
ქართველი ემიგრანტი გერმანიიდან გვესაუბრება
ლაშა ხომერიკი: 593 50 82 69 –
მშობლიურ გარემოში, საკუთარ მიწა – წყალზე განსაცდელს რომ უფრო მხნედ უმკლავდება ადამიანი, ეს ბუნებრივია. სულის სიძლიერე განსაკუთრებით უცხოობაში, საზღვარგარეთ ხდება საჩინო. ქართველი ემიგრანტები სწორედ ამ თვისებით გამოირჩევიან ეპიდემიის დროს. ჯერჯერობით ევროპის ქვეყნებში მყოფი ემიგრანტების ნაწილი უკან, სამშობლოში, ვერ ბრუნდება. მათ შორისაა გერმანიაში მყოფი ჩვენი თანამემამულე, ღირსეული ქართველი, პედაგოგი და პოეტი ქალბატონი მარინა ხუჭუა, რომელმაც საქართველოში დროებით დატოვა ფასდაუდებელი განძი – საუკეთესო ოჯახი, რომელშიც სამი სანაქებო შვილი, ექვსი შვილიშვილი და ორი შვილთაშვილია. ჩვენ ვესაუბრეთ ქალბატონ მარინას და ვთხოვეთ, მოეთხრო, რა ვითარებაა იქ, სადაც ამჟამად იმყოფება.
– ახლა, დროებით, გერმანიაში ვარ, ქალაქ კიოლნში. აქ ერთ თურქ ოჯახთან ერთად ვიმყოფები. შვიდი წელია მათთან ძიძად ვმუშაობ, ორ გოგონას ვუვლი. ეს ოჯახი სამუშაოდ გერმანიაში გამოგზავნეს, ქმარი ერთ-ერთი ფირმის მენეჯერია, ცოლი – ფსიქოლოგი. ეს გოგონები სკოლაში დადიან. აქ განათლებისადმი ჩვენგან განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ. უკვირდათ, როცა ერთი ჩვენი გოგონას გიმნაზიაში ჩარიცხვას თავგამოდებით ვცდილობდით. საერთოდ, ამ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის პანდემიამდე, შეიძლება ითქვას, ცხოვრებისა და შრომის საუკეთესო პირობები იყო. ვისაც სურს, მუშაობს, არანაირ სამუშაოს არ თაკილობენ, თავსაც მშვენივრად ირჩენენ. ვისაც სწავლა სურს, ოთხი კლასის დამთავრების შემდეგ გიმნაზიის გამოცდებს აბარებს. გერმანიის მოქალაქე ვერ გახდები, თუ გერმანული ენის გამოცდა ვერ ჩააბარე. გერმანელები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ჯანსაღი, ეკოლოგიურად მისაღები გარემოს შექმნას. ამის სწავლება მიაჩნიათ აღზრდის ერთ-ერთ ეფექტურ კომპონენტად. თითქმის ყველა უბანს აქვს საკმაოდ დიდი ტყე-პარკი, ეზოებში – სათამაშო მოედნები, სადაც ყრია სილა. . . თამაშობს ამ სილაში ბავშვი, ამოიგანგლება, წაიქცევა კიდეც. დედა კი არ მივარდება და წამოაყენებს, არამედ თავს ადგას და უხსნის, რომ ტირილი არაა გამოსავალი, უნდა ეცადოს და ადგეს, ანუ ბავშვს თავიდანვე აჩვევენ საკუთარი ძალებით წინააღმდეგობის გადალახვას.
გერმანია ის სახელმწიფოა, სადაც კანონები მისი მოქალაქეების სასიკეთოდაა მიღებული. გერმანელი დაცულია ამ კანონებით და ამიტომ თავადაც ზუსტად იცავენ მას.ზრუნავენ თავიანთ ფიზიკურ და სულიერ სიჯანსაღეზე. ახლაც, როცა თითქმის არაფერი მუშაობს, სახლში ჩაკეტილები არ არიან, გამოდიან გარეთ, გამოჰყავთ ბავშვები და სუფთა ჰაერზე, ტყე – პარკებში ატარებენ დროს, თუმცა დისტანციას ყველა იცავს. დამცავ ნიღბებსაც ატარებენ და საერთოდ, ყველა დადგენილ წესსა და ნორმას ემორჩილებიან. დიახ, გერმანელები კანონმორჩილი ხალხია და სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ წარმატებით უმკლავდებიან ეპიდემიას. ხელისუფლება კი განუხრელად ზრუნავს თავის მოქალაქეებზე. იმ საწარმოში დასაქმებულებს, რომელიც ეპიდემიის გამო დაიხურა, სახელმწიფო უხდის ხელფასს. საერთოდ, გერმანიაში უმუშევრებს ყოველთვიურად აძლევენ განსაზღვრულ თანხას და ბინის ქირასაც უხდიან.
2007წლიდან ვარ ემიგრაციაში, თითქმის ცამეტი წელი. ეპიდემიამ ბევრ რამეზე დაგვაფიქრა ადამიანები, სიკვდილს ჩაგვახედა თვალებში და მიგვახვედრა, რაოდენ ძვირფასია სიცოცხლე, ყოველი დღე. . . გერმანიაში გამომგზავრებამდე სტამბოლში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი. იქ ბევრი ადგილია, სადაც შეგიძლია დროებით მაინც საქართველოში იგრძნო თავი. სულიერად ვძლიერდებოდი, როცა მივდიოდი „ქართული ენის ცენტრში”, „რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრში”. გამორჩეულია დახმარებისა და თანადგომის ასოციაცია „აისი”, რომლის ხელმძღვანელია ქართველი ქალბატონი მელანი თურქმენი. შეძლებისდაგვარად ვეხმარებით ქართველ ემიგრანტებს, ასევე, საქართველოდან სამკურნალოდ ჩამოსულებს. ეს ასოციაცია ბევრ კარგ საქმეს აკეთებს. აქაურმა ემიგრანტებმა, ასოციაციის წევრებმა ქართული ჟურნალი „ისინდის” შესახებ ჩემგან რომ შეიტყვეს, წაიკითხეს მისი ცალკეული ნომრები, ინტერესი და თანადგომა გამოხატეს. ჟურნალის თვალსაჩინო ეროვნული პოზიცია სწორედაც რომ ჩვენს სამომავლო მიზნებს ემსახურება და მისი თანადგომა ჩვენი ვალია.
ყოველთვის ვცდილობდი ჩემი თვალთახედვით აღქმული სამყაროს ფურცელზე გადატანას. ემიგრაციაში ეს ლტოლვა უფრო გამიძლიერდა. დიახ, მუზები მწყალობენ, მეხმარებიან, რომ რეალობას გავუმკლავდე, ემიგრანტობა მუზებმა შემიმსუბუქეს. . . „შორეული ახლობელი” – ეს ჩემი წიგნია, აქაური განცდებით ნასაზრდოები, მკითხველისთვის უკვე ნაცნობი. გამოსაცემად გამზადებული მაქვს კიდევ ორი წიგნი. ემიგრაციიდან რომ დავბრუნდები, ვფიქრობ, მკითხველისთვის ბევრი საინტერესო და საგულისხმო ამბავი მექნება მოსაყოლი. ჩვენ ახლა ციფრულ სამყაროში, ახალ რეალობაში მივაბიჯებთ. . . ახალმა კორონავირუსმა სხვა ტალღაზე გადაგვაწყო. ახალ ტექნოლოგიურ გამოწვევებთან შეგუება დროის საკითხია. ტექნიკის განვითარება და მისი მუდმივი სრულყოფა ადამიანის არსებობის და განვითარების თანმდევი მოვლენაა და მისი პლუსები პანდემიამ უფრო გამოკვეთა. ინტერნეტის საუკუნეში მანძილი და დრო იცვლება. . . აი, ახლა გერმანიიდან გესაუბრებით ამ გვიან ღამით, გაზეთ „აჭარის“ მთელ კოლექტივს. თქვენს მკითხველებს მივესალმები და გულითად სურვილებს გიგზავნით, მალე, ღვთის წყალობით, მშვიდობიანად გადაგელახოთ პანდემი ადა ლაღად გესეირნოთ თქვენს სახელგანთქმულ, უმშვენიერეს ბულვარში.