
ტურისტული სეზონის სრულფასოვნად და ეფექტიანად წარმართვაზე იმსჯელეს
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მურვანიძემ ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, მერიაში სამუშაო შეხვედრა გამართა. გიორგი მურვანიძე იმ ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა, რომლებიც ტურისტული სეზონის სრულფასოვნად და ეფექტიანად წარმართვაზე არიან პასუხისმგებლები.
ტურისტული სეზონი ქალაქის ინფრასტრუქტურასა და სერვისებზე დატვირთვის გაზრდას გულისხმობს. სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს მიეცათ დავალებები ნარჩენების მართვის, სატრანსპორტო ნაკადებისა და მუნიციპალური სერვისების მონიტორინგის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ტურისტულ სეზონზე ქალაქის ქუჩებისა და სანაპირო ზოლის დასუფთავების მიზნით იმუშავებს დამატებითი მობილური ჯგუფები.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, მერიის შესაბამისი სამსახურები სრულად მობილიზებულია, რათა უზრუნველყონ ქალაქის გამართულად ფუნქციონირება და კომფორტული, უსაფრთხო გარემო სტუმრებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
მერთან შეხვედრას ბათუმის ბულვარის დირექტორი ლაშა მიქელაძეც ესწრებოდა.
გალერეა

