
„ხვალ ვერავინ დაგინახავს, რომ სიმართლე შენ მხარეს იყო“ – „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესულ ცვლილებებზე
28 ივნისიდან, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების თანახმად, მედიის წარმომადგენლები სასამართლო პროცესზე კამერებით აღარ დაიშვებიან. დაშვების შესაძლებლობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს. რაც შეეხება საზოგადოების ინფორმირებულობას, სასამართლოს შესაძლებლობა ექნება, თავად გაავრცელოს შესაბამისი კადრები.
ამ საკითხის შეფასება რამდენიმე მოქალაქეს ვთხოვეთ. ნაწილის მტკიცებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღება ვერ იქნება სასამართლოს საქმიანობაში ჩარევა, ნაწილი კი ფიქრობს, რომ „ქართულ ოცნებას“ აღნიშნული გადაწყვეტილებით სურს „ინფორმაცია, უბრალოდ, გააქროს“.
ნინო ბალაძე
მიმაჩნია, რომ სასამართლოს შენობაში მედიის მიერ ფოტოს და ვიდეოს გადაღების აკრძალვა საფრთხეს უქმნის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ღირებულებას – ღია, გამჭვირვალე მართლმსაჯულებას. რამდენიმე არგუმენტს მოგიყვანთ იმის სამაგალითოდ, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია აღნიშნულ გადაწყვეტილებას. ეს გამოიწვევს სასამართლოს მიმართ ნდობის კრახს. როცა საზოგადოებას არ აქვს შესაძლებლობა, საკუთარი თვალით ნახოს, რა ხდება სასამართლოში, ნდობა სისტემის სამართლიანობის მიმართ საგრძნობლად მცირდება. ბევრი გახმაურებული საქმე გვახსოვს, როცა მედიის კამერები იყო ერთადერთი მტკიცებულება ძალადობრივ ქმედებებზე ან ფარული გარიგებების ნიშნებზე. ეს ცვლილება, ასევე, გამოიწვევს ხელისუფლების ინტერესების ხელშეწყობას. მედიის აკრძალვა ხშირად სწორედ მაშინ ხდება, როცა სისტემა ცდილობს, თავი დაიცვას და არა ხალხის ინტერესები. ეს ქმნის საფრთხეს, რომ სასამართლო გახდეს ხელისუფლების იარაღი დახურულ კარს მიღმა. ეს ასევე გამოიწვევს ჟურნალისტური კონტროლის შესუსტებას. ჟურნალისტიკა „მეოთხე ხელისუფლებაა“, რომელიც აკონტროლებს დანარჩენ სამს. თუ მედიას ჩამოვაცილებთ სასამართლო პროცესებს, საზოგადოება კარგავს შესაძლებლობას, მიიღოს მიუკერძოებელი და დროული ინფორმაცია. აკრძალვა, ასევე, ნიშნავს საზოგადოებრივი მეხსიერების წაშლას. მრავალი პრეცედენტული პროცესი დღესაც ცოცხალია საზოგადოებაში მხოლოდ იმიტომ, რომ არსებობს ვიდეოკადრები, მტკიცებულებები, მედიასაშუალებების გამოქვეყნებული მასალები. თუ ეს წყაროები აღარ გვექნება, მომავალში სიმართლის დადგენა გაცილებით რთული გახდება. ზოგადად, რისი საშიშროების წინაშე ვდგავართ ამ კანონებით? ყოველი მსგავსი კანონი, რომელიც გამჭვირვალობას ზღუდავს, გვაშორებს დემოკრატიას და მიგვაქანებს ცენზურის, ჩახშობის, შიშით მმართველობისკენ. დღეს სასამართლოში აიკრძალება კამერები, ხვალ კი ქუჩაში გადაიღებს მხოლოდ ხელისუფლების მედია. როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, აღშფოთებული ვარ, რომ მედიას თვალებს უხვევენ იქ, სადაც სიმართლის დანახვა ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს არ არის მხოლოდ ჟურნალისტის უფლება, ეს ჩვენი, მოქალაქეების, უფლებაა, ვიცოდეთ, ვხედავდეთ და ვამოწმებდეთ.
დავით ბერიძე
კი ბატონო, მივიღეთ ეს კანონი და აბსოლუტურად სწორად მიმაჩნია.
თავისუფალ სამყაროში წესრიგი უნდა იყოს, სად გაგონილა, სასამართლოში კამერა იდგეს და ხალხი თავისუფლად დადიოდეს? შეაწუხა მოსამართლეები კამერებმა. მან როგორ უნდა იმსჯელოს სრულფასოვნად, როცა ტელეფონის, ვიდეოკამერის შუქი სახეში ანათებს? ვფიქრობ, ასევე ექმნებათ უხერხული მდგომარეობა ბრალდებულებს. ზოგი მოუვლელია – ზოგი ნერვიულობს. ყველამ საკუთარ საქმეს მიხედოს. ჟურნალისტმა ჟურნალისტობას მიხედოს, მოსამართლემ – სამართალს. სად წერია, რომ ჟურნალისტმა ყველაფერი უნდა გადაიღოს? იქნებ გადაღება არასწორ კუთხეში იყო? მერე ხალხს რა შთაბეჭდილება დარჩება? დამახინჯებული.
მალხაზ რიჟვაძე
კანონის მიღება შეიძლება იყოს მართებული გარკვეული წერტილიდან, მაგრამ ბევრი კითხვა რჩება. როგორც მოქალაქე, ვცდილობ გავიაზრო, რატომ შეიძლებოდა სასამართლოს შენობაში მედიის მიერ გადაღების შეზღუდვა საჭირო გამხდარიყო. ამ რეგულაციის მიღმა, ალბათ, რამდენიმე მოსაზრება დგას. არგუმენტი, რაც შესაძლოა კანონის მიღებას ამართლებდეს, არის პირადი ცხოვრების დაცვა. სასამართლო პროცესზე ხშირად განიხილება სენსიტიური საქმეები – ოჯახური ძალადობა, არასრულწლოვნების პრობლემები, პირადი მონაცემები.
შეიძლება არსებობდეს რისკი, რომ მედიის მიერ გავრცელებულმა კადრებმა ზიანი მიაყენოს საქმეში მონაწილე ადამიანებს.
ეს ცვლილება შეიძლება იყოს პროცესის წყნარად ჩატარების მიზანი. ზოგჯერ გადაღება არღვევს პროცესის დინამიკას. კამერები შეიძლება ჩარევად აღიქმებოდეს როგორც მოსამართლისთვის, ისე მოწმეებისთვის.
მსაჯულებმა ან მოწმეებმა შეიძლება აღარ ილაპარაკონ თავისუფლად, თუ იციან, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა მათ გამოსვლას შეიძლება ინტერპრეტაცია მისცეს. მედია ზოგჯერ ასახავს პროცესის მხოლოდ ნაწილს ან კონკრეტულ ემოციურ მომენტს, რაც ზოგადად, არ ასახავს მთელ სიმართლეს, რამაც შესაძლოა საზოგადოებრივი აზრი მანიპულაციურად წარმართოს, მაგრამ ამავდროულად, არსებობს რეალური რისკები, მაგალითად, გამჭვირვალობის შემცირება.
როცა სასამართლო პროცესი საჯაროა, მედიის იქ ყოფნა მისი ბუნებრივი გაგრძელებაა. მედიას აქვს საზოგადოებრივი ინტერესის დაცვის ფუნქცია. გადაღების აკრძალვამ შეიძლება სასამართლო დახურულ სისტემად აქციოს, რაც არ შეესაბამება დემოკრატიის პრინციპებს.
სამართლიანობის კონტროლის დაკარგვა შეიძლება მოხდეს.
მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, დაინახონ, როგორ იხილება საქმეები, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება მაღალჩინოსნებს ან მნიშვნელოვან პოლიტიკურ თემებს. არ არის ნათლად განმარტებული, ყველა შემთხვევაში იკრძალება გადაღება თუ მხოლოდ კონკრეტულ სიტუაციებში. არსებობს საფრთხე, რომ რეგულაცია გამოიყენონ მხოლოდ მაშინ, როცა ხელისუფლებას ამის სურვილი აქვს. ზოგადად, როგორც ნეიტრალური მოქალაქე, ვამბობ, მიზანი შეიძლება გარკვეულწილად, გასაგებია, მაგრამ შეიძლება მექანიზმი არასწორია.
ამ ტიპის რეგულაციებს სჭირდება მკაფიო დიფერენციაცია.
როდის არის დაცვა საჭირო და როდის ხდება ეს, უბრალოდ, კონტროლის ინსტრუმენტი? დასაკარგიც ბევრია და მოსაფრთხილებელიც. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მედიასა და სასამართლოს შორის დიალოგი არ დაიკარგოს.
ლია მიქელაძე
სამწუხაროდ, ეს ქვეყანა ღრმად და სისტემურად ეშვება სიბნელეში. სასამართლო დარბაზებიდან კამერების აყრა კი კიდევ ერთი ნაბიჯია დემოკრატიის დემონტაჟისკენ. არ მიკვირს, არც გაოცებული ვარ. უბრალოდ, მტკივა, იმიტომ, რომ ყოველდღე ვხედავ, როგორ გვაცლიან სივრცეს, სადაც მოქალაქე უნდა გრძნობდეს თავს სუბიექტად და არა შიშით გაჩუმებულ ფიგურად. სასამართლოში კამერების აკრძალვის კანონი არ არის ტექნიკური რეგულაცია, ეს ნიშნავს ფარდის ჩამოფარებას სამართლიანობის სცენაზე. რაც არ ჩანს, იმაზე აღარ გვაქვს პასუხი. და როცა აღარავინ პასუხობს, იწყება ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, მოსამართლე ხდება სისტემის წევრი და არა ჭეშმარიტების მაძიებელი. მიმაჩნია, რომ მედიის ჩახშობა „ქართული ოცნების“ გრძელვადიანი გეგმის ნაწილია. ჯერ კამერები აიკრძალება, მერე კონკრეტულ მედია საშუალებებს აუკრძალავენ პროცესებზე დასწრებას. მერე საერთოდ იტყვიან „დარბაზში ჟურნალისტს რა უნდა?“. ეს კანონები ხალხისთვის არ მიიღება, ეს მათ წინააღმდეგ მიიღება. ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება – სისტემამ ყველაფერი იცოდეს ჩვენზე, ჩვენ კი არაფერი – მასზე.
გელა ბარამიძე
მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და საზოგადოებას მივმართო: – როცა ხმას არ იღებ მედიის ჩახშობაზე, ხვალ შენ ვერ გადაიღებ უსამართლობას, რომელიც შენივე ოჯახს დაატყდება თავს.
როცა არ აპროტესტებ სასამართლო სხდომების დახურვას, ხვალ თავად აღმოჩნდები იმ ბნელ დარბაზში, სადაც ვერავინ დაგინახავს, რომ სიმართლე შენ მხარეს იყო. არ გეგონოს, რომ დუმილი დაცვაა. დუმილი აძლიერებს უსამართლობას, ის უხმო ლეგიტიმაციაა იმ ყველაფრის, რაც შორიდან თითქოს შენამდე არ მოდის, მაგრამ სინამდვილეში უკვე შენ ზურგს უკან დგას.
ნანა აბულაძე