
მარიამ ქვრივიშვილი: საზღვაო სექტორი საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია, მისი განვითარება კი ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივან არსენიო დომინგესსთან შეხვედრა გამართა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ორგანიზაციის ურთიერთობათა საკითხები განიხილეს, მათ შორის ელექტრონული სერვისების საქართველოს პორტებში დანერგვა, პარტნიორობა სხვადასხვა პროექტში, საზღვაო განათლების სფეროში თანამშრომლობა, მეზღვაურთა დასაქმების საკითხები და ა.შ.
„საზღვაო სექტორი საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია, მისი განვითარება კი ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ჩვენ მსოფლიო საზღვაო ორგანიზაციასთან წლების განმავლობაში ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაკავშირებს – საქართველო წარმატებით ასრულებს IMO-ს საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტებით გათვალისწინებულ მოვალეობებსა და ვალდებულებებს და რაც მნიშვნელოვანია, ჩვენ სტაბილურად ვინარჩუნებთ უმაღლეს სტანდარტებს საზღვაო უსაფრთხოებისა და მეზღვაურთა კეთილდღეობის, წვრთნისა და სერტიფიცირების, ასევე, გარემოს დაცვის კუთხით“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
საქართველო 1993 წლიდან მსოფლიო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) წევრი სახელმწიფოა. აღსანიშნავია, რომ საქართველომ წარმატებით დაასრულა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მიერ ჩატარებული ორი აუდიტი: 2015 წელს ნებაყოფლობით გაიარა IMO-ს IMSAS აუდიტი, ხოლო 2025 წელს – სავალდებულო აუდიტი. როგორც მხარეებმა აღნიშნეს, ეს მიღწევები ასახავს საქართველოს მტკიცე ერთგულებას IMO-ს კონვენციებიდან და რეგულაციებიდან გამომდინარე, საერთაშორისო საზღვაო სტანდარტების ეფექტურად დანერგვა-განხორციელებისადმი.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი. ქართულმა მხარემ არსენიო დომინგესს მადლობა გადაუხადა ორგანიზაციის მიერ წლების განმავლობაში საქართველოსთვის გაწეული ტექნიკური დახმარებისთვის, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მთელი სექტორის მოდერნიზაციისა და საერთაშორისო სტანდარტების სერვისების დანერგვის პროცესში. ითქვა, რომ საზღვაო სექტორს შეუცვლელი როლი აქვს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის რეალიზებაში, მათ შორის, შუა დერეფნის შემდგომ განვითარებასა და ხელშეწყობაში.
„საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია შავ ზღვაზე სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესებით. შესაბამისად, ჩვენი საპორტო სექტორის შესაძლებლობების გაძლიერება უმნიშვნელოვანესია საქართველოს, როგორც სტაბილური და საიმედო სახელმწიფოს პოზიციონირებისთვის. ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, რაც ხელსაყრელ პირობებს შექმნის მიმდებარე ტერიტორიაზე ლოგისტიკური სერვისების და ინდუსტრიული ზონის განვითარებისთვის“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა და მსოფლიო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი თბილისში 22-23 ოქტომბერს დაგეგმილ „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ მიიწვია.
გალერეა
