19 C ბათუმი
Wednesday 9th July 2025
„შეიძლება ნაპირზე დელფინები გამოირიყოს“
By

„შეიძლება ნაპირზე დელფინები გამოირიყოს“

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების” თავმჯდომარის ნინო ჩხობაძის განცხადებით, მთელ შავ ზღვაზე მაზუთი გაიშალა, რის შედეგადაც, შესაძლოა, ნაპირზე დელფინები გამოირიყოს.

როგორც ცნობილია, ორი რუსული ნავთობტანკერი 2024 წლის 15 დეკემბერს, შტორმის დროს ქერჩის სრუტეში ჩაიძირა. გემებზე არსებული 9000 ტონაზე მეტი მაზუთიდან, სულ მცირე, 4000 ტონა მაზუთმა შავ ზღვაში გაჟონა. ეკოლოგის თქმით, ივლისის პერიოდიდან დაბინძურება სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით ცირკულირებს, შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩვენს მხარეს გავრცელდეს. თუმცა, ის არ გამორიცხავს, რომ შავი ზღვის ზედაპირზე მოდებულმა მაზუთის ლაქებმა გამოიწვიოს დელფინების გამორიყვა.

„რადგან ეს ფაქტი ზამთრის პერიოდში მოხდა და დაბინძურებამ ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადაინაცვლა (დაბინძურება ცირკულარულად მოძრაობს), ჩვენ მაშინვე ვამბობდით, რომ შეეხებოდა საქართველოს, კერძოდ, აფხაზეთის სანაპიროს. ახლა უკვე, ივლისის პერიოდიდან აგვისტომდე, ცირკულაცია მიდის სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ, ამიტომ, ნაკლებად არის შესაძლებელი, რომ ეს გავრცელდეს ჩვენს მხარეს. თუმცა, მიუხედავად იმისია, რომ ქერჩში საკმაოდ ინტენსიურად მუშაობდნენ რუსული სამაშველოები და ძალიან ბევრი ამოიღეს, ჩვენ მაინც ბოლომდე არ ვიცით, რა ტიპის და რამდენი ჩაიღვარა. ვიცით ის, რომ 3 ფრაქცია იყო: მაზუთი, თხევადი და დიზელი, მაგრამ მოცულობებზე ზუსტი ინფორმაცია, სამწუხაროდ, არ გვაქვს. ისიც არ ვიცით, საბოლოო ჯამში მოახერხეს თუ არა ბოლომდე ლიკვიდაცია, იმიტომ, რომ გაიშალა და ვერ შევძელით ლაქების დაფიქსირება მთელ შავ ზღვაზე. როგორც ცნობილია, ყველა მონიტორინგის სამსახური, როგორც უკრაინაში, ისე რუმინეთში, მუდმივი დაკვირვების რეჟიმში არიან. მონიტორინგი ჩვენც ჩართული გვაქვს და იმედია, ყველაფერს კარგად დავინახავთ. რაც შეეხება უფრო კონკრეტულ საფრთხეებს, ზოგადად, ეს ლაქა, როგორც აპკი, ისე ედება შავი ზღვის ზედაპირს და ეს არის საშიში ლოკალურ ადგილებზე, თორემ, სხვა მხრივ, შავი ზღვა დიდია და განსაკუთრებული ზემოქმედება არ იქნება. უნდა ველოდოთ, რომ ჩვენს ნაპირებზე შეიძლება დელფინები გამოირიყოს, იმიტომ, რომ ყველაზე მოწყვლადები დელფინები არიან“, – აღნიშნა ეკოლოგმა ნინო ჩხობაძემ.

  • No Comments
  • ივლისი 9, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *