19 C ბათუმი
Monday 7th July 2025
როგორ იქცა შემთხვევითობა ინსპირაციად
By

როგორ იქცა შემთხვევითობა ინსპირაციად

სანდრო ვადაჭკორია ბავშვობიდან ხატავს. თავიდან მულტფილმის პერსონაჟებს ხატავდა, შემდეგ კი თავისი ნამუშევრებით შინაგანი სამყაროს გადმოცემას ცდილობდა. მისთვის ხატვა არასდროს ყოფილა მხოლოდ გართობა, თუმცა არც პროფესიად მიიჩნევს – ეს უფრო მდგომარეობაა, შინაგანი ძახილი, რომელიც მუდმივად უბიძგებს რაღაც ახლის შექმნისკენ. ახალგაზრდა ხელოვანი შთაგონებას ყველგან პოულობს – მუსიკაში, გარემოში, ემოციებსა და ფიქრებში. ქუჩის ხელოვნება მისთვის არა მხოლოდ თვითგამოხატვის საშუალებაა, არამედ პროტესტის ფორმაც – გულახდილი, თუმცა უსახელო. მისთვის ხატვა მნიშვნელოვანი პროცესია, ამიტომ ურჩევნია ხატოს იქ, სადაც არავინ აკვირდება. ხატვის გარდა, ხელნაკეთი ნივთების შექმნაც იტაცებს და ტყავის საფულეებსა თუ სხვადასხვა აქსესუარს ამზადებს. ახალგაზრდა მხატვარი სამყაროსთან კომუნიკაციას ფერებით, ფორმებითა და სიჩუმით ამყარებს. ხატავს არა იმისთვის, რომ მისი ნამუშევრები სხვებს მოაწონოს, არამედ იმიტომ, რომ თავად შეიგრძნოს ამ პროცესით ტკბობა.
– სანდრო, გახსოვთ თქვენი პირველი ნახატი?

 – ბავშვობიდან ვხატავ, როგორც ყველა. უბრალოდ, ამ პროცესმა ძალიან ჩამითრია. მულტფილმის პერსონაჟებს ვხატავდი ბავშვობაში და ალბათ, ეს იქნებოდა ერთ-ერთი პირველი ჩანახატი.

რა გიბიძგებთ ხატვისკენემოცია, გარემო, მუსიკა თუ კონკრეტული ადამიანი?
– სულ მაქვს იმის განწყობა, რომ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას ვხატო რაღაცები. მუსიკა კიდევ ამ ყველაფერს უფრო საინტერესოს ხდის.
როდის მიხვდით, რომ ხელოვნება თქვენთვის უბრალოდ ჰობი აღარ იყო?
– სიმართლე გითხრათ, პროფესიად ვერ აღვიქვამ, ვფიქრობ, ახლაც ჰობია, უბრალოდ, დიდ დროს ვუთმობ ამ ყველაფერს. რაღაცების დაშლა და შექმნა მიყვარს და სულ ამას ვაკეთებ.
რა განსხვავება ქუჩის კედელზე ხატვასა და ქაღალდზე მუშაობას შორის და რომელია უფრო რთული?
– მირჩევნია ჩემთვის ვხატო და არავინ მაკვირდებოდეს. ქუჩაში ხატვის დროს ყურადღების ცენტრში ხარ, ყველას აინტერესებს, რა ხდება, მოდიან, გეკითხებიან უცნაურ რაღაცებს და სიმყუდროვეს გირღვევენ.

რომელია ყველაზე უჩვეულო ადგილი, სადაც ოდესმე დაგიხატავთ?
– შენობის სახურავზე, გვიან ღამით, ოღონდ, არავის უთხრათ (იცინის).
რას ნიშნავს თქვენთვის ქუჩის ხელოვნება, ეს ერთგვარი პროტესტის ფორმაა, თვითგამოხატვა თუ ორივე ერთად?
– ქუჩაში შეგიძლია საინტერესო რაღაცები აკეთო ისე, რომ არავინ იცოდეს ვინ ხარ. დიახ, პროტესტის გამოხატვის საუკეთესო ფორმაა, ცოტა კრეატივი და ხედვა გჭირდება. მთავარია შეარჩიო ისეთი ადგილი, რომელსაც თვალი მარტივად ამჩნევს.
რას გრძნობთ, როცა ხედავთ, რომ თქვენი კედლის ნამუშევარი დროთა განმავლობაში ქრება ან იშლება?
– როცა ქუჩაში ნამუშევარი იქმნება, მოლოდინი მაქვს, რომ შესაძლოა, მეორე დღეს აღარ იყოს. ამიტომ, მიჩვეული ვარ იმ ფაქტს, რომ დროთა განმავლობაში ნამუშევრები ქრება. ცოტა უცნაური გრძნობაა, თუმცა აუცილებელი ფაქტორია, რომ ახალი ნამუშევრები ისევ შეიქმნას.
რისი გადმოცემა გსურთ თქვენი ნამუშევრებით?

– გულახდილი ვიქნები და რასაც ვაკეთებ, სხვისთვის არ ვაკეთებ, უმეტესად არავის ვუზიარებ. ხატვის პროცესი მსიამოვნებს და ის, რომ მარტო მე ვიცი…

გაქვთ ფერები, რომლებიც სიმბოლურად ან პიროვნულად თქვენთან ასოცირდება?
– იასამნისფერი და მუქი ლურჯი მახსენებს ჩემს ბავშვობას და მაფიქრებს რაღაცებზე.
როგორ და როდის დაინტერესდით ტყავზე მუშაობით?

– შემთხვევით აღმოვჩნდი ჩემი მეგობრის სახელოსნოში ინსტრუმენტებთან და რაღაცების გაკეთება ვცადე. პროცესი იმდენად საინტერესო იყო, რომ რამდენიმე მცდელობის შემდეგ, „შემომესწავლა“ ეს სფეროც.
ტყავზე მუშაობას როგორ იწყებთ, ესკიზებს ამზადებთ თუ პირდაპირ მასალაზე მუშაობთ?
– ესკიზებს წინასწარ თითქმის არასდროს ვაკეთებ, პროცესის დროს მოდის იდეები.
როგორ რეაგირებენ ადამიანები, როცა იგებენ, რომ ესა თუ ის აქსესუარი ხელით გაქვთ შექმნილი?
– განსაკუთრებულად არა, ან შეიძლება მე მივეჩვიე ამ ემოციებს. ბევრს მოსწონს, ბევრს არა. ზოგიერთი საერთოდ ვერ ხვდება, რა არის.
რას გრძნობთ იმ დღეებში, როცა შთაგონება ან მოტივაცია არ გაქვთ?
– მსგავსი დღეები თითქმის არასდროს მაქვს, უფრო პირიქით ვარ, უცნაურ დროს შეიძლება ტანში ჟრუანტელმა დამიაროს, იდეებით დავიმუხტო და რაღაცის კეთება დავიწყო.
თქვენი აზრით, როგორ იკვეთება ხელოვნება და ყოველდღიური ცხოვრება?
– საერთოდ სხვა შეგრძნებაა, უკიდეგანოდ უმისამართო ილუზიაში ყოფნას ჰგავს, ილუზიაში, სადაც ფრთებს გაშლი და ქარი ისე შეგარყევს, როგორც შტორმი პატარა ნავს.
რა გეგმები გაქვთ?
– არ ვიცი, ცვალებადი ხასიათი მაქვს და ვერაფერს ვგეგმავ, პირდაპირ ვაკეთებ ხოლმე.

მარიამ ხითარიშვილი

  • No Comments
  • ივლისი 7, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *