19 C ბათუმი
Friday 4th July 2025
ხელოსანიც და ხელოვანიც
By

ხელოსანიც და ხელოვანიც

ოთარ ცინარიძე: 599 85 21 14

ფოლკლორულ ანსამბლ „შუახევის“ ყოფილ სამხატვრო ხელმძღვანელს, სოლისტ მიხეილ ზოიძეს მალე დაბადებიდან 60 წელი შეუსრულდება. იგი ჩვენი გაზეთის სტუმარია.
– ზოიძეები შუახევის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში სახლობენ. წაბლანელი ზოიძეების ადგილის დედად რომელი დასახლება ითვლება?
– ბაბუაჩემ ხუსეინ ზოიძეს წაბლანელები ჯოიძიშვილებად იხსენიებდნენ. ჩვენი და რამიზ ბერიძის (მან გვარი შეიცვალა) წინაპრები საუკუნეების წინათ წაბლანაში სოფელ დაბაძველიდან დამკვიდრდნენ. შუა საუკუნეების საქარავნე გზის ერთი მიმართულება სოფელ დაბაძველზე გადიოდა, საყენდრიას ტერიტორიებს კვეთდა და იმერხევში მიემართებოდა. წაბლანას 10 საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს. ეს ნათლისმცემლის გორაზე წარმოებულმა გათხრებმა და ეკლესიის ნაშთებმაც ცხადყო. დაბაძველს, კლდისუბანს, ცინარეთს უფრო მეტი ისტორია აქვსო, ამტკიცებენ მკვლევარები. ჩვენი წინაპრები დაბაძველმა რომ ვეღარ დაიტი, წაბლანაში გაიჩინეს საცხოვრისი.
– სამშობლოსადმი თავდადება, ადგილის დედის სიყვარული თქვენი წინაპრების ადათ-წესი იყო. კონკრეტულ მაგალითს თუ გაიხსენებთ?
– mTa ღომას ალპური საძოვრები, ტყის რესურსები, სამკურნალო წყლები და სასარგებლო წიაღისეულით მდიდარი ადგილები სოფელ წაბლანას ემიჯნება. ცნობილმა მეცნიერმა, შემდგომში სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე გიორგი ძოწენიძემ პროფესიული ნათლობა წაბლანაში მიიღო. იგი საქართველოს დამოუკიდებლობას ნატრობდა და ამ პერიოდისთვის წაბლანის წიაღისეულს ინახავდა. მას ბაბუაჩემის, ნური, ნუსრედინ ველიაძეების, რამიზ, შაქირ, ფერათ ბერიძეების სახით წაბლანაში კარგი მეგობრები ჰყავდა. ზოიძეების წინაპრები სტუმარს პატივს მიაგებდნენ, მტერს კი საკადრისს მიუზღავდნენ. იმხანად წაბლანელებს, ლაკლაკეთლებს, ცინარეთლებს, ჯაბნიძეებლებს მთის სახლები ჯვარის მინდორის სიახლოვეს, დაბურულ ტყეში ჰქონდათ. ზაფხულის ერთ ღამეს მომხდურები მთაში მყოფ ქალებს თავს დაესხნენ და ნამუსის ახდას შეეცადნენ. ზოიძეების გვარის ღირსეულმა ქალმა ჯევზან ზოიძემ კუნაპეტ ღამეში რამდენიმე კილომეტრი გამოიარა, შემდეგ კივილით იხმო სოფლებში მყოფი მამაკაცები. მათ მომხდურები შეიპყრეს და საკადრისი მიუზღეს.
– ზოიძეები ხელოვნების მოტრფიალენიც ხართ. საიდან იღებს სათავეს ეს სიყვარული?
– თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში მთა ღომაზე „შუამთობის“ დღესასწაულის, სოფელში ჩატარებული ქორწილების, წვეულებების დირიჟორი და წამყვანი ბაბუაჩემი ხუსეინ ზოიძე იყო, მე კი სამი წლის განმავლობაში ფოლკლორულ ანსამბლ „შუახევის“ სამხატვრო ხელმძღვანელი გახლდით. ბაბუაჩემის შაირები აღვადგინე და ანსამბლის რეპერტუარში შევიტანე. მას ცეკვაც უხდებოდა და სიმღერაც. მთაში აგიზგიზებულ კოცონთან თანატოლებს მოუხმობდა და მთელ ღამეს ცეკვა-სიმღერაში ატარებდნენ. მამაჩემს გარმონი შეუძინა, რომლისთვისაც ეს მუსიკალური ინსტრუმენტი განუყოფელი ატრიბუტი გახდა და ხელოვნებას გაჰყვა. იგი 30 წლის განმავლობაში წაბლანის სასოფლო კლუბის გამგე იყო. ანსამბლ „ბათუმის“ სოლისტია ჩემი დისშვილი პაატა ჭურკვეიძე, მისი ძმა, იაგო, ჩემთან ერთად ანსამბლ „შუახევის“ წევრია და საუკეთესო ხელოვანის სახელი აქვს.
– დედისეულ გენებზე რას იტყვით?
– დედა წაბლანელი ველიაძეების შთამომავალია. მისი ძმა, მურსელი, კარგი დურგალია. დედისეული გენის დამსახურებაა, რომ დურგლის ხელობასაც დავეუფლე. სხალთის ეპარქიის ხიჭაურის რეზიდენციის ეზოში რომ შადრევანია. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II ეპარქიაში სამი წლის წინ რომ იმყოფებოდა და 1400-ზე მეტი ადამიანი მონათლა, მაშინ ნახა და გამკეთებელს მარჯვენა შეუქო. ამ შადრევნის ჩათვლით, 60-ზე მეტი ობიექტის მშენებლობა-კეთილმოწყობაში მაქვს მონაწილეობა მიღებული. სხალთის ეპარქიასთან მაინც გამორჩეული ურთიერთობა მაკავშირებს. ერთხანს ეპარქიის მგალობელთა გუნდის წევრიც ვიყავი. ამ ეპარქიის, ხიჭაურის წმიდა აბუსერისძე ტბელის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია ჩემი ქალიშვილი თამარი. იგი ახოელი ბოლქვაძეების რძალია.
– დურგალი, მგალობელთა გუნდის წევრი, ფოლკლორულ ანსამბლ „შუახევის“ სოლისტი, ცნობილი მეურნე და მეოჯახე. იშვიათია ადამიანი, რომელიც ამდენს წვდებოდეს. ასეთი დატვირთვა 60 წელს მიტანებულს არ გიჭირთ?
– ოჯახში ხუთი ძმა და ერთი და ვიზრდებოდით. მშობლები ბავშვობიდანვე ერთმანეთის სიყვარულსა და შრომისადმი პატივისცემას გვასწავლიდნენ. ძმებს შორის მხოლოდ სულიკო გაჰყვა ხელოვნებას, დაც ხელოვანთა ოჯახშია. ანსამბლში მღეროდა მისი მეუღლე. სიმღერა ჩემი ჰობია. ზოგჯერ ეჩოს კაკუნსა და ხერხის ზუზუნსაც სიმღერას ვუხამებ. ბედნიერებაა, როცა შენობას დაასრულებ და პატრონს ჩააბარებ. თანასოფლელებთან რეზო და რამაზ ბერიძეებთან, იაგო ჭურკვეიძესთან ერთად ფოლკლორულ ანსამბლ „შუახევის“ რეპეტიციებზე, გასტროლებსა და სანახაობით ღონისძიებებზე დავდივარ. ანსამბლი ჩემი ცხოვრებაა. კორონავირუსის პანდემიამ ბიჭები ერთმანეთს დაგვაშორა. სუფთა ჰაერივით მენატრება ზურაბ ქამადაძესთან, ოთარ დავითაძესთან, როინ მიქელაძესთან, ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელ ნოდარ ბერიძესთან ერთად სცენაზე დგომა, მოლხენა, შორეულ გასტროლებზე წასვლა.
– უცხოეთში გასტროლებიდან ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ?
– მაშინ შუახევის კულტურის ცენტრს რეჟისორი ვახტანგ ბერიძე ხელმძღვანელობდა. მან იერუსალიმის ღირსშესანიშნაობანი მოგვატარა. ეს გასტროლი დაუვიწყარი იქნება ჩემს ცხოვრებაში. კონცერტზე ჩემი შაირები მაყურებელს ძალიან მოეწონა. გამოსვლის შემდეგ ვხედავ სამი შუა ხნის მამაკაცი დარბაზს არ ტოვებს. მე და იაგო ჭურკვეიძემ კულისებიდან კი არა დარბაზის გავლით ვარჩიეთ შენობის დატოვება. ის მამაკაცებიც გამოგველაპარაკნენ, საქართველოში ნაცხოვრები ებრაელები აღმოჩნდნენ. კონცერტისთვის გულითადი მადლობა გადაგვიხადეს და საკუთარ კაფეში დაგვპატიჟეს. უარი არ გვითქვამს. სულ სხვა სიტუაცია იყო „თურქეთის საქართველოში“. იქ ფესტივალზე გამოვედით. შაირები რომ დავიწყე, გუნდში ასაკოვანი ბერიკაცი ჩადგა. ჯერ იყო და ჩვენთან ერთად იმღერა. იმ ნომერში ცეკვაც იყო ჩართული. ცეკვის ნომერს მე ვასრულებ. ბერიკაცმა „განდაგანა“ ჩემზე უკეთ ჩამოუარა.

– წარმატებები, რომლებიც ანსამბლმა „შუახევმა“ მოიპოვა, თითოეული წევრის დამსახურებაა. მათ შორის თქვენი. საიდან დაიწყო თქვენი, როგორც ხელოვანის, გზა?
– ბათუმის კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებლიდან, სადაც იმ დროს ვსწავლობდი, როცა დირექტორი ბატონი ზაურ ლაზიშვილი იყო. 38 წელია სცენაზე ვდგავარ. ეს არც ისე იოლი საქმეა. მრავალი ჩემი თანამედროვე, თანაკურსელი ხელოვნებას განუდგა და ცხოვრების ასპარეზად სხვა სფერო აირჩია. მე სცენის მტვერი ისე შევისრუტე, რომ მასთან განშორება ვეღარ შევძელი. გასული საუკუნის 80-იან წლებში სოფელში 40-წევრიანი ანსამბლი ჩამოვაყალიბე და რესპუბლიკური ფესტივალის ლაურეატები გავხდით. იმ ანსამბლს სახელიც თავისებური შევურჩიეთ – „გორისძირი“. თითქმის 15 წელი უჩამბის სასოფლო კულტურის სახლის სამხატვრო ხელმღვანელი ვიყავი. ამ დროს სცენაზე იდგნენ შოთა, სულიკო ბერიძეები, ივანე ველიაძე, ჟორა ბერიძე, ნანული გოგიტიძე, შაქრო დავითაძე, შოთა ლემსაძე, 2004 წლიდან შუახევის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლის – „შუახევის“ წევრი ვარ.
– სიბრძნის ასაკში რა გეგმები გაქვთ?
– მჯერა, რომ კაცობრიობა მრავალი ეპიდემიის მსგავსად, ახალ კორონავირუსსაც დაამარცხებს. ცხოვრება, სიმღერა, ხელოვნება თავის კალაპოტს დაუბრუნდება. ჩვენს 14-წევრიან ანსამბლში უხნესი 85 წლის ოთარ დავითაძეა. მინდა მისი ასაკის გავხდე და შემართებაც მისებრი მქონდეს. მთიელ კაცს ჯერჯერობით ჯანიც მომდევს და სიმღერის ეშხიც არ მაკლია. სამი შვილის მამას, ბაბუას ცხოვრების, შრომის საამური წლები მიდგას.

  • No Comments
  • აპრილი 13, 2020

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *