19 C ბათუმი
Friday 4th July 2025
By

 ჯვარი – გამონათლევში

ცივაძეები, ოთოლთას ციხე, კივრიში, ჯუმუშაური, ოლადაური, ზემოხევი, გომარდული, გამონათლევი – ეს ის ადგილებია, სადაც ქარცივაძეების გვარის შთამომავლებმა 6 საუკუნეზე მეტი ხნის წინ საცხოვრისი გაიჩინეს. მათი წინაპრები ბაზალეთის ომს გამოქცეული დიდი მოურავის გიორგი სააკაძის ამალის წევრები იყვნენ. ოლადაურელი (ჯუმუშაური) ლომან-ეფენდი ქარცივაძე ეროვნული მოღვაწე გახლდათ. ის იმ ქართველთა რიგებშია, რომელებმაც თურქთა ბატონობის წლებში ქართული გვარი არ შეიცვალეს.

ქვეყნისა და ერის წინაშე ვალმოხდილი პიროვნებები იყვნენ ცივაძეებელი ალი-ეფენდი, ზემოხეველი ახმედ-ეფენდი და გომარდულელი მემედ-ეფენდი ქარცივაძეები. ღირსეული წინაპრების სახელოვან გზას ქარცივაძეთა გვარის მრავალი წარმომადგენელი აგრძელებს. წარმატებული მამაკაცების გვერდით ქალებიც მრავლად არიან, ქვეყნის სასიკეთოდ რომ ირჯებიან. მარტო ოლადაურელი ნათელა ქარცივაძის დასახელებაც საკმარისია.

ქვეყნის ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა ლომან -ეფენდიდან მოყოლებული, ქარცივაძეებმა თავის მოვალეობად გაიხადეს. მათ შორისაა უახლოეს პერიოდში ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული ოლადაურელი მერაბ ქარცივაძე, ადრეულ ასაკში წავიდა წუთისოფლიდან დამოუკიდებელი საქართველოს პროკურატურის წარმატებული მუშაკი ფრიდონ ქარცივაძე, რომლის საქმე და სახელი წარმოჩენილია ოთარ ცინარიძის წიგნში „სხივნათელი სიცოცხლე – უკვდავებასა და მეხსიერებაში“.

თავისი წვლილი შეაქვთ ქვეყნისა და კუთხის წარმატებაში ჯუმუშაურელ ძმებს ტარიელ, გურამ, ნოდარ ქარცივაძეებს. მათი წინაპრების სამკვიდროდან ხელისგულივით მოჩანს ტერიტორია, სადაც 7 წლისა და 7 თვის მშენებლობის შემდეგ, პროფესორ სოლომონ ფუტკარაძის ინიციატივითა და ქველმოქმედებით, 2005 წლის მაისის გიორგობაზე ტაძარი საზეიმოდ აკურთხეს.

შუახევი-შუბნის საავტომობილო გზის მნიშვნელოვანი ადგილებია ნაჭივრი და გამონათლევი. ნაჭივრზე უკვე მოქმედებს ფრიდონ ქარცივაძის ხსოვნის სკვერი. გამონათლევის მშვენებაა მართლმადიდებლური ტაძარი. რამდენიმე კომლიანი დასახლებაა ტარიელის, გურამისა და ნოდარის მშობლიური სოფლის შესასვლელი,რომელიც გამონათლევს ეკუთვნის. სწორედ ამ ტერიტორიაზე გადაწყვიტეს ძმებმა ჯვრის აღმართვა.

მეუფე სპირიდონის ლოცვა-კურთხევით, „საპატიო ბათუმელის“ ტარიელ ქარცივაძის ოჯახის, ძმების შემწეობით შუახევი-შუბნისა და ოლადაურის გზის გასაყარზე, 8 მეტრი სიმაღლის წმიდა ნინოს ჯვარი აღიმართა. იგი დეკანოზმა გიორგიმ (ფუტკარაძე) აკურთხა.

– ოლადაურის, ჯუმუშაურის ხშირი სტუმარი ვარ. რამდენიმეჯერ სახალხო დღესასწაულ ,,მარეთობასაც“ დავესწარი. ჭვანის ხეობის მკვიდრს მახარებს, რომ აქ ტაძარია. სიამოვნებით მივიღე ჯვრის აღმართვის ცერემონიაზე მოპატიჟება. ჩემთან ერთად არიან ჩოხოსანთა დასის აჭარის სადროშოს ხელმძღვანელი თენგიზ თავდგირიძე, აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის გამგეობის თავმჯდომარე ბიჭიკო ბოლქვაძე, მისი მოადგილე თემურ მჟავანაძე, ჩოხოსანი ჯამბულ გაბაიძე. უფალმა დალოცოს ამ ღვთისმსახურების ყველა მონაწილე,- თქვა ცნობილმა ბიზნესმენმა, მათემატიკის აკადემიურმა დოქტორმა ხვიჩა შარაშიძემ.

გამონათლევში, მდინარე ჩირუხისწყლის მარჯვენა ნაპიროზეა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი. ვიდრე მომლოცველი ტაძრამდე მივა, მას მარცხენა ნაპირზე ჯვარი დახვდება, რომლის აღმართვის ინიციატორი ტარიელ ქარცივაძეა.

– ეს ჯვარი არაა მხოლოდ ლითონის ნაგებობა, ესაა ლოცვა, მდუმარე პასუხი იმ წამებისთვის, რაც ჩვენმა წინაპრებმა გადაიტანეს, ესაა სიმბოლო იმისა, რომ უფალი ჩვენთანაა. დაე, ეს ჯვარი იყოს იმედი მომავალი თაობებისთვის. ვინც ამ გზით გაივლის და ჯვარს შეხედავს, ირწმუნებს, რომ წინაპრების ძირძველ მრწამსს ვუბრუნდებით, – გვითხრა ტარიელმა.

ოთარ მგზავრიძე

 

  • No Comments
  • ივლისი 2, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *