19 C ბათუმი
Friday 4th July 2025
როგორ მოვუაროთ სახის კანს ზაფხულში?
By

როგორ მოვუაროთ სახის კანს ზაფხულში?

ზაფხულში სახის კანის მოვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მზის სხივები, სიცხე და ოფლი ზრდის კანის გაღიზიანების, გამოშრობისა და ნაადრევი დაბერების რისკს. რა უნდა ვიცოდეთ სახის კანის მოვლასთან დაკავშირებით და რა ტიპის პროცედურები უნდა ჩავიტაროთ, რომ ჩვენი კანი არ გამოშრეს? გვესაუბრება კოსმეტოლოგი ანა ნაჭყებია.

ზაფხულში როგორ იცვლება კანის მოვლის რუტინა?

– აუცილებლად ვზრდით SPF-ის (მზისგან დამცავი ფაქტორი) პროცენტულობას, რადგან მაქსიმალურად დავიცვათ თავი ულტრაიისფერი სხივებისგან. ასევე, ყოველდღიურობიდან უნდა ამოვიღოთ გამაღიზიანებელი პროდუქტები, როგორიცაა პილინგები და სხვადასხვა მჟავა. ვიტენიანებთ კანს და ვსვამთ ბევრ წყალს, რომ სიცხემ ჩვენი ქსოვილები არ გამოაშროს.

ამ პერიოდში რომელი ტიპის კანია ყველაზე მგრძნობიარე?

– რა თქმა უნდა, აკნესკენ და სიწითლისკენ მიდრეკილი კანი, ასევე, მშრალი, რადგან ზაფხულში მზის სხივები კიდევ უფრო აშრობს მას.

– რა სახის კრემები და სერუმები უნდა გამოვიყენოთ?

– მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რუტინაში ჩავსვათ ჰიალურონის შემცვლელი სერუმები, რომ კანს გარედან მიეწოდებოდეს წყლის საკმარისი რაოდენობა. მნიშვნელოვანია, გელისებრი ან წყლის ბაზაზე დამზადებული კრემების გამოყენება, დანარჩენი კი უკვე ინდივიდუალურია.

– მზისგან დამცავ საშუალებებს გვირჩევთ სხვადასხვა ტიპის კანისთვის?

– მზისგან დამცავის გამოყენება ძალიან ინდივიდუალურია, საკმაოდ რთულია შერჩევა და იმის თქმა, თუ რომელ ტიპს რომელი მოუხდება, რადგან ყველა კანი სხვადასხვაგვარად აღიქვამს მზისგან დამცავს. შესაბამისად, ამ თემაზე ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია.

ზაფხულში ხშირად ჩნდება ფერიმჭამელები და გამონაყარი, როგორ ვებრძოლოთ?

– ეს ყველაფერი ადამიანის ჰიგიენურ და ჰორმონალურ ფატქორზეა დამოკიდებული. არის შემთხვევები, როდესაც ზოგიერთ პაციენტს მზეზე და ზღვაზე ყოფნისას უწყნარდება სახე გამონაყარის კუთხით, რადგან მზე და ზღვა კანისთვის ერთგვარი პილინგია. მიუხედავად ამისა, უმჯობესია, ავარიდოთ გარეგან გამაღიზიანებელს თავი, ამ შემთხვევაში – მზეს. ასევე, რუტუნაში ჩავსვათ ცხიმის წამრთმევი პროდუქტები, რომ ზედმეტმა ტემპერატურის მატებამ კანი კიდევ უფრო არ გააღიზიანოს.

ზაფხულში რა სახის კოსმეტოლოგიური პროცედურებია რეკომენდირებული?

ეს ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს, თუმცა კარგია ბიორევიტალიზაციის პროცედურა, რომ კანის უჯრედები ღრმად დატენიანდეს, ასევე კარგია მეზოთერაპიაც, რომლის საშუალებითაც კანს ვიტამინებსა და მინერალებს ვაწვდით. სხვა დანარჩენი უკვე ესთეტიკური მხარეა და პაციენტის საჭიროებისამებრ უნდა შევარჩიოთ.

– რა პროცედურების ჩატარებისგან უნდა შევიკავოთ თავი?

არ უნდა ჩავიტაროთ ქიმიური პილინგები, სხვა ყველაფერი მსუბუქ ფარგლებში, მისაღებია.

– რას გვეტყვით სახლში დამზადებული სახის ნიღბების გამოყენებაზე?

– ზოგადად, სახლში დამზადებული ნიღბების წინააღმდეგი ვარ, რადგან ის ჰიგიენა, ზომიერება და რეცეპტულობა, რაც ლაბორატორიებში მკაცრად დაცულია, სახლში ფიზიკურად არ გამოდის. დღეს ბაზარზე ისეთი კარგი პროდუქცია და ფართო არჩევანია, მომხმარებელს შეუძლია მარტივი და ეფექტური შედეგის მიღება. თუ პაციენტს მაინცდამაინც სახლური ნიღბების გამოყენება სურს, შეუძლია იგი ვიტამინების შემცვლელი ხილით გაამდიდროს.

 თამარ ლამპარაძე

 

 

  • No Comments
  • ივლისი 3, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *