საქართველოში გლოვაა
საქართველოში გლოვაა – ქვეყანა პატრიარქს ემშვიდობება. გლოვის დღეები კათოლიკოსის დაკრძალვის დღის ჩათვლით გაგრძელდება. წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ილია მეორეს კვირას, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ, რაც თავად უწმინდესის სურვილი იყო. ცნობილია, რომ ამ ტაძრის მიმართ პატრიარქს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. იქ არაერთი პატრიარქია დაკრძალული.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. გარდა ამისა, დაინიშნება უფასო ტრანსპორტი რეგიონებიდან თბილისში გამგზავრების მსურველთათვის. აღნიშნული გადაწყვეტილება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილმა სახელმწიფო კომისიამ მიიღო. კომისიის გადაწყვეტილებით, მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება „საქართველოს რკინიგზა“. დამატებითი რეისები შესრულდება როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო ტრანსპორტით.
სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის სამგლოვიარო ცერემონია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის პატივის მისაგებად, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი ღია იქნება 24 საათის განმავლობაში.