
სიცილისა და მხიარულების საღამო – ქართულ ჰანგებთან ერთად
ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში, კომპანია „თედეელის“ ორგანიზებით, იუმორისტული საღამო გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა პროფესიის ადამიანები მონაწილეობდნენ. ღონისძიების იდეის ავტორი მომღერალი, მოცეკვავე, მსახიობი, იურისტი, საერთაორისო საარბიტრაჟო სასამართლოს არბიტრი, პრაქტიკოსი ადვოკატი, პოლიტიკოსი, აჭარის დამსახურებული არტისტი და კულტურის დამსახურებული მუშაკი არჩილ მამულაძე გახლავთ, ხოლო რეჟისორი – ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, რეჟისორი რევაზ ბაინაზაშვილი. საღამოს უძღვებოდნენ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, იუმორისტი, მსახიობი ვახტანგ გიგინეიშვილი და არჩილ მამულაძე.
საინტერესო და მხიარული საღამო მუსიკალური ნომრებით გაალამაზეს ბათუმის საოპერო თეატრისა და ანსამბლ „ბათუმის“ ყოფილმა სოლისტმა, კომპოზიტორმა და მხატვარმა თამაზ ზარქუამ, ცნობილმა ლოტბარმა, პედაგოგმა, ანსამბლ „გამთენიონის“ ხელმძღვანელმა, აჭარის სახელმწიფო ანსამბლის ყოფილმა სოლისტმა ნოდარ ბერიძემ და ოპერის მომღერალმა იმედა მამალაძემ. მათმა ტრიომ არაერთი ნაცნობი და საყვარელი სიმღერა ახალი ინტერპრეტაციით ააჟღერა.
არჩილ მამულაძის თაოსნობით, ყველასთვის საყვარელმა ბათუმელებმა გადაწყვიტეს, გაემრავალფეროვნებინათ და გაეხალისებინათ ჩვენი ქალაქის ცხოვრება და წელიწადში ორჯერ გაემართათ მსგავსი იუმორისტული საღამო, სადაც ჩვენი თანაქალაქელები ერთმანეთს მოუსმენდნენ, გამხიარულდებოდნენ და კიდევ ერთხელ იგრძნობდნენ ბათუმელობის ხიბლს.
მაყურებლის წინაშე სცენაზე წარსდგნენ და პროფესიული საქმიანობისას გადახდენილი კურიოზული მომენტები გაიხსენეს სხვადასხვა სფეროში მომუშავე ბათუმის ცნობილმა სახეებმა: ამირან კიღურაძემ, თამაზ ფუტკარაძემ, ნინო ანთიძემ, ნანა ერემაშვილმა, საფო კობალაძემ, ლია შაფაქიშვილმა და ზაალ დევაძემ, რომელმაც სოლო სიმღერაც შეასრულა.
საღამომ ოვაციებით ჩაიარა. იყო კარგი განწყობა, ჯანსაღი იუმორი, ბევრი სითბო და სიცილი.
– როგორც სცენაზე გამოსვლის დროს განვაცხადე, ამ ღონისძიების შექმნის იდეა მაშინ წარმოიშვა, როცა სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ერთ სუფრასთან ვისხედით. მეგობრული გარემო იყო და სწორედ იქ დაიბადა ეს აზრი. მათ კიდევ ერთხელ შემახსენეს, რომ 32 წელი კულტურის სფეროს ვხელმძღვანელობდი, სხვადახვა დროს – სხვადასხვა თანამდებობაზე. გადავწყვიტეთ, საავტორო უფლებით დავაფუძნოთ ეს ღონისძიება და გვინდა შემდგომში უფრო დიდ, მასშტაბურ სცენებზე ჩავატაროთ. კმაყოფილი ვარ დღევანდელი საღამოთი, ღონისძიება 2- საათნახევარი მიმდინარეობდა, პროგრამიდან 7 ნომერი ამოვიღე, მაგრამ დამშვიდობებისას ადამიანები მაინც მეტს ითხოვდნენ. დარბაზიდან გასვლის სურვილი არ ჰქონდათ. მინდა მოვეფერო ჩემს ბათუმელებს და მადლობა გადავუხადო მათ, – გვითხრა ავტორმა არჩილ მამულაძემ.
– დღევანდელი საღამო იყო ექსპრომტი. ჩემმა მეგობარმა ნოდარ ბერიძემ დამირეკა და ამ ღონისიების იდეის შესახებ მითხრა. ამ სახით ეს პირველი საღამო იყო, რომელიც სამომავლოდ უფრო მასშტაბური გახდება, დაიხვეწება, უფრო მეტი მუსიკალური ნომრით გაფორმდება და ცხადია, იუმორითაც. ბატონი არჩილია ინიციატორი ამ საღამოსი, მან შეკრიბა ბათუმელები. ერთად მოვეფერეთ ქალაქს, ჩვენს თანაქალაქელებს და იმ ლეგენდარულ, კოლორიტ ადამიანებს, რომლებმაც ამ გენიალური კუთხის სულის სილამაზე შექმნეს. ბედნიერი ვარ, რომ ამ ყველაფერში მივიღე მონაწილეობა, – გვითხრა ოპერის მომღერალმა იმედა მამალაძემ.
– პირველ რიგში, კმაყოფილი ვარ იმით, რომ ეს საღამო შედგა. ყველას გვაკლდა ასეთი სითბო, შეკრება, მხიარულება. წლების განმავლობაში ყველა სხვადასხვა მიმართულებით წავედით, ზოგი ქალაქში არ იმყოფებოდა და, ასე ვთქვათ, ეს ჩვენი მონატრების საღამოც იყო. ერთმანეთს მოვესიყვარულეთ. ეს ღონისძიება ჩვენთვის დიდი წარმატება, დიდი მიღწევაა, თბილი, ლამაზი და ბათუმური საღამო გამოვიდა, – გვითხრა რეჟისორმა რევაზ ბაინაზიშვილმა.
– ძალიან კარგ რამეს ჩაეყარა საფუძველი. ეს იყო კურიოზების საღამო. ბათუმში მსგავსი არავის გაუკეთებია. ამ საღამოს სულისჩამდგმელი ბატონი არჩილი გახლავთ. იგი არა მხოლოდ თოჯინების თეატრის ყოფილი დირექტორი, არამედ ჩვენი მეგობარია. ძალიან მომეწონა ამ ღონისძიების შექმნის იდეა. შევიკრიბეთ მეგობრები და ერთი გემრიელი საღამო გავაკეთეთ. მოგეხსენებათ, მეც ბათუმში ვარ დაბადებული, გაზრდილი და სწორედ, ბათუმური საღამო გამოგვივიდა. ნოემბერშიც ვგეგმავთ მსგავსი ღონისძიების გამართვას და სამომავლოდ უფრო ფართო მასშტაბებზე გვინდა გასვლა, – გვითხრა ღონისძიების წამყვანმა ვახტანგ გიგინეიშვილმა.
მარიამ ხითარიშვილი