
ჩემი ამბავი
ამერიკაში, ნიუ-იორკში მცხოვრები ემიგრანტი ქართველი ქალის ნათია ხადურის ცხოვრების ამბავი იმდენად საინტერესო, მიმზიდველი და შთამაგონებელია, რომ თვით ჰოლივუდი დაინტერესდა და მის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს. მაინც ვინ არის ნათია ხადური? ეს ქალბატონი შემოქმედი (საქართველოს მოქალაქე იყო ჯერ კიდევ ამ სამი წლის წინათ), პოეტი და პროზაიკოსი გახლავთ, რომელმაც ამერიკის ათ პრესტიჟულ ლიტერატურულ კონკურსში გაიმარჯვა და საპატიო ტიტულების მფლობელი გახდა. ახლა მკითხველი დაინტერესებულია მისით. თუნდაც ის ფაქტი, რომ „ამაზონზე“ ერთ თვეში გაიყიდა 580 ეგზემპლარი მისი რომანისა „ჯარისკაცის საგზალი“ ამ მწერლის პოპულარობას მოწმობს. ნათიას ლექსების კრებული „და შენ ვერ მეტყვი რატომ არ უნდა მიყვარდე“ ამერიკის პრესტიჟული ლიტერატურული კონკურსის, ერთადერთი გამარჯვებულია პოეზიაში, არადა ფინალისტობაც კი დიდ მიღწევად ითვლება და ამაზე ოცნებობენ მწერლები. წარმატებას წარმატება მოჰყვა, ნათია ახლა სასიხარულო ამბების ეპიცენტრშია. პირველ აგვისტოს ჰოლივუდში, სასტუმრო „რუზველტში“ გალა ღონისძიება გაიმართება, სადაც ნათია ხადური ათი ლიტერატურული ფესტივალის საპატიო ადგილის მფლობელი ავტორის სტატუსით წარსდგება. მართლაც რომ უპრეცედენტო მიღწევაა, გამაოგნებელი, ასეთი შემთხვევა არ ახსოვთ ლიტერატურის მოყვარულებს. მრავალთა აზრით, ნათია ზღაპრიდან გაცოცხლდა – ამ ზღაპრის მასაზრდოებელი კი მისი სამშობლო – საქართველოა, თავისი დიდი წარსულითა და ანდამატური ბუნებით. თავად ნათია რას ფიქრობს, როგორ წარიმართა მისი ცხოვრება? – ამას თავად ყვება.
ყველაფერი ასე დაიწყო
ამერიკაში სამი წლის წინ ჩამოვედი სამი რომანითა და პოეზიის კრებულით. ჩამოსვლისთანავე მათი ინგლისურად გადათარგმნა დავაყენე დღის წესრიგში. ლონდონში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე, უნიჭიერესი მთარგმნელი და პოეტი ქალბატონი მზია კვირიკაშვილი- ლოურენსი დიდი ენთუზიაზმითა და სიყვარულით დამიდგა გვერდით. ჩემი ყველა ტექსტი მისი გადათარგმნილია და თანაც, უანგაროდ. მოკლედ, ამან გააადვილა ჩემი ამერიკულ კონკურსებში ჩაბმა და იქამდე მივედი, რასაც ახლა გიამბობთ: ამერიკაში, თითქმის ყველა წიგნის კონკურსის ფინალისტი ვარ. ერთ-ერთი არის არიზონის პროექტი, სადაც თანამედროვე მხატვრულ ლიტერატურაში პირველი ადგილის მფლობელი გახდა ჩემი რომანი: „ჯარისკაცის საგზალი“. ამის შემდეგ ჩამრთეს, ჯილდოს მფლობელ 20 ავტორთან ერთად, ანთოლოგიის პროექტში. სპეციალურად ამ პროექტისათვის დავწერე „ჩემი ამბავი“.
„ჩემი ამბავი“
ეს პროზაული ნაწარმოები მართლაც ჩემი ამბავია. პროექტის ავტორებმა, რეჟისორებთან და ამ საქმის სპეციალისტებთან ერთად, შემომთავაზეს „ჩემს ამბავზე“ დოკუმენტური ფილმის გადაღება. უკვე ყველაფერი განსაზღვრულია. ჰოლივუდში 3 ოქტომბერს გადაიღებენ ამ მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმს, 4 ოქტომბერს კი კიდევ ერთი დიდი გალა დაჯილდოების მონაწილე ვიქნები. ამ პროექტში წარდგენილია ფინალისტის სტატუსით ჩემი მეორე რომანი „იერუსალიმამდე“. უკვე დავიწყე მზადება და ძალიან გახარებული ვარ. მანამდე კი, აგვისტოში, ასევე, ჰოლივუდში, გაიმართება წიგნის ფესტივალების გამარჯვებულთა წარდგენა, სადაც მიწვეული ვარ ათი ფესტივალის საპატიო ადგილის მფლობელის სტატუსით. ჩამოვთვლი ფესტივალებს, რომლებშიც გავიმარჯვე: New Englend Book Festival-ი, South California Book Festival-ი, Norhwest Book Festival-ი, Southwest Book Festival-ი, Southeast Book Festival-ი, Midwest Book Festival-ი, Los Angeles Book Festival-ი, New York Book Festival-ი.
ამ ფესტივალებში ჩემმა რომანებმა „ჯარისკაცის საგზალი“ და „იერუსალიმამდე“ ზოგან – საპატიო, ზოგან მეორე ადგილი დაიკავა.
აქ, ლას ვეგასში ხმიანებდა სიტყვა „ქართული“
ახლა მინდა ჩვენს ქართულ ღონისძიებებზე გიამბოთ, რაც ჩემთვის და ნებისმიერი ქართველისათვის უწინარესია. ცოტა ხნის წინ, ლას ვეგასში გაიმართა ქართული კულტურის დღეები ბატონი ირაკლი რუსიას თაოსნობით. ეს იყო დაუვიწყარი, შთამაგონებელი საღამო, მასში გამორჩეული, ნიჭიერი ქართველები მონაწილეობდნენ ამერიკის ყველა შტატიდან. ბატონმა ირაკლიმ პოეზიით ჩამრთო ამ ფესტივალში. ის ყურადღება და სითბო, რომელიც იქ ვიგრძენი, სულს სალბუნად დაეფინა. ქართული დიასპორული ორგანიზაციის სახელით ქალბატონმა ინა ასანიძემ და „ლიდერ ქალთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა გადმომცეს სპეციალური ჯილდო და სერტიფიკატი. აქვე მინდა გახაროთ, რომ 25 სექტემბერს თავისი კრეატულობით ყურადღებას მიიპყრობს ქალბატონი დიანა ბაგრატიონის მიერ შედგენილი და ორგანიზებული პროექტი „ქართული კულტურის დღეები ნიუ-იორკში“. ეს ღონისძიება უკვე მრავალი წელია იმართება და საკმაოდ მასშტაბურია. ამერიკაში მოღვაწე ქართველებს ჯილდოს გადასცემენ ნიუ-იორკის შტატის კონგრესმენი და სენატორი. ამ პროექტში ქალბატონმა დიანამ მიმიწვია და მადლობელი ვარ ასეთი ყურადღებისათვის. სექტემბერში კიდევ ერთი ღონისძიებისათვის ვემზადები – ჩვენს სახელოვან, მოღვაწე ადამიანებს პერსონალურ საღამოს ვუმზადებ. არავის ღვაწლი და ნიჭი, საქმე არ უნდა დარჩეს დაუფასებელი, მე ასე მწამს: -გამორჩეულს და მოღვაწეს, გინდ ახალგაზრდა იყოს, გინდ ასაკოვანი, სიცოცხლეშივე უნდა მივაგოთ პატივი. ჩვენ ასეთი თანაზიარობით ვზრდით ერთმანეთის სულს და ვაკეთილშობილებთ. მიხარია, რომ ბევრს გავახარებ. ამაზე დიდი სიხარული არ არსებობს, ამ წუთისოფელში ხომ სიკეთე გვაცოცხლებს და გვაძლიერებს.
ახლა ნამდვილად წავალ
არის კიდევ რამდენიმე ამერიკული პროექტი, რომელშიც ვმონაწილეობდი და გამარჯვებულის სტატუსი აქვს ჩემს წიგნებს. მათგან ერთ-ერთი ძალიან მომწონდა. Chanticleer Book Reviews and Media უძლიერესი პროექტია. ჩემი რომანი „ჯარისკაცის საგზალი“ ნახევარფინალისტიც კი გახდა. ეს იყო უდიდესი გამარჯვება, რადგან ამ პროექტში ზემაღალი სტანდარტები აქვთ. მისმა დამფუძნებელმა მითხრა, რომ ეს იყო უდიდესი მიღწევა, რასაც ასიათასობით სხვა ავტორი ინატრებდა. მე ვერ წავედი გალა ღონისძიებაზე, ვაშინგტონის შტატში, სიეტლში, რადგან ფლორიდაში მივდიოდი ანთოლოგიის პროექტის ღონისძიებაზე. წელს ზემოთ აღნიშნულ პროექტში მონაწილეობას ხელახლა ვგეგმავ. დიახ, ამჯერად უთუოდ ვესტუმრები სიეტლს. ყველაფერი ეს და თვით ყოველი გათენება მზესავით შემოდის ჩემში, ახალი ძალებით მავსებს და საწერად მიწვევს. კიდევ ერთ, მორიგ რომანს გპირდებით. ბედნიერი ვიქნები, ძვირფასო ადამიანებო, თუ სიყვარულის, რწმენის, იმედის, სილამაზის გზაზე სამოგზაუროდ შეგაგულიანებთ.
P.S. ქალბატონო ნათია, მწერლის დიდ და რთულ გზაზე ასე ომახიანად და წარმატებით რომ მიაბიჯებთ, ძალიან გვახარებს! გზა დაგელოცოთ ახალი მიღწევებისაკენ.
ლაშა ხომერიკი
გალერეა


