
ერთმანეთის კრიტიკიდან – ურთიერთთანამშრომლობამდე
პოლიტიკურ ველზე ხშირად ვხვდებით ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს და შემდეგ ამ განცხადების ავტორების ურთიერთშეთანხმებას.
წარსულში ერთმანეთის კრიტიკოსები, მიმდინარე კვირაში, წინასაარჩევნოდ, პოლიტიკური პარტნიორები გახდნენ. კოალიცია „ლელო – ძლიერმა საქართველომ“ და პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“, რომლებიც ერთმანეთს რიგ შემთხვევებში უშვერი სიტყვებითაც მოიხსენიებდნენ, 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს. ორი პოლიტიკური ძალა შეთანხმდა, რომ არ იქნებიან ერთმანეთის კონკურენტები, მთავარი მიზანი კი საერთო ბრძოლა და კოორდინაციაა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, მათივე განცხადებით, ეს იყო საზოგადოების დაკვეთა.
ორივე მხარე ღიად აცხადებს, რომ მზადაა კომპრომისისთვის, ამასთან სხვა პარტიებს სთავაზობენ, რომ არჩევნებზე, როგორც „ქართული ოცნების“ მთავრობასთან პოლიტიკური ბრძოლის მექანიზმზე, უარი არ თქვან.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს პარტიიდან -„გახარია საქართველოსთვის“ ბერდია სიჭინავამ და „ლელოდან“ – ირაკლი კუპრაძემ. რადგან მამუკა ხაზარაძე ციხეშია, ხოლო გიორგი გახარია უცხოეთში იმყოფება.
„ეს არ არის სტანდარტული არჩევნები. შესაბამისად, ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ ურთიერთკონკურენცია. დღეს ჩვენ შევთანხმდით თანამშრომლობის საწყის პრინციპებზე. ვაცხადებთ უკომპრომისო ბრძოლას რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და გვაქვს საქართველოს მოქალაქეების იმედი“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ მედიასთან საუბრისას.
აღნიშნულ შეთანხმებას მძაფრი რეაქცია მოჰყვა ბოიკოტის მომხრე ოპოზიციური პარტიებისგან.
„მათი ამ შეცდომაში გაჯიუტება არის ძალიან სამარცხვინო ქმედება. თავადაც ძალიან კარგად იციან, რომ არანაირ ბრძოლაში შესვლა ეს არ არის. მშვენივრად იციან – როდესაც ორი ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტია, სხვა პარტიებთან ერთად, პრინციპულად არ აპირებს ამ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობას, თვითონ მიდიან ივანიშვილის მიერ გადმოგდებული მეორე ადგილის დასაკავებლად მხოლოდ იმიტომ, რომ მათმა რამდენიმე წარმომადგენელმა ხელფასი მიიღოს თბილისის
თუ სხვა ქალაქების საკრებულოებში. ეს არის ნამდვილად სირცხვილი,“ -აღნიშნა მედიასთან საუბარისას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ.
ყოფილი მოკავშირეების კრიტიკას არ პასუხობენ და დუმილს არჩევენ უკვე გაერთიანებული მხარეები.
„ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი კოლეგების განსხვავებულ პოზიციებს სხვადასხვა სტრატეგიასთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვპასუხობთ არანაირ ბრალდებას და არ შევდივართ კინკლაობაში, რადგან 4 ოქტომბრის შემდეგაც ჩვენ უნდა ვისაუბროთ ერთობაზე“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
ახლო წარსული რომ გავიხსენოთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ მამუკა ხაზარაძის დამოკიდებულება გიორგი გახარიასადმი. არქივი და მეხსიერება „ლელოს“ დამფუძნებლის არაერთ კრიტიკას თუ უარყოფით შეფასებას ინახავს.
„რჩები პარლამენტში?! – ხარ ბიძინას რუსული პროექტი!“, – წერდა მამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიას გუნდზე მაშინ, როდესაც პარლამენტში ოპოზიციიდან მხოლოდ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ 12 დეპუტატი დარჩა და მანდატები არ ჩახსნა.
მამუკა ხაზარაძეს რამდენიმე ხნის წინ არც გიორგი გახარიას ოპოზიციონერობის სჯეროდა, თუმცა როგორც გამოჩნდა, პოზიციები შეცვლილია და წარსულში გაჟღერებულ სიტყვებს აზრი ეკარგება.
ხაზარაძის ადრე გაკეთებული განცხადებები გახარიას მიმართ არ ავიწყდებათ არც ოპოზიციურ სპექრტში.
„რუსულ პროექტთან „ლელო“ დღეს მემორანდუმს აფორმებს რეჟიმის სტატუს-კვოს ერთობლივ დაკანონებაზე. ადამიანთა მოდგმის შეურაცხყოფად მიმაჩნია თითოეული მათგანი. სამი-ოთხი თვის წინ გახარია რუსული პროექტი, ანუ საქართველოს მტერი იყო. ამას ხაზარაძე აბრალებდა იმიტომ, რომ ეშინოდა, გახარია არ გამხდარიყო „მთავარი ოპიზიცია“ პარლამენტში შესვლით. აი, ასე იდგა და რუსი ხარო ეუბნებოდა, რადგან სიებს არ ხსნიო. ახლა ეს „რუსი“ იმას აკეთებს, რაც ხაზარაძის ეგოს ემსახურება და ამიტომ „მოსულა“, – წერს „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
მემორანდუმის ხელმოწერიდან მალევე მამუკა ხაზარაძემ ციხიდან წერილი გამოაგზავნა და კიდევ ერთხელ მიესალმა აღნიშნულ შეთანხმებას, თუმცა „მეგობარი“ ოპონენტების კრიტიკაზე აღარ უსაუბრია.
„მივესალმები „ლელო – ძლიერი საქართველოსა“ და გახარიას გუნდებს შორის ერთობლივი მემორანდუმის გაფორმებას. 3 თვეში გარდამტეხი ბრძოლა გველოდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, არ დავტოვოთ ოპოზიციური ამომრჩეველი არჩევნების გარეშე და ხელი არ შევუწყოთ იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უპრობლემოდ დაისაკუთროს ყველა ქალაქისა თუ რეგიონის ადგილობრივი წარმომადგენლობა, რადგან სწორედ ეს იქნება ჩვენთვის მნიშვნელოვანი საყრდენი და პლაცდარმი საბოლოო გამარჯვებისთვის“, – წერს ხაზარაძე.
აღნიშნულ საკითხს ეხმაურებიან მმართველ პარტიაში და აღნიშნავენ, რომ ეს ალიანსი არაფერს ცვლის და მათ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების არავითარი შანსი არ აქვთ.
„რადიკალები და აგენტები, საკუთარი ქვეყნის სიძულვილში რომ ერთიანდებიან, ეს ახალი არ არის. „ლელოს“ და გახარიას ილუზორული წარმოდგენა აქვთ, რომ უმდაბლესი რეიტინგის ფონზე, სადმე „ქართული ოცნების“ რაიმე ფორმით დამარცხებას შეძლებენ. მათ მემორანდუმი არ უშველით“, – აცხადებს „ქართული ოცნების“ წევრი დავით მათიკაშვილი.
არჩევნების მოსაგებად ბრძოლა უკვე აქტიურ ფაზაშია. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. ოპოზიციიდან კი კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველო“, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“.
არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ოფიციალურად განაცხადეს შემდეგმა პარტიებმა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „ახალი“, „თავისუფლების მოედანი“, „ევროპული საქართველო“, „ფედერალისტები“, „დროა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“.
თამარ ლამპარაძე