ტრამპი: ირანი მძიმე მდგომარეობაშია
By

ტრამპი: ირანი მძიმე მდგომარეობაშია

ირანის გარშემო საერთაშორისო ვითარება კვლავ დაძაბულია. ბოლო განცხადებები ეხება როგორც ქვეყნის ახალ უზენაეს ლიდერს, ისე სამხედრო ვითარებასა და საერთაშორისო საზოგადოების რეაქციას.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ესმაილ ბაგაიმ იტალიურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი დაშავებულია, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც მან აღნიშნა, ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოვა ის საჯარო განცხადებით: „არ ვიცი, მისი პირველი სიტყვით გამოსვლა როდის იქნება“.
ბაგაიმ, ასევე, ისაუბრა ხამენეის არჩევის პროცესზე და განმარტა, რომ გადაწყვეტილება ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად მიიღეს. მისი თქმით, „ლიდერის პოზიციაზე სამი თუ ოთხი კანდიდატი იყო წარმოდგენილი, მაგრამ ექსპერტთა ასამბლეის უმრავლესობამ ის აირჩია. ეს ადასტურებს, რომ სისტემა ერთი ადამიანის მიერ არ იმართება“.
ამ ფონზე, ირანის სამხედრო შესაძლებლობებზე განცხადება გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. მისი თქმით, ირანი მძიმე მდგომარეობაშია და ბევრი უკვე მიიჩნევს, რომ ომი პრაქტიკულად მოგებულია. „მათ საზღვაო ფლოტი აღარ ჰყავთ, საჰაერო ძალები აღარ ჰყავთ და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები აღარ აქვთ. ამ ქვეყნის თავზე თავისუფლად ვმოქმედებთ“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია თეირანის სტრატეგიულ ობიექტებზე დარტყმა, თუმცა ეს მიზანი არ არის: „თეირანის ისეთ ნაწილებს შეგვიძლია დავარტყათ, რაც ირანის აღდგენას შეუძლებელს გახდის, მაგრამ ჩვენ ეს არ გვსურს. მომავალში ირანში ისეთი ლიდერის ნახვა მსურს, რომელმაც იცის, რას აკეთებს და ქვეყნის აშენება შეუძლია“, თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
საერთაშორისო დონეზე სიტუაციას გამოეხმაურა გაეროს უშიშროების საბჭო, რომელმაც რეზოლუციით დაგმო, ირანის თავდასხმები სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და იორდანიაზე. დოკუმენტს 15 წევრი ქვეყნიდან 13-მა დაუჭირა მხარი, ხოლო ჩინეთმა და რუსეთმა კენჭისყრისას თავი შეიკავეს.
რეზოლუცია მკაცრად გმობს ირანის თავდასხმებს ბაჰრეინის, ქუვეითის, ომანის, კატარის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და იორდანიის წინააღმდეგ და თეირანს თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. დოკუმენტი, ასევე, გმობს სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმებს და ხაზს უსვამს რეგიონული ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.
რეზოლუციის პროექტი ბაჰრეინმა 135 ქვეყნის თანასპონსორობით წარადგინა, რაც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რეგიონში დაძაბულობის შემცირებისკენ მიმართული კიდევ ერთი ნაბიჯია.

  • No Comments
  • მარტი 12, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *