
საღამო – ანსამბლის პატივსაცემად
შუახევის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლი „ჭვანა“ ტელეპროექტ „ნიჭიერისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტის „ხალხური“ ფინალისტია. ხაბელაშვილებელი ტარიელ ბოლქვაძის ინიციატივითა და შუახევის მერიის, კულტურის ცენტრის მხარდაჭერით ჩამოყალიბებულმა ანსამბლმა 10 წლის განმავლობაში დიდი აღიარება და მაყურებლის მოწონება დაიმსახურა. ახლა ანსამბლი 20-ზე მეტ წევრს ითვლის და 4 თაობის ხელოვანები ავსებენ მის რიგებს.
„ჭვანას“ აღიარება ყველას ახარებს და მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომლებიც შუახევიდან, კერძოდ, ჭვანის ხეობიდან არიან გადასულები. „ნიჭიერში“ წარმატების შემდეგ, ანსამბლის წევრებს ჭვანის ხეობელი ბიზნესმენი ლევან (ასლან) მჟავანაძე მოეფერა და პატივისცემის ნიშნად, სუფრაზეც მიიპატიჟა.
– ჩემი ბავშვობა და ჭაბუკობის წლები მშობლიურ შუახევს უკავშირდება. ჭვანის ხეობის სოფელი ვანია ჩემი ადგილის დედა,- გვითხრა ცნობილმა ბიზნესმენმა აკაკი რიჟვაძემ. – ხელვაჩაურის რაიონში საცხოვრებლად გადმოსვლის მიუხედავად, ყველა შუახეველის ინტერესებს ვითვალისწინებ. 10 წელია ყურადღების არეალში მყავს ანსამბლი „ჭვანა“, მისი რეპერტუარი ძირძველ წარსულს მახსენებს. მსურდა, მათთვის თბილი საღამო მომეწყო. ბათუმში რესტორან „ბერმუხას“ და ორ სარიტუალო დარბაზს ვფლობთ მე და ჩემი შვილები. „ჭვანას“ წევრების, შუახევის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებისა და ახლობლების მოპატიჟება გადავწყვიტეთ.
საღამოზე ეროვნული ფოლკლორის განვითარებაში შეტანილ წვლილზე, მივიწყებული სიმღერების, ცეკვების აღდგენა-პოპულარიზაციაში „ჭვანას“ როლსა და დამსახურებაზე ისაუბრეს შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ, მერის მოადგილეებმა მირიან აბაშიძემ, გურამ ზოიძემ, კულტურის ცენტრის დირექტორმა მაია დავითაძემ, მწერალმა, კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილე ვახტანგ გოგრაჭაძემ, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე მალხაზ ტაკიძემ.
„ჭვანამ“ საღამოს მონაწილეებს „აჭარული შაირების“ პრემიერა შესთავაზა.
– როცა გაკეთებულს გიფასებენ და გიწონებენ, ეს მეტს გავალდებულებს. მრავალი ღონისძიების მომსწრე და უშუალო მონაწილე ვარ, მაგრამ „ბერმუხაში“ გამართული საღამო სულ სხვა იყო. მადლობა ბატონ აკაკი რიჟვაძეს, მისი ოჯახის წევრებს, თითოეულ დამსწრეს თბილი მიღებისთვის, – გვითხრა ტარიელ ბოლქვაძემ.
ოთარ ცინარიძე
გალერეა

