
რუსებმა უკრაინას 550 დრონით და რაკეტით შეუტიეს
რუსებმა უკრაინას 550 დრონით და რაკეტით შეუტიეს, 478 სამიზნე განეიტრალდა, თუმცა დარტყმები 8 ლოკაციაზე განხორციელდა, ნამსხვრევები ჩამოვარდა 33 ადგილას, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით „შაჰიდისა“ და სხვა ტიპის 539 დრონი, Х-47 М2 ტიპის „კინჟალის“ რაკეტა, „ისკანდერ М/KN-23“ ტიპის 6 ბალისტიკური რაკეტა და „ისკანდერ-K“ ტიპის 4 ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს. საჰაერო ძალებმა „ისკანდერ-K“ ტიპის ორი ფრთოსანი რაკეტისა და 268 დრონის ჩამოგდება მოახერხეს, 208 დრონი კი ლოკალურად დაიკარგა.
არსებული ინფორმაციით, ხანძრები და საცხოვრებელი შენობების დაზიანება კიევის ექვს რაიონში დაფიქსირდა, დაშავებულია 21 ადამიანი. კიევის მერ ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დნეპრის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები საცხოვრებელი შენობების ეზოში და საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე დაეცა.
სოლომენის რაიონში ნამსხვრევები არასაცხოვრებელ შენობებს დაეცა. გარდა ამისა, ცეცხლი გაუჩნდა საწყობებს და ადმინისტრაციულ შენობას.
სვიატოშინესკის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტები საწყობის ტერიტორიაზე დაეცა, რამაც ხანძარი გამოიწვია. ნამსხვრევები, ასევე, 16-სართულიანი საცხოვრებელი შენობის ეზოში ჩავარდა, რის შედეგადაც ავტომობილებს ცეცხლი გაუჩნდა.
შევჩენკოს რაიონში უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებმა 8-სართულიანი საცხოვრებელი შენობა დააზიანა. გოლოსეევის რაიონში სამედიცინო დაწესებულება დაზიანდა. დარნიცის რაიონში კი ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევები ღია ტერიტორიაზე დაეცა.