საქართველო ევროპის საუკეთესო სამეულშია – „ჩენდლერის ინსტიტუტის“ გრძელვადიანი ხედვის რეიტინგი
„ჩენდლერის ინსტიტუტის“ გრძელვადიანი ხედვის რეიტინგში, საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო სამეულში მოხვდა. კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოცეულშია და მე-16 პოზიციას იკავებს.
რეიტინგი გამოქვეყნდა „კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის“ ფარგლებში. შეფასება ეფუძნება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალურ გამოკითხვას, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების გრძელვადიან ხედვებსა და სტრატეგიულ დაგეგმვას იკვლევს.
ევროპის სამეულში, საქართველოსთან ერთად, ლუქსემბურგი და შვეიცარია მოხვდნენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს შედეგი წინ უსწრებს დიდი შვიდეულის ხუთ ქვეყანას, აგრეთვე, ევროკავშირის, შენგენის ზონისა და ნატოს წევრ 31 სახელმწიფოს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ასეთი შეფასება ქვეყნისთვის განსაკუთრებული აღიარებაა.
„ჩვენი ხელისუფლება მუდმივად ცდილობს, ჰქონდეს გრძელვადიანი ხედვა და კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც თითოეულ სამინისტროზეა გადანაწილებული. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მიმდინარეობს 10-წლიანი სამოქმედო გეგმის განახლება – დოკუმენტი, რომელიც იქნება მიზანზე და შედეგზე ორიენტირებული,“ – აღნიშნა მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ეს გეგმა ქვეყანას მისცემს საშუალებას, უფრო მკაფიოდ განსაზღვროს ეკონომიკური, სოციალური და ინფრასტრუქტურული განვითარების პრიორიტეტები.
„10-წლიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში გვექნება კონკრეტული საზომები და შედეგები თითოეულ დარგში. შიდა და საერთაშორისო ინვესტორებისთვის ნათელი იქნება, რა პროექტებს განახორციელებს საქართველო მომდევნო ათწლეულის განმავლობაში და რა ტემპით განხორციელდება თითოეული მათგანი,“ – განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ „ჩენდლერის ინსტიტუტის“ შეფასება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს მთავრობის სტრატეგიულ მიდგომას და ხედვას, რომელიც მიმართულია ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებისკენ.