ბათუმის გუნდმა ყინულის ჰოკეიში ვერცხლის მედალი მოიპოვა
By

ბათუმის გუნდმა ყინულის ჰოკეიში ვერცხლის მედალი მოიპოვა

ბათუმის სპორტულ ცენტრში „ბათუმის თასი 2025“ – ყინულის ჰოკეის ღია ჩემპიონატი გაიმართა, რომელმაც სტარტი 31 ოქტომბერს აიღო და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდა. ყინულის ჰოკეის საერთაშორისო შეჯიბრებაში თურქეთის, სომხეთის, ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის გუნდები მონაწილეობდნენ. ბათუმის გუნდის ანგარიშზე ორი გამარჯვებაა, მიუხედავად იმისა, რომ ახალშექმნილი გუნდია. ტურნირის პირველ დღეს ბათუმის გუნდმა თურქეთის გუნდს პენალტების სერიაში აჯობა, ანგარიშით – 3:2, შეჯიბრების ბოლო დღეს კი თურქეთის გუნდი ანგარიშით – 4:3 კვლავ დაამარცხა.
ოქროს მედალი ქუთაისის გუნდს გადაეცა, მესამე ადგილი კი თურქეთის გუნდს ერგო.

შეჯიბრება მიზნად ისახავს ყინულის ჰოკეის პოპულარიზაციას და ბავშვთა გუნდების განვითარებას. ბათუმის გუნდს წლის ბოლომდე კიდევ მოუწევს შეჯიბრებებში მონაწილეობა.

– ბათუმის ღია ჩემპიონატი ყინულის ჰოკეიში ქალაქ ბათუმის მერიის ფინანსური მხარდაჭერით და ბათუმის სპორტული ცენტრის ინიციატივით ტარდება. აღნიშნული სახის ღონისძიებებს ყოველწლიურად ვატარებთ. წელს საქართველოდან ტურნირში მონაწილეობას იღებდა ბათუმის ორი გუნდი, ქუთაისისა და თბილისის გუნდები, უცხოეთიდან კი ჩამოსულები იყვნენ – სომხეთის რესპუბლიკიდან ერევნის გუნდი, თურქეთიდან კი ერზრუმის გუნდი. 2 ნოემბერს ფინალური ეტაპი გაიმართა. პირველი ადგილი ქუთაისის გუნდმა დაიკავა, მეორე – ბათუმმა, მესამეზე კი თურქეთის გუნდი გავიდა. მსგავსი ტურნირები მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებისთვის და სპორტის პოპულარიზაციისთვის, მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა სპორტის ეს სახეობა ჩვენს ქვეყანაში ნაკლებად განვითარებულია და სწორედ ახლა ხდება მისი განვითარება. შეჯიბრი 14 წლამდე ასაკის სპორტსმენებში ტარდებოდა. წლის განმავლობაში ბათუმის სპორტული ცენტრი კიდევ გეგმავს ღია ჩემპიონატს. დაგეგმილია საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობაც, რომელიც საზღვარგარეთ გაიმართება. ბათუმის სპორტული ცენტრი, ბათუმის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, ჩვენს გუნდს გაიყვანს თურქეთში საერთაშორისო ღონისძიებაზე, – გვითხრა ბათუმის სპორტული ცენტრის დირექტორის მოადგილე ბოჩია ზარანდიამ.

– „ბათუმის თასი 2025“ ახალ არენაზე წელს პირველად გაიმართა. ეს ტურნირი ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი გუნდი ახალშექმნილია და მათ მსგავსი სახის გამოცდილება ნამდვილად სჭირდებათ. ასეთი ტურნირები მნიშვნელოვანია ყინულის ჰოკეის პოპულარიზაციისთვის. აღსანიშნავია, რომ თურქეთს შერეული გუნდი ჰყავდა, მათი გოგონებიც შესანიშნავად თამაშობდნენ, საკმაოდ ძლიერი და შეთამაშებული გუნდი იყო. მიუხედავად ამისა, მაინც მოვახერხეთ და ისინი ორჯერ დავამარცხეთ, რაც სასიხარულოა. წლის ბოლომდე კიდევ გველის შეჯიბრებები და იმედია, გავიმარჯვებთ, – გვითხრა ბათუმის გუნდის მწვრთნელმა ვანო ჯანჯალაშვილმა.

– ჩვენმა გუნდმა ვერცხლის მედალი მოიპოვა და ძალიან გახარებული ვარ. თურქეთის გუნდი ორჯერ დავამარცხეთ. გუნდში ძალიან ნიჭიერი ბავშვები გვყავს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ დამწყები ვარ, მწვრთნელმა მომცა შანსი და ცოტა ხნით მეც შემიშვა ყინულზე. ჩემთვის ეს პირველი და კარგი გამოცდილება იყო. ცოტათი გაგვიჭირდა თურქებთან თამაში, მაგრამ მოგება მაინც მოვახერხეთ, – გვითხრა ბათუმის გუნდის ახალბედა მონაწილე დათა მიქელაძემ.

მარიამ ხითარიშვილი

 

  • No Comments
  • ნოემბერი 3, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *