
სახალხო დამცველი- აღნიშნული ცვლილებები ქვეყანაში საგრძნობლად გააუარესებს მართლმსაჯულების გამჭვირვალობის ხარისხს
საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს პარლამენტში დაჩქარებული წესით „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონსა და მის თანმდევ კანონპროექტებში ცვლილებათა პაკეტის განხილვის საკითხს გამოეხმაურა და მოუწოდა პარლამენტს, აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის მიღება არა დაჩქარებული, არამედ საქართველოს რეგლამენტით დადგენილი ზოგადი წესით მოხდეს.
წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა სასამართლო სხდომების გაშუქება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების და მოსამართლეთა მივლინების წესები, სასამართლო აქტების საჯარო ინფორმაციის სახით ხელმისაწვდომისა და სასამართლო ხელისუფლების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვა არაერთი ფუნდამენტური საკითხი.
„ აღსანიშნავია, რომ მითითებული საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა არ იძლევა მასში სრულფასოვანი ჩართვის და მონაწილეობის შესაძლებლობას, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს საკანონმდებლო პროცესს.
სამწუხაროდ, პარლამენტში ინიცირებული ცვლილებებით ამოღებული იქნება ის მნიშვნელოვანი გარანტიები, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოში საქმეთა განხილვის საქვეყნოობას, რაც საგრძნობლად გააუარესებს ქვეყანაში მართლმსაჯულების გამჭვირვალობის ხარისხს, ასევე, მედიის ხელმისაწვდომობას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესზე. კანონპროექტის მიხედვით, დღეს დამკვიდრებული საქვეყნოობის პრინციპი არსებითად იცვლება და ღიაობის ნაცვლად, ძირითად წესად აკრძალვა მკვიდრდება.
ინიცირებული კანონპროექტი საქართველოში 2007 წლიდან 2013 წლამდე მოქმედ რეგულაციას აბრუნებს, რომლის თანახმადაც, სასამართლოში, ასევე სასამართლო სხდომის დარბაზში საქმის განხილვისას ფოტო, კინო, ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელი იყო გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას ახორციელებდნენ სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირები.
ყურადსაღებია, რომ ასეთი პრაქტიკა მკაცრად გააკრიტიკა სახალხო დამცველმა 2007 წლის საპარლამენტო ანგარიშში.
სახალხო დამცველის შეფასებით, სასამართლოში გადაღების საკითხზე 2013 წლამდელი რეგულაციის შემოღება სერიოზულად გააუარესებს ქვეყანაში როგორც მართლმსაჯულების გამჭვირვალობის ხარისხს, ასევე, მედიის მუშაობას სასამართლო დარბაზებში“, – ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაში.
აქვე აღსანიშნავია „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომელსაც პარლამენტი ასევე, დაჩქარებული წესით იხილავს და რომლითაც ფართოვდება მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი, დისციპლინური გადაცდომის სახეები. აღნიშნული ცვლილების თანახმად, მოსამართლის მიერ სამოსამართლო საქმიანობასთან დაკავშირებული მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება.
„ეს ცვლილება აუცილებელია მოსამართლეების საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულების გაძლიერების თვალსაზრისით“, – აცხადებენ კანონის პროექტის ინიციატორები.