
საქართველოდან უცხო ქვეყნის 41 მოქალაქე გააძევეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 41 მოქალაქე გააძევეს.
ესენი არიან: აზერბაიჯანის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, ნეპალის, პაკისტანის, რუსეთის, სამხრეთ აფრიკის, სომხეთისა და ზიმბაბვეს – ჯამში 41 მოქალაქე.
შსს-ს ცნობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
აღსანიშნავია, რომ წელს წლის ივნისში, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უწყების სხვა დანაყოფებთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ჯამში უცხო ქვეყნის 124 მოქალაქე გააძევეს საქართველოდან, ხოლო 2025 წლის 6 თვის მონაცემებით, სულ გაძევებულია უცხო ქვეყნის 525 მოქალაქე, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 280 პროცენტიან ზრდას წარმოადგენს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელი ორგანოა. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევება.