ქალი და დედა – მარტის სინათლეში
მარტი საქართველოში ქალის თვედ არის გამოცხადებული. თითქოს ბუნებამაც შეგნებულად აირჩია ის დრო, როცა მიწა იღვიძებს, როცა სინათლე იმატებს, როცა ჰაერში ახალი სიცოცხლის სურნელია. ამავე თვეში აღვნიშნავთ დედისა და ქალთა საერთაშორისო დღეებს.
ქალის როლი ქართულ სინამდვილეში არასდროს ყოფილა ერთმნიშვნელოვანი ან ერთგანზომილებიანი. ისტორია გვახსენებს მმართველს, რომელმაც სახელმწიფო ძლიერებისა და კულტურული აღმავლობის სიმაღლეზე აიყვანა – თამარ მეფეს. მისი ეპოქა არა მხოლოდ პოლიტიკური ძლიერების, არამედ სულიერი და კულტურული აღმავლობის ხანად დარჩა, თუმცა ქართველი ქალი მხოლოდ ტახტზე არ მჯდარა, იგი იყო სახლის კართან, ციხის გალავანთან, მინდორში, ეკლესიაში, აკვანთან.
ქართულ ლიტერატურაში ქალის სახე ღირსების, სიძლიერისა და ერთგულების სიმბოლოდ იქცა. გავიხსენოთ ნესტან-დარეჯანი, ქალი, რომლის შინაგანმა სიმტკიცემ და ერთგულებამ სიყვარულისადმი საუკუნეებს გაუძლო „ვეფხისტყაოსნის“ ფურცლებზე. ქართულ სიტყვიერებაში ქალი სუსტი არასდროს არის, იგი არის სინაზე, რომელიც ძალას მალავს და ძალა, რომელიც სინაზეს არ კარგავს.
საქართველოში დედის კულტი განსაკუთრებული სიღრმითაა დამკვიდრებული. სიტყვა „დედა“ მხოლოდ ბიოლოგიურ კავშირს არ აღნიშნავს, ეს არის განცდა, რომელიც ბავშვობიდანვე გვდევს და ცხოვრების ყველა ეტაპზე ახალ მნიშვნელობას იძენს. დედა არის პირველი ხმა, რომელსაც ვისმენთ, პირველი ხელი, რომელსაც ვეჭიდებით, პირველი თვალები, რომლებშიც საკუთარ თავს ვხედავთ.
არაერთი ქართველი მოაზროვნე მიუთითებდა იმაზე, რომ ქვეყნის მომავალი ოჯახში ყალიბდება. ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ერის ბედი განათლებულ და ზნეობრივ თაობაზეა დამოკიდებული და ამ თაობის პირველი მასწავლებელი სწორედ დედაა. შეიძლება ითქვას, რომ ქართული იდენტობის ერთ-ერთი ფუნდამენტი სწორედ დედობის კულტია – პატივისცემა, მადლიერება და უპირობო სიყვარული.
თანამედროვე ქართულ რეალობაში ქალი მრავალ როლს ითავსებს. იგი არის პროფესიონალი, შემოქმედი, მეწარმე, საჯარო მოხელე, ამავდროულად, ის რჩება ოჯახის ემოციურ ცენტრად. მისი ყოველდღიურობა ხშირად უხმო გმირობაა, პასუხისმგებლობა, რომელიც ხმამაღალ სიტყვებს არ საჭიროებს.
მარტის დღეებში ქუჩაში ქალბატონებს ვკითხეთ, რას ნიშნავს მათთვის დედობა და როგორ ხედავენ ქალის როლს დღევანდელ საქართველოში.
ქეთევანი, 60 წლის:
– დედობა ჩემთვის დროის სხვა განზომილებაა. სანამ დედა გახდები, ცხოვრება თითქოს მხოლოდ შენ გეკუთვნის. მერე ხვდები, რომ შენი გული სხვის სხეულში აგრძელებს ფეთქვას. ეს სიხარულიცაა და მუდმივი შფოთვაც, მაგრამ ამ შფოთვისას ისეთი ძალა იბადება, რომ ვერც კი წარმოიდგენდი.
მარიამი, 41 წლის:
– დედობამ მასწავლა მოთმინება და საკუთარი ეგოს დათმობა. ადრე ვფიქრობდი, რომ წარმატება კარიერაში იყო. ახლა ვიცი, რომ წარმატებაა, როცა შვილს ადამიანად გაზრდი. ქალი დღეს უფრო თავისუფალია, მაგრამ თავისუფლება პასუხისმგებლობასაც მოითხოვს.
ელენე, 33 წლის:
– შვილმა მასწავლა, რომ სიყვარულს სიტყვებზე დიდი ძალა აქვს. ძალიან რთულია, როცა გინდა იყო ძლიერი, დამოუკიდებელი ქალი და ამავე დროს თბილი, მშვიდი დედა, მაგრამ მგონია, ეს ორი როლი ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. პირიქით – ავსებს.
ნაირა, 31 წლის, ახალბედა დედა:
– დედობამ ჩემში შიშები გაზარდა, მაგრამ მამაციც გამხადა. ახლა ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ, უფრო მკაფიოდ ვხედავ, როგორი გარემო მინდა ჩემი შვილისთვის.
ნატალი 32 წლის:
– ქალის როლი დღეს ბევრად დიდია ვიდრე ოდესმე. მაგრამ ერთი რამ უცვლელია – ქალი არის ის, ვინც ოჯახს აერთიანებს. შეიძლება ითქვას, რომ დედა არის უხილავი ხიდი თაობებს შორის.
თამუნა, 37 წლის:
– დედობამ მასწავლა, რომ სრულყოფილება არ არსებობს. არსებობს მცდელობა, ყოველდღიური შრომა საკუთარ თავზე და სიყვარული, რომელიც შეცდომებსაც იტევს.
მარიამი, 24 წლის:
– ჯერ დედა არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ დედობა ქალს სხვა სიღრმეს აძლევს. ჩემთვის ქალი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ერთდროულად იყოს ძლიერი და ნაზი. ყველა ქალს ვულოცავ ქალთა კვირეულს, მინდა, რომ არასდროს დაკარგონ საკუთარი თავის რწმენა.
თათია, 31 წლის:
– როცა ვუყურებ დედებს, ვხედავ, რა ძალას ატარებენ. ვფიქრობ, ქალის როლი საზოგადოებაში კიდევ უფრო უნდა დაფასდეს. ქალის დღე მხოლოდ ყვავილები არ არის, ეს არის შრომის, იმ სიყვარულის პატივისცემა, რომელსაც ქალი ყოველდღიურად გასცემს. ვულოცავ ყველა ქალს დედისა და ქალთა დღეებს, იყავით ამაყები საკუთარი თავით.
სტატიას თათიასთან ერთად მყოფი მამაკაცის სიტყვებით დავასრულებ, რომელმაც სურვილი გამოთქვა, თავადაც მიელოცა ქალბატონებისთვის:
– ქალი ჩემთვის სამყაროს საყრდენია, დედა კი არის პირველი გმირი, რომელსაც ადამიანი იცნობს. ვფიქრობ, ჩვენ, კაცები ხშირად ვერ ვაცნობიერებთ, რამდენს აკეთებენ ქალები უხმოდ. მინდა, ყველას გადავუხადო მადლობა. თქვენი ძალა ჩვენს ცხოვრებას ამყარებს. ქალის დღე არის შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ ვაღიაროთ ეს და პატივი მივაგოთ მათ, ვინც გვზრდის, გვამხნევებს და გვასწავლის სიყვარულს, – გვითხრა გიორგიმ.
ამ ხმებში განსხვავებული ასაკი, გამოცდილება და ხედვა ერთ საერთო განცდად ერთიანდება, რომ დედობა არის გარდაქმნა. ეს არის პროცესი, რომელიც ქალს არა მხოლოდ შვილთან, არამედ საკუთარ თავთანაც აახლოებს.
ქალის როლი საქართველოში იცვლება, ვითარდება, ახალ სივრცეებს იპყრობს, მაგრამ მისი არსი – სიცოცხლის გაგრძელება, ღირებულებების გადაცემა და სითბოს შენარჩუნება, უცვლელი რჩება. ქალი მხოლოდ დღესასწაულის დღეებში არ არის დასაფასებელი, მისი ძალა ყოველდღიურობაშია.
მადლობა ქალბატონებს, ვინც ჩვენი ცხოვრება შექმნა, გაგვზარდა და გვასწავლა, როგორ გვიყვარდეს.
ქალი, ეს არის დასაწყისი, დედა, ეს არის გაგრძელება,
ორივე ერთად – მომავლის ყველაზე ძლიერი საფუძველი.
ნანა აბულაძე