19 C ბათუმი
Friday 4th July 2025
25 ივნისი  მეზღვაურთა საერთაშორისო დღეა
By

25 ივნისი  მეზღვაურთა საერთაშორისო დღეა

 

 

ყოველწლიურად, 25 ივნისს, მსოფლიოს ასობით პორტში, გემსა თუ ხმელეთზე, მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც სიმბოლურად გვახსენებს იმ ადამიანებს, რომელთა შრომა ზღვის ფონზე უხილავია, თუმცა ყოველდღიურობაში ძალიან მნიშვნელოვანი.

აღნიშნული პროფესია ერთ-ერთი უძველესია კაცობრიობის ისტორიაში და დღესაც, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაშიც, მეზღვაური რჩება იმ ფიგურად, რომელიც ამოძრავებს გლობალურ ვაჭრობას, აკავშირებს კონტინენტებს და უზრუნველყოფს საზღვაო უსაფრთხოებას.

დღეს, მსოფლიოში, თითქმის 90% საერთაშორისო ვაჭრობისა, სწორედ ზღვით ხორციელდება. გემებით გადაადგილდება საკვები, მედიკამენტები, საწვავი, ტექნიკა და სხვა უამრავი აუცილებელი რესურსი. ამ პროცესში კი მთავარი რგოლია მეზღვაური – ადამიანი, რომელიც ხშირად თვეებითაა მოშორებული ოჯახს, საკუთარ მიწას, თუმცა რჩება ერთგული ზღვისა და თავისი საქმის.

მეზღვაურობა მხოლოდ პროფესია არ არის, ეს ცხოვრების წესი, შინაგანი სიმტკიცე და თავდადებაა, რომელიც ზღვა მოთმინებას, დისციპლინას, ფხიზელ გონებას და მტკიცე ნერვებს მოითხოვს. მეზღვაურები გამუდმებით ბუნების ძალების პირისპირ დგანან, შტორმში, უსასრულო სივრცეში, სადაც მარტო პროფესიონალიზმი არ კმარა, იქ შინაგანი სიმშვიდე და კოლექტიური პასუხისმგებლობაც საჭიროა.

ბათუმისთვის, როგორც შავი ზღვის სანაპირო ქალაქისთვის, მეზღვაურის პროფესია განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. იგი ყოველთვის იყო საზღვაო კარიბჭე, სატრანსპორტო და სავაჭრო ცენტრი. აქედან იწყებოდა მეზღვაურების გზა, აქვე იკვეთებოდა ადამიანური ამბები ზღვასთან ბრძოლისა და ერთგულების შესახებ. ბათუმის საზღვაო აკადემია დღემდე ამზადებს პროფესიონალ კადრებს და ჩვენი ქალაქი არაერთი საერთაშორისო გემის ეკიპაჟში წარმომადგენელი მეზღვაურით ამაყობს.

მეზღვაურობა ბათუმში მხოლოდ პროფესია კი არა, კულტურული მეხსიერებაა, თაობათა გამოცდილება, რომელიც დღემდე ცოცხლობს. ქუჩის კუთხეში მოსაუბრე უხუცესი მეზღვაური, გემიდან მშობლებს დაბრუნებული შვილი, ან სანაპიროზე ნავმისადგომის თვალიერება – ეს ქალაქის ნაწილია.

ამ დღეს, უნდა გავიხსენოთ და პატივი მივაგოთ მათ, ვინც ზღვაში ყოველდღიურად უდიდეს სამუშაოს ასრულებს. მეზღვაურები იმსახურებენ არა მხოლოდ პროფესიულ დღეს, არამედ საზოგადოების მუდმივ მხარდაჭერას, დაცულ შრომით პირობებს და მაღალ დაფასებას.

გაზეთი „აჭარა“ უერთდება მილოცვებს. ჩვენო ძვირფასო მეზღვაურებო, თქვენს თავგანწირვასა და პროფესიონალიზმს უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ეკონომიკისთვის, არამედ ქვეყნისთვის, ოჯახებისთვის, მომავლისთვის. ბათუმი ამაყობს თავისი მეზღვაურებით, საქართველო ამაყობს თქვენით.

ნანა აბულაძე

  • No Comments
  • ივნისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *