ქალაქის ფინანსურ დოკუმენტზე საკრებულოს კომისიებში იმსჯელეს
ბათუმის საკრებულოში 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვის შემდეგ, ქალაქის ფინანსურ დოკუმენტზე საკრებულოს კომისიებში ისჯელეს.
ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიამ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ბათუმის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის ასიგნებები 570 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტით ხორციელდება მუნიციპალიტეტის ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების და გასაწევი გადასახდელების ნუსხის დამტკიცება საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად.
კომისიამ განიხილა როგორც განათლების მიმართულებით ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტით დაგეგმილი ღონისძიებები, ასევე, პროექტთან დაკავშირებით წინადადებები და შენიშვნები. კომისიის წევრებმა ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მიიღეს შესაბამისი დასკვნა, რომელიც რეგლამენტის შესაბამისად, საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიას გადაეგზავნება.
სხდომას განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ჯაბა ჭანტურია უძღვებოდა.
მოგვიანებით, ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიამ განიხილა. სხდომაზე ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი სურმანიძემ წარადგინა.

როგორც აღინიშნა, მუნიციპალური ინფრასტრუქტურა მომავალი წლის პრიორიტეტებს შორის ერთ-ერთია, რომლის განვითარებაზე ქალაქის ბიუჯეტიდან 295,28 მილიონი ლარი დაიხარჯება. აღნიშნული დაფინანსება მოხმარდება საგზაო ინფრასტრუქტურის, სატრანსპორტო სისტემისა და სერვისის, საბაზისო კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარებას, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერას, ბინათმშენებლობასა და ავარიული შენობების რეაბილიტაციას, მუნიციპალური სასაფლაოების მოწყობასა და მოვლა-პატრონობას, ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვასა და მართვას, ქალაქის კეთილმოწყობას.
კომისიის წევრებმა სხდომაზე ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით წინადადებები და შენიშვნებიც განიხილეს და ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მიიღეს შესაბამისი დასკვნა, რომელიც რეგლამენტის შესაბამისად, საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიას გადაეგზავნება. სხდომას ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე მინდია გოგუაძე უძღვებოდა.
ბიუჯეტის პროექტი განიხილა, ასევე, საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიამ. მომავალ წელს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებისთვის ბიუჯეტიდან 34,381 მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება. პროგრამები მოემსახურება მდგრადი განვითარების მიზნებს, ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას, საზოგადოების ცალკეული კატეგორიების სოციალური პირობების გაუმჯობესებას და დაავადებათა გავრცელების რისკ-ფაქტორების შემცირებას. კომისიამ ასევე განიხილა განათლების მიმართულებით ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით წინადადებები და შენიშვნები. კომისიის წევრებმა ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მიიღეს შესაბამისი დასკვნა, რომელიც, რეგლამენტის შესაბამისად საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიას გადაეგზავნება. სხდომას ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნერიმან ცინცაძე უძღვებოდა.

ბათუმის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიამ ,,თვითმმართველი ქალაქის ბათუმის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” საკრებულოს დადგენილების პროექტის კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე იმსჯელა. კომისიას დადგენილების პროექტის პროცედურულ ნაწილთან დაკავშირებით სამართლებრივი შენიშვნა არ გააჩნია.
კომისიის დასკვნა, რეგლამენტის შესაბამისად, საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიას გადაეგზავნება. სხდომას იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ბერიძე უძღვებოდა.