19 C ბათუმი
Saturday 5th July 2025
By

ტრენინგ-სემინარი – ქართულ ჭიდაობაში

მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში ოთხ დღეს მიმდინარეობდა ტრენინგ-სემინარი ქართულ ჭიდაობაში, რომლის მიზანი აჭარაში მწვრთნელთა და მსაჯთა კვალიფიკაციის ამაღლება, მათი პროფესიული დაოსტატება, ასევე, სპორტული გარემოს გაჯანსაღება და მაღალი სტანდარტების დამკვიდრება იყო.

ტრენინგ-სემინარებში აჭარის მუნიციპალიტეტების სპორტულ დაწესებულებებში როგორც უკვე დასაქმებული, ისე მომავალი მწვრთნელები და მსაჯები მონაწილეობდნენ.

სემინარები როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. პროფესიონალებმა ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება საჭიდაო ხალიჩაზე გაუზიარეს.

– საინტერესო სემინარები იყო როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად. ბევრი სიახლე გავიგეთ. კარგი იქნება, თუ ასეთი საუბრები კიდევ გაგრძელდება. ჩვენს გამოცდილებას სპორტსმენებს გადავცემთ, რაც უფრო კარგ შედეგებს მოგვცემს , – აღნიშნა მწვრთნელმა ედუარდ ნაკაიძემ.

– როგორც ტრენინგ-სემინარის ერთ-ერთი მონაწილე, ამ ღონისძიების ჩატარებით კმაყოფილი ვარ. სემინარმა წარმატებულად ჩაიარა როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული კუთხით და ამისთვის მაღალი რანგის სპეციალისტებმა ყველაფერი გააკეთეს, – თქვა აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯემალ წულუკიძემ.

– ღონისძიება აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის ორგანიზებითა და სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. გადამზადებაში აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის მწვრთნელები და მსაჯები ჩაერთნენ. დეპარტამენტი კვლავაც გააგრძელებს მსგავსი ღონისძიებების დაფინანსებას, – გვითხრა აჭარის სპორტის დეპარტამენტის მაღალი მიღწევების სპორტის განყოფილების უფროსმა ზურაბ ჭყონიამ.

მანანა ძიძიშვილი

 

  • No Comments
  • ივლისი 1, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *