის, ბოლო –  65-ე რაუნდის შედეგები. დარსალიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს მთავრობის ურყევ ერთგულებას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი.

ინფორმაციის  დასასრულს, საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ მიესალმება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 32-ე კონსოლიდირებულ ანგარიშს და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საკითხის სისტემურ განხილვას ევროპის საბჭოს ფარგლებში, როგორც საერთაშორისო პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერას.

  • No Comments
  • ნოემბერი 19, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *