სიკვდილით დასჯის მოლოდინში მყოფი მომიტინგეები და მსოფლიო რეაქცია ირანზე
ირანში მიმდინარე ანტისამთავრობო პროტესტი სულ უფრო მწვავე ფაზაში შედის. აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს – HRANA-ს ინფორმაციით, დემონსტრაციების დაწყებიდან დღემდე სულ მცირე 2 403 მომიტინგე დაიღუპა. ორგანიზაციის განმარტებით, ეს მონაცემები მხოლოდ იმ შემთხვევებს მოიცავს, რომელთა იდენტიფიცირება და გადამოწმება შესაძლებელი გახდა. CNN-ის ცნობით კი ქვეყანაში ინტერნეტის მასობრივი გათიშვის ფონზე, რეალური მსხვერპლი შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს.
ირანში განვითარებულ მოვლენებს მკაცრი განცხადებით გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც ირანის ხელისუფლება დაკავებული დემონსტრანტების სიკვდილით დასჯის შემთხვევაში, „მკაცრი ზომების“ მიღებით გააფრთხილა.
„როდესაც ისინი ათასობით ადამიანის მოკვლას იწყებენ და ახლა თქვენ ჩამოხრჩობაზე მელაპარაკებით, ვნახოთ, როგორ იქნება ეს მათთვის. თუ ისინი ასეთ რამეს გააკეთებენ, ჩვენ ძალიან მკაცრ ზომებს მივიღებთ“, – განაცხადა ტრამპმა.
ამავე დროს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სოციალურ ქსელ X-ზე გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ირანის ხელისუფლება 14 იანვარს დაკავებული მომიტინგის, 26 წლის ერფან სოლტანის სიკვდილით დასჯას გეგმავს. უწყების ცნობით, ირანში „10 600-ზე მეტი ადამიანი დააკავეს მხოლოდ ძირითადი უფლებების მოთხოვნის გამო“.
ირანელ ხალხს და სამხედროებს მიმართა ირანის ბოლო შაჰის შვილმა, ემიგრაციაში მცხოვრებმა პრინცმა რეზა ფეჰლევიმ. ვიდეომიმართვაში მან სამხედროებს მოუწოდა, „გადავიდნენ ხალხის მხარეს, სანამ ამის დრო ჯერ ისევ არის“.
„დახმარება უკვე გზაშია“, – განაცხადა ფეჰლევიმ, რითაც აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას შეეხო.
დონალდ ტრამპმა ირანელებს მოუწოდა, გააგრძელონ ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები და აღნიშნა, რომ „დახმარება გზაშია“, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. ამასთან, ტრამპმა განაცხადა, რომ ირანელ ოფიციალურ პირებთან ყველა შეხვედრა გააუქმა, „სანამ მომიტინგეების უაზრო მკვლელობა არ შეწყდება“.
„დააფიქსირეთ მკვლელებისა და მოძალადეების სახელები – ისინი დიდ ფასს გადაიხდიან“, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.
მკვეთრი პასუხი გაისმა თეირანიდანაც. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ „ალ-ჯაზირასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის ნებისმიერი სამხედრო კონფრონტაციისთვის.
„თუ ისინი შეეცდებიან სამხედრო კონფრონტაციას, რომელიც ერთხელ უკვე სცადეს და ვერ შეძლეს, ჩვენ მზად ვართ“, – აღნიშნა არაღჩიმ.
მისივე თქმით, ინტერნეტის გათიშვა „ტერორისტული ოპერაციების“ დაწყებას უკავშირდება.
„ინტერნეტი მხოლოდ მას შემდეგ გაითიშა, რაც ტერორისტულ ოპერაციებს წავაწყდით და მივხვდით, რომ ბრძანებები ქვეყნის გარედან მოდიოდა. მანამდე მთავრობა დემონსტრანტებთან დიალოგის რეჟიმში იყო და პრეზიდენტი მათ წარმომადგენლებს პირადად შეხვდა“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ირანში მიმდინარე პროცესებს მკაცრად აფასებენ დასავლელი ლიდერები. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ ბრიუსელი ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას განიხილავს.
„უსაფრთხოების ძალების სასტიკი რეაგირება მიუღებელია და ავლენს რეჟიმს, რომელსაც საკუთარი ხალხის ეშინია. ჩვენ განვიხილავთ დამატებით სანქციებს მათ მიმართ, ვინც მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობს“, – აღნიშნა კალასმა.
ირანში მიმდინარე ძალადობას გამოეხმაურა ნატოს გენერალური მდივანიც. მარკ რუტეს განცხადებით, თეირანში „მჩაგვრელი რეჟიმი მასობრივ ძალადობას მიმართავს საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ“.
„უამრავი ინფორმაცია ვრცელდება დაღუპულთა შესახებ და ეს ამაზრზენია. ნატოს მოკავშირეები ყოველდღიურად მუშაობენ ამ კრიზისის მოსაგვარებლად. ჩვენ საუკეთესოს ვუსურვებთ ირანელ ხალხს – არა რეჟიმს, არამედ მოქალაქეებს“, – განაცხადა რუტემ.
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა კი აღნიშნა, რომ შესაძლოა, ირანის რეჟიმის „ბოლო დღეებსა და კვირებს“ ვხედავდეთ.
„რეჟიმი, რომელიც ძალაუფლებას მხოლოდ ძალადობით ინარჩუნებს, ფაქტობრივად, დამთავრებულია. მოვუწოდებ ირანის ხელმძღვანელობას, დაიცვას საკუთარი ხალხი და არ დაემუქროს მათ“, – განაცხადა მერცმა.
საერთაშორისო საზოგადოების შეფასებით, ირანში განვითარებული მოვლენები ქვეყნის შიდა პოლიტიკურ კრიზისს გასცდა და რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების ერთ-ერთ ყველაზე მწვავე გამოწვევად ყალიბდება.