
„150-ზე მეტმა ახალგაზრდამ მომავალი პროფესია ჩემი რეკომენდაციით აირჩია“
ოთარ ცინარიძე: 599 85 21 14
სარდიონ ბერიძემ 75 წელი უკან მოიტოვა. პროფესიით პედაგოგი შარშან ჯილდოთი გააცილეს პენსიაზე. თაობების დამკვალიანებელი, ქვეყნის, კუთხის პატრიოტი, ხელმძღვანელი, ღირსეული კოლეგა, მშრომელი და სტუმართმოყვარე, – ასე იცნობენ მას ქედელები. კაცი 70 წელს რომ გადააბიჯებს, ბავშვივით მგრძნობიარე ხდება, თუმცა მის სიტყვას, საქმეს მეტი ფასი აქვს. სათქმელის შელამაზებას ვერ ჰგუობს. ჩვენი საუბარი იმ საღამოს შთაბეჭდილებებით დაიწყო, რომელიც ახოს №1 საჯარო სკოლის პედაგოგიურმა კოლექტივმა პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით მასთან ერთად ორ მასწავლებელს მოუწყო.
– ამ მოვლენას მხოლოდ ჩემი უსაყვარლესი გაზეთი „აჭარა“ გამოეხმაურა. განა მარტო ეს? ექვსი წლის განმავლობაში სკოლის დირექტორი ვიყავი. ჩვენი საქმიანობა, სასწავლო-აღმზრდელობითი და კლასგარეშე მუშაობაში მოპოვებული შედეგები გაზეთში შუქდებოდა, რასაც მასმედიის სხვა წარმომადგენლებზე ვერ ვიტყვი.
- სკოლას რომ გამოემშვიდობეთ, 75 წლის არ იყავით. ეს თარიღი ყოფილმა კოლეგებმა როგორ მოგილოცეს?
- რასაც ახლა გეტყვით, მინდა საზოგადოების სამსჯავროზე გამოიტანოთ. ჩემი საცხოვრებელი სახლი ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალის გაყოლებაზეა. ეს ტერიტორია სოფელ ახოს ეკუთვნის და ბარის უბანს უწოდებენ. ამ უბანში ცხოვრობდნენ ცნობილი, სტუმართმოყვარე პიროვნებები – ბაბუაჩემი ხუსეინ ბერიძე და ფოტოხელოვან გურამ თიკანაძის მუზა, ცნობილი მევენახე აბდულ (ბაბული) ბოლქვაძე. ისინი ზამთრის საღამოები გზაზე დადგებოდნენ და მთაში მიმავალ ან იქიდან მომავალ მგზავრს ოჯახში ეპატიჟებოდნენ. ბაბულიმ საქართველოს მაშინდელი ხელმძღვანელი ვასილ მჟავანაძეც კი ოჯახში მიპატიჟების გარეშე ბათუმისკენ არ „გაატარა“. მათ კვალს მივყვებით: მე, ოქროპირ ბერიძე, სულიკო ბოლქვაძე. 75 წლის იუბილე კოლეგებმა ოჯახში სტუმრობით მომილოცეს. მეგონა მალე დამივიწყებდნენ, მაგრამ არც ასე ყოფილა საქმე. ბაბუაჩემი და ბაბული ყველაფერ საუკეთესოს სტუმრისთვის ინახავდნენ. ოჯახში ამ წესს ვაგრძელებთ. 100-მდე ძირი ვაზი, 500 ძირი თხილი, 2000 კვადრატული მეტრი სასიმინდე ნაკვეთი მაქვს, ძროხას ვუვლით. ჭიშკარს გადაღმა მხოლოდ მეზობლების მოსაპატიჟებლად გადავდივარ. კაცი ოცნებით ცოცხლობს. უკვე 80 წლის იუბილეზე მიჭირავს თვალი.
- ბაბუა ახსენეთ. მის შვილზე, მამათქვენზე რას იტყვით?
- ბაბუა ღვთისმსახური იყო. მას კლასიკური განათლება უცხოეთში ჰქონდა მიღებული. ცხმორისში, ხემიდ ბეგის სასტუმროში რომ ქართული სკოლა აღდგა, ამაში ბაბუის წვლილიც იყო. იგი წლების განმავლობაში ცხმორისის სასოფლო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე გახლდათ. გასული საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიებმა ცხმორისიდან ბევრად ნაკლები შეეწირა, ვიდრე სხვა სოფლებიდან, რასაც ბაბუის დამსახურებას მიაწერენ. მამაც, ხასანი, საერთო-სახალხო საქმეს ემსასახურებოდა. ერთხანს გობრონეთის კოლმეურნეობასაც ხელმძღანელობდა. ოჯახში ორი ძმა, ხუთი და ვიზრდებოდით. წუთისოფელს ხუთნი შემოვრჩით. ბაბუისა და მამის წყალობით საზოგადოებაში საპატიო ადგილი დავიმკვიდრეთ. დედა, ხატიჯე კვირიკაძე, წონიარისელი ჯელილ ბერიძის და იყო დედის მხრიდან. მახსენდება ის ღამეები, როცა ჯელილ ბიძია გვსტუმრობდა. მასთან საუბარში ბაბუას და მამას შემოათენდებოდათ ხოლმე. სამივე კარგი მოსაუბრე იყო.
- ამ ბოლო დროს წონიარისში დადგმულ ტანკ-მემორიალზე ჭორები ააგორეს. ჯელილ ბერიძესაც ცილი დასწამეს?
- ანალოგიური სიტუაცია იყო გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, როცა ზოგიერთებმა მისი დაშლა და ჯართში ჩაბარება მოითხოვეს. ცრუ მქადაგებლებს ისევ აღეძრათ მადა. მაშინ გაზეთმა „აჭარამ“ დაბეჭდა წერილი „ჯელილ ბერიძის ტანკი“, რომელიც შეტანილია წიგნში „მათზე წერდა აჭარა“. იქ ყველაფერი სიმართლეა. საქმეზე თუ მიდგა ჯერი, იმ ცრუებს მეც დავუმტკიცებ სიმართლეს. ბიძაჩემის საქმისა და სახელის შეურაცხყოფას ვერავის ვაპატიებ. ახლა ფაშიზმის დამარცხების 75 წლისთავი ახლოვდება. მეც მივალ იმ ტანკ-მემორიალთან და ღირსეულ წონიარისელს საქმეს დავუფასებ. იმ ჟურნალისტების გამკვირვებია, მეწყინა კიდეც, რომლებიც ცრუ ინფორმაციას აჰყვნენ, გაავრცელეს. ილია ჭავჭავაძე ამბობდა: „წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო – მომავლისა“. ადამიანები ხშირ-ხშირად გამეორებულ სიცრუეს სიმართლედ მიიჩნევენ. . . მატყუარა საკუთარ თავსაც ატყუებს. სავალალოა, რომ პიროვნებები, რომლებიც ერთხელაც არ შეხვედრიან ჯელილ ბერიძეს, არ იციან მისი შვილების ეროვნული საქმეების შესახებ, უსაფუძვლო ჭორებს აგორებენ.
- 44 წელი მოახმარო მომავალი თაობის აღზრდას, რა უნდა იყოს ამაზე საპატიო საქმე, ამ გადასახედიდან მთავარ მოგონებად რა გრჩებათ?
- პირველ რიგში, ადამიანებთან კეთილი ურთიერთობები. ამასწინათ ქედის ცენტრში გავემგზავრე. ახალი კორონავირუსის გამო მიკროავტობუსებით მგზავრობა ჯერ არ იყო აკრძალული. გობრონეთის შესახვევთან შუა ხნის ქალი ჩამოვიდა და მოკრძალებით მითხრა: – სარდიონ მასწავლებელო, თქვენი მგზავრობის თანხა გადახდილიაო. ის დღე კეთილად დამამახსოვრდა. სკოლაში ორგანიზატორად, სასწავლო-აღმზრდელობით დარგში დირექტორის მოადგილედ, დირექტორად ვიმუშავე. იყო დრო, როცა 250 მოსწავლე გვყავდა. სკოლას რომ გამოვემშვიდობე, კონტინგენტი 70 მოსწავლემდე იყო ჩამოსული. ჩემი დირექტორად მუშაობის წლებში გვყავდა მედიაპროექტ „ეტალონის“ რესპუბლიკური კონკურსის პრიზიორი. ახოს №1 საჯარო სკოლის მოსწავლე ქედაში პირველი იყო, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით გრანტი მოიპოვა. სკოლას, რომელსაც სულიკო ბოლქვაძის, ზეინაბ ბერიძის, მანანა ცინარიძის, მიხეილ ბოლქვაძის, მარო ნიჟარაძის, ნინო კონცელიძის, ნაზი ქარცივაძის, მანანა ბოლქვაძის, ნაზი ანანიძის, მაგული ბერიძის სადარი პედაგოგები ჰყავდა, რა თქმა უნდა, მოწინავე პოზიციებზე უნდა ყოფილიყო. მე მათი ხელმძღვანელი, მეგობარი, კოლეგა ვიყავი.
- თქვენი დამსახურებით, სკოლასთან ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „გვანცა“ ჩამოყალიბდა. რაიმეს ხომ არ გვიამბობთ მასზე?
- სკოლის დირექტორობა ქვეყნისთვის ძნელბედობის წლებში და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის წელს მერგო. იმხანად აჭარაში საკმაოდ ცნობილი იყო ხულოს რაიონის სოფელ ოქრუაშვილების სკოლასთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ცხოვრება“. მშობლების სურვილი იყო მაშინდელი ცენტრი ცხმორისის, ახლანდელ ახოს №1 საჯარო სკოლასთან 40-წევრიანი ბავშვთა ანსამბლის ჩამოყალიბება. მოვიწვიეთ ქორეოგრაფები: მურმან ბერიძე და ჯამბულ დავითაძე. 6 თვიანი რეპეტიციების შემდეგ თბილისში ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში ოლიმპიადაზე მიგვიწვიეს. ორი „იკარუსის“ მარკის ავტობუსი ვიქირავეთ და წინა დღით ცხმორისიდან გავედით. ბათუმს გავცდით თუ არა, ერთი ავტობუსი მწყობრიდან გამოვიდა. ლანჩხუთი-სამტრედიის გზაზე მეორე ავტობუსმაც გვიმტყუნა. იძულებულნი გავხდით, საპატრულო პოლიცია გამოგვეძახებინა. წვიმიანი ღამე იყო. ბავშვები, ქალები სიცივემ შეაწუხა. დილის 5 საათზე სამტრედიელი მძღოლის „იკარუსის“ მარკის ავტობუსით თბილისისკენ გავეშურეთ. ოლიმპიადა დილის 10 საათზე იხსნებოდა. ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის ხელმძღანელობამ გახსნის პატივი აჭარიდან მოწვეულებს დასდო. მძღოლმა დიდი რისკის ფასად, 4-5 საათში დანიშნულების ადგილზე მიგვიყვანა. ქორეოგრაფებმა ანსამბლი თეატრალურ სცენას პირველად მოარგეს. რეპეტიციას გამოსვლა და ლაურეატობის სამკერდე ნიშნები მოჰყვა. ქართული ქორეოგრაფიის ლიდერებმა ჩვენი „განდაგანა“ საუკეთესოდ მიიჩნიეს. ამის შემდეგ ჩვენი ანსამბლი ორჯერ იყო მიწვეული თურქეთის რესპუბლიკაში. აჭარის მთავრობა მაშინაც და ახლაც ჩვენს სკოლასთან არსებულ ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლს მწვანე შუქს უნთებს. თავისუფალ დროს რეპეტიციებს მეც ვესწრები. ხელოვნების მოყვარული ვარ.
- ორი წელი ქედის სატყეო მეურნეობაში გიმუშავიათ. . .
- სპეციალობით ბიოლოგია-გეოგრაფიის მასწავლებელი ვარ. ქედის სახელმწიფო სატყეო მეურნეობის მაშინდელი დირექტორის სელიმ (სერგო) ჟღენტს ახლო ურთიერთობა ჰქონდა მამაჩემთან ისე, როგორც ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის მაშინდელ რექტორ კარლო დოლიძეს. ორივეს რეკომენდაციით, როგორც ბიოლოგს, ტყის დაცვის საპატიო საქმე მანდეს, თუმცა რომ შევხედე, ტყე და ჩემი ხასიათი ერთმანეთს ვერ მოერგო, სკოლაში მუშაობა გადავწყვიტე. ცენტრი ცხმორისის სკოლის მაშინდელმა დირექტორმა აბდულ თავდგირიძემ ჯერ სამეურნეო ნაწილის უფროსად დამნიშნა, შემდეგ გაკვეთილების ჩატარების ნებაც დამრთო.
- ამბობენ, რომ პედაგოგობა მოწოდებაა, თქვენს შემთხვევაშიც ასე იყო?
- ცენტრი ცხმორისის სკოლა ახლანდელი წონიარისის, ვაიოს, ცხმორისისა და დანდალოს თემებში პირველი საშუალო სკოლა იყო. აქ სწავლობდნენ გეგელიძეებელი, დანდალოელი, კოკოტაურელი, ცხმორისელი გოგო-ბიჭები. მე მათი მოძღვარი, მეგობარი და მესაიდუმლეც ვიყავი. 150-ზე მეტმა ახალგაზრდამ მომავალი პროფესია ჩემი რეკომენდაციით აირჩია. წარმატებულ სტუდენტებს ვაკვირდებოდი და სკოლაში მათ დასაქმებაზე თადარიგს ვიჭერდი. ქალიშვილი, რომელიც წონიარისშია გათხოვილი, ჩემს კვალს გაჰყვა. ვაჟი პროფესიით იურისტია და ქედის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობს. 3 შვილიშვილის ბაბუაც ვარ. ვიყავი „სახალხო განათლების წარჩინებული“, დავიმსახურე უფროსი მასწავლებლის საპატიო წოდებაც. განვლილი გზის კმაყოფილი ვარ.
- სოფელში ადამიანი უქმად ვერ გაძლებს. ამჟამად, დამსახურებული დასვენების დროს, რას საქმიანობთ?
- ჩხავერისა და ოჯალეშის ჯიშის ვაზი მაქვს გაშენებული. ვენახის, თხილის მოვლა-პატრონობას ვერავის ვანდობ. ზურგით საწამლი აპარატის ტარებაც შემიძლია. ახალი კორონავირუსის პანდემიამ სახლში დარჩენა მაიძულა. იმედია, ყველაფერი სიკეთისკენ წავა. ნათესავებს, დედისეულ მხარეს ვესტუმრები. ერთ ხანს გულმა მიმტყუნა, მაგრამ ამჟამად ფეხზე მყარად ვდგავარ.