სამინისტრო სასწავლო პროცესში მობილურების გამოყენების აკრძალვას გეგმავს, 6 კლასის ჩათვლით კი სავალდებულო იქნება სასკოლო ფორმა
როგორც საქართველოს განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაციაზე განაცხადა, განათლების სამინისტრო სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენების აკრძალვას გეგმავს.
მისი თქმით, დაინერგება შესაბამისი სტანდარტი და მაქსიმალურად იქნება დაცული ბალანსი იმისთვის, რომ არც სასწავლო პროცესი დაზიანდეს და ბავშვსაც მშობელთან კომუნიკაციის უფლება არ დაერღვეს.
„მიგვაჩნია, რომ სასწავლო გარემოზე ორიენტაციისთვის და სრული ჩართულობისთვის მნიშვნელოვანი არის, რომ სასკოლო პროცესში ავკრძალოთ მობილური ტელეფონების გამოყენება. შემუშავდება შესაბამისი წესი, რომელიც შესაბამისი სტანდარტით დაინერგება და რა თქმა უნდა, მაქსიმალურად იქნება დაცული ბალანსი იმისთვის, რომ არც სასწავლო პროცესი დაზიანდეს და არც ბავშვს მშობელთან, ან მისთვის საინტერესო ადამიანთან კომუნიკაციის არ დაერღვეს,“ -განაცხადა მიქანაძემ
მინისტრის განცხადებით, შემდეგი სასწავლო წლიდან ყველა საჯარო სკოლაში, 1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით, სავალდებულოდ ბრუნდება სასკოლო ფორმები.
„ჩვენ შევისწავლეთ სკოლებში არსებული პრაქტიკა და მივიღეთ გადაწყვეტილება ტესტურ რეჟიმში, რომ შემდეგი სასწავლო წლიდან ყველა საჯარო სკოლაში, 1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით, დაწყებით ეტაპზე, სავალდებულოდ ბრუნდება სასკოლო ფორმები. ამასთანავე, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს და ყველა ის ოჯახი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეფასებული არის 60 000 ქულით, ან უფრო ნაკლებით, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის მხარდაჭერას მიღებს ფორმებთან დაკავშირებით,“ – აღნიშნა მიქანაძემ.