რუსეთის მიერ ღამით განხორციელებული მასშტაბური დარტყმების შემდეგ, კიევში ათასობით სახლი გათბობის გარეშეა დარჩენილი
რუსებმა კიევსა და უკრაინის რამდენიმე ოლქს დრონებითა და რაკეტებით შეუტიეს, – ინფორმაციას უკრიანული მედია ავრცელებს.
კიევის მერ ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაშავებულია ერთი ადამიანი.
მერმა აღნიშნა, რომ დედაქალაქზე თავდასხმა გრძელდება და მოქალაქეებს თავშესაფრებში ყოფნისკენ მოუწოდა.
უკრაინული მედიის ცნობით, თავდასხმის შემდეგ ქალაქში ელექტროენერგია გაითიშა.
– რუსეთის მიერ ღამით განხორციელებული მასშტაბური დარტყმების შემდეგ, კიევში ათასობით სახლი გათბობის გარეშეა დარჩენილი, – ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა რუსული ძალების მიერ კიევსა და სხვა რეგიონებზე დრონებითა და რაკეტებით განხორციელებულ იერიშებს.
„ომის დამნაშავე პუტინი ქალების, ბავშვებისა და მოხუცების წინააღმდეგ გენოციდურ ომს აგრძელებს. უკრაინელი ხალხის გამძლეობა არ შეიძლება ომის გაგრძელების საბაბი იყოს. ეს რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს“, – ამბობს სიბიგა.
მისი თქმით, „პუტინის ბარბაროსული დარტყმა დავოსში შეკრებილი მსოფლიო ლიდერებისთვის გამოღვიძების ზარია“.
„უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა სასწრაფოდ აუცილებელია. უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის გარეშე ევროპაში მშვიდობა არ იქნება. მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ძალის მეშვეობით არის შესაძლებელი“, – აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.