რუსეთის ულტიმატუმს თბილისში უპასუხეს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველო – რუსეთს შორის პოლიტიკური დიალოგის განახლებისთვის „წინაპირობა არ არსებობს“ და მიუთითებს, რომ „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრიობის აღიარება შეუქცევადია“. მოსკოვის შეფასებით, თბილისი კვლავ ინარჩუნებს მოთხოვნას, რომელიც მათთვის „მიუღებელი და არარეალისტურია“.
რუსეთის ამ განცხადებას მწვავე პასუხი მოჰყვა თბილისში. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს პოზიცია უცვლელია: „რუსეთს თუ სურს საქართველოსთან ნორმალური, დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდეს, მაშინ ჯარები უნდა გაიყვანოს და ტერიტორიული მთლიანობა აღიაროს“. მისი თქმით, ხელისუფლების პოლიტიკა მკაფიოდაა განსაზღვრული: „სანამ რუსეთის საოკუპაციო ჯარი არ დატოვებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, დიპლომატიური ურთიერთობები არ განახლდება“.
სამხარაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მოთხოვნა არ უკავშირდება არც სააკაშვილის, არც შევარდნაძის და „არც არავის“ პოლიტიკურ მემკვიდრეობას, არამედ წარმოადგენს „ქართული სახელმწიფოს ინტერესს – სრული დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“.
რუსეთის განცხადებას აკრიტიკებს ოპოზიციაც. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლაშა ფარულავას შეფასებით, კრემლი პირდაპირ მიანიშნებს, რომ არ გააკეთებს დათმობას ოკუპირებულ ტერიტორიებსა და დევნილების დაბრუნებაზე. ფარულავას თქმით, „რუსეთის მიზანია საქართველო ქართველების გარეშე“, ხოლო ხელისუფლების „არგაღიზიანების პოლიტიკა“ შედეგს არ იძლევა. როგორც ის აღნიშნავს, „რუსული ვექტორი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია, არა თუ არ მოსწონს მოსკოვს – პირიქით, ურჩევს კიდეც, რომ დათმობა არ იქნება“. ფარულავა მიიჩნევს, რომ კრემლის სტრატეგია საქართველოს მიმართ უცვლელია: „ვინ იქნება ხელისუფლებაში, ამისთვის მნიშვნელობა არ აქვს – მოსკოვის მიზანი არ იცვლება“.
ნანა აბულაძე