3 ნოემბერს იწურება ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადა
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს ახსენებს, რომ 3 ნოემბერს იწურება, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა.
ინფორმაციას ამის შესახებ შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყებაში განმარტავენ: „მოქმედი კანონმდებლობით არანაირი ცვლილება დასაბეგრი ქონების წლიური დეკლარაციის წარდგენისა და ადმინისტრირების ნაწილში არ განხორციელებულა. შესაბამისად, ქონების გადასახადის, მათ შორის მიწის გადამხდელი ფიზიკური პირები ვალდებული არიან, 2025 წლის წლიური დეკლარაცია წარმოადგინონ 2024 წელს მიღებული შემოსავლების მიხედვით და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი 17 ნოემბრის ჩათვლით,“ – ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, უწყება განმარტავს, რომ დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება არ წარმოეშობა იმ პირებს, რომლებმაც გასულ საგადასახადო წელს უკვე წარადგინეს დეკლარაცია და მონაცემები არ შეუცვლიათ.
ასეთ შემთხვევაში, სისტემა ავტომატურად დაარეგისტრირებს წინა წლის ინფორმაციას.