
საქველმოქმედო კონცერტი
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალის როლი საზოგადოებისათვის“ ორგანიზებით, შშმ პირთა მშობლებისა და ბავშვებისთვის, ბათუმის საზაფხულო თეატრში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. საზოგადოების წინაშე ბაიარ შაჰინი და მისი ქალიშვილები – ანსამბლი „სამი და“ წარსდგნენ, რომლებმაც დამსწრეთა მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურეს. თურქეთში მცხოვრები გუნდარიძეების როგორც მამის, ასევე, მისი შვილების მუსიკალური შემოქმედება ძირითადად ქართულ ფოლკლორზეა აგებული.
ძალიან გახარებული ვარ, რომ მამასთან და ჩემს დებთან ერთად ბათუმში ვიმყოფები. ბედნიერებაა, როცა შენს სისხლთან და ხორცთან, შენს ქართველებთან ასე ახლოს ხარ, ასე გისმენენ და გგულშემატკივრობენ. ყოველთვის, როცა ბათუმელ მსმენელთან ვმღერი, გამალებით მიცემს გული, სხვაგვარ ემოციას ვგრძნობ, მშობლიურს და ტკბილს, – გვითხრა დამლა შაჰინ გუნდარიძემ.
ბაიარ შაჰინმა მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას და აღნიშნა, რომ ბედნიერია, რადგან იმ ხალხის წინაშე მღერის, ვისაც ზუსტად ესმის, რას გრძნობენ ჩვენებურები, როცა საკუთარი ქვეყნიდან შორს არიან.
– რა თქმა უნდა, ნებისმიერ სცენაზე გამოსვლა ემოციებს უკავშირდება, მაგრამ საქართველოში, ქართველი მსმენელისა და მაყურებლის წინაშე სიმღერა დღესასწაულია ჩემთვის, – აღნიშნა მომღერალმა.
ბაიარ შაჰინი ერთ-ერთი პირველია, ვინც თურქეთში ქართული ფოლკლორის პოპულარიზაცია დაიწყო და მის განვითარებას შეუწყო ხელი, რასაც ახლა მისი გოგონები აგრძელებენ.
ნანა აბულაძე
გალერეა
