ლევან კიკალიშვილი – ევროპის ჩემპიონი ბილიარდში
By

ლევან კიკალიშვილი – ევროპის ჩემპიონი ბილიარდში

14 წლის ბათუმელი მობილიარდე ლევან კიკალიშვილი, ქართული ბილიარდის ისტორიაში პირველად, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია. მან მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში გამართულ ევროპის იუნიორთა ჩემპიონატზე თავისუფალ პირამიდაში ფინალურ შეხვედრაში უკრაინელი მატვეი ბინდასოვი ანგარიშით 6:4 დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.
ეს ევროპის იუნიორთა ჩემპიონატში ქართველი მობილიარდის მონაწილეობის პირველი პრეცედენტია და სასიხარულოა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი შედეგით დასრულდა.

როგორც აჭარის ბილიარდის ფედერაციის პრაზიდეტმა თემურ კახიძემ გვითხრა, ლევანი 14 წლისაა, ბილიარდს სამი წელზე მეტია თამაშობს, რომელიც თავიდან ბაბუამ, სერგო კიკალიშვილმა შეასწავლა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მისი პირველი მწვრთნელი სწორედ ბაბუა იყო. შემდეგ, როცა ლევანმა თამაშს მოუმატა, კლუბ „პირამიდაში“ გადაიყვანეს და აჭარის წამყვან მობილიარდეებთან ერთად, მათი ხელმძღვანელობითა და სპარინგით, გძელდებოდა მისი თამაშის სრულყოფა. მან მონაწილეობა მიიღო ადგილობრივ ტურნირებში და გაიმარჯვა კიდეც. ლევანი უფროს მობილიარდეებს საქართველოს ჩემპიონატებზე დაჰყავდათ, სადაც საკმაო გამოცდილება დააგროვა. ფედერაციის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, მას მონაწილეობა მიეღო ევროპის ჩემპიონატში ახალგაზრდებს შორის.

– კიშინიოვში საკმაოდ დაძაბული ჩემპიონატი იყო, ძლიერი მოთამაშეები ჰყავდათ უკრაინას, მოლდოვას. . . საქართველოდან ამ ჩემპიონატზე მხოლოდ ლევანი თამაშობდა, რადგანაც მის ასაკში, ამ დონის ტურნირები რომ იასპარეზოს, ასეთი სპორტსმენი არ გვყავს. აღსანიშნავია, რომ ლევანი საკმაოდ კარგად თამაშობს სხვა სახეობასაც – პულსაც. ის მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ჩემპიონატში 18 -წლამდელთა შორის, რომელიც დეკემბერში გაიმართება. ლევანთან ერთად კიდევ ერთი ბათუმელი – ალექსანდრე სოლომონიძე იასპარეზებს და ორივესგან კარგ შედეგს ველოდებით, – გვითხრა თერმურ კახიძემ.

 

 მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • ნოემბერი 3, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *