
რა თქვეს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ?
საქართველოს შესახებ ევროპარლამენტში დებატები გაიმართა, სადაც ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი განიხილეს. სიტყვით გამომსვლელებმა საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე პროცესებზე იმსჯელეს. როგორც ევროპარლამენტარებმა აღნიშნეს, ოქტომბრიდან დღემდე საქართველოს საკითხი მეექვსედ განიხილეს და მათთვის ნაცნობია ყველა პრობლემა, რომელიც საქართველოშია.
„მე ვიქნები ცოტაოდენ კრიტიკული. ბოსნია-ჰერცეგოვინის შესახებ დებატებისას თქვენ თქვით, რომ ჩვენ გვჭირდება, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენ ვეწინააღმდეგებით რუსეთს, როდესაც ის ამბობს, როდესაც ის ეუბნება ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირისკენ ისწრაფვიან, რომ ევროკავშირი არ არის ვარიანტი და ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ევროკავშირი საუკეთესო ვარიანტია. მე ვშიშობ, რომ ჩვენ ამის გაკეთება საქართველოში ვერ შევძელით. შეხედეთ არჩევნების შედეგს, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო, ევროკავშირის ერთადერთი უმაღლესი წარმომადგენელი, რომელიც ეწვია საქართველოს, სამწუხაროდ, იყო ვიქტორ ორბანი, რომელიც გახლავთ რუსეთის „ტროას ცხენი“ ევროკავშირში, რომელიც ეწინააღმდგება ევროკავშირის გაფართოების ძალისხმევას. არ იყო ევროკავშირის მაღალი დონის წარმომადგენელი, რომელიც ჩავიდოდა საქართველოში და დადგებოდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გვერდით, რათა მხარი დაეჭირა მისთვის და დემონსტრაციისთვის, რომელიც მიმდინარეობდა თბილისის ქუჩებში. რასა იუკნევიჩიენე, და მე მადლობელი ვარ მისი გულწრფელობისთვის, იყო ერთადერთი, რომელიც წარმოადგენდა ევროპარლამენტს და ასევე, ევროდეპუტატების მცირე ჯგუფი. ჩვენ ეს მიდგომა უნდა შევცვალოთ. თუ ნამდვილად გვსურს იმის გაკეთება, რასაც ვლაპარაკობთ რეზოლუციებში, მაშინ გვჭირდება მოქმედება“, – განაცხადა „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის წევრმა, ევროპარლამენტარმა ონდრეი კოლარიმ.
„საქართველო ძალიან შორს არის იმისგან, რასაც ელოდება ევროკავშირი წევრობის კანდიდატი ქვეყნისგან. საქართველოს დემოკრატიული საფუძვლები დღითი დღე ინგრევა, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა განაცხადა და დასძინა, რომ ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედებები ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს.
„ქართული ოცნების“ რეჟიმმა წამოიწყო ყველაზე დრამატული რეპრესიები ქვეყნის პროევროპული ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. ბოლო კვირებში რამდენიმე ოპოზიციონერი ლიდერი დააპატიმრეს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია არის განგრძობადი თავდასხმების წინაშე. ხელისუფლება განაგრძობს ახალი რეპრესიული კანონმდებლობის ინიცირებას სათანადო საზოგადოებრივი კონსულტაციების გარეშე, ხელისუფლების რეპრესიული ქმედებები ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს. ანგარიშში სწორად არის ხაზგასმული, რომ ევროკავშირმა მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის დასახმარებლად. საქართველოში კრიზისის დაწყებიდან დღემდე ევროკომისიამ მნიშვნელოვნად გააძლიერა ძალისხმევა და ამჟამადაც ახდენს პროექტის იმპლემენტაციას სამოქალაქო საზოგადოების დასახმარებლად, რომლის ღირებულება შეადგენს 46 მილიონ ევროს. დამატებითი 32 მილიონი ევრო იქნება ხელმისაწვდომი უახლოეს ხანში, მას შემდეგ, რაც ამას დაამტკიცებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვდგავართ სერიოზული გამოწვევის წინაშე, როგორ მივაწოდოთ დაფინანსება სამოქალაქო საზოგადოებას ისე, რომ თავიდან იყოს აცილებული საქართველოს მთავრობის მხრიდან შემდგომი რეპრესიები. უკანასკნელი რეპრესიული კანონები, კერძოდ, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის აქტი, გრანტების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები და მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები ნეგატიურად აისახება ევროკავშირის ფინანსური დახმარების მიწოდების შესაძლებლობაზე. მაგრამ მინდა, მკაფიოდ ვთქვა, რომ ჩვენ ერთგული ვრჩებით, ვიპოვოთ საუკეთესო გზები, რათა ჩვენმა დახმარებამ მიაღწიოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამდე და მედიამდე ისე, რომ მათ უსაფრთხოებას საფრთხე არ შეექმნას“, – განაცხადა მარტა კოსმა.
საქართველოს შესახებ ანგარიშს, ევროპარლამენტისთვის სამარცხვინო უწოდა უნგრელმა ევროპარლამენტარმა ანდრაშ ლასლომ. მისი თქმით, ევროპარლამენტს სურს, გადაწყვიტოს საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს პარტნიორად არ ხედავს, მას უყურებს როგორც კოლონიას.
„ცხადია, ევროპარლამენტის უმრავლესობას სურს, საქართველოში მარიონეტული მთავრობა იხილოს. ვიდრე ეს არ მოხდება, ევროკავშირი წინასწარი განზრახვით მუშაობს ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობების გაუარესებაზე. სწორედ ესაა, რასაც ემსახურება თქვენი ანგარიში. მინდა, რამდენიმე რამ გამოვყო. ევროპარლამენტს სურს, უთხრას ქართველებს, ვინ უნდა ჰყავდეთ მთავრობაში, რომ მათ უნდა გამართონ ახალი არჩევნები; ევროკავშირს ასევე სურს, უკარნახოს ქართველებს, ვინ და როდის უნდა იყოს ამ არჩევნების ორგანიზატორი, ვის შეუძლია, გაუწიოს შედეგებს მონიტორინგი. ევროკავშირს სურს, უკარნახოს ქართველებს – მე მომყავს ციტატა – „თუ რა არის სინამდვილეში ქართველი ხალხის ნება“, რომ თქვენ ეს უკეთ იცით, ვიდრე მათ. ევროპარლამენტს სურს, გადაწყვიტოს, ვინ არიან რეალურად საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები – ისინი, ვინც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ არიან დაფინანსებულები USAID-ის მეშვეობით. ახლა, როდესაც ტრამპის ადმინისტრაციამ ეს დაფინანსება შეუწყვიტა მემარცხენე გლობალისტი აქტივისტების ქსელს, გსურთ, ევროკავშირმა იშვილოს ეს ორგანიზაციები. ევროპარლამენტს სურს, გადაწყვიტოს საქართველოს საგარეო პოლიტიკა, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წევრების შემთხვევაში ეს ეროვნული კომპეტენციაა. ევროკავშირი საქართველოს პარტნიორად არ ხედავს, ევროკავშირი საქართველოს უყურებს როგორც კოლონიას. საჭიროა არა სანქციები, არამედ გულწრფელი დიალოგი, რომელიც პატივისცემით მოეპყრობა საქართველოს სუვერენიტეტს, გაითვალისწინებს საქართველოს გეოპოლიტიკურ სიტუაციას, იდეას, რომელიც ფოკუსირებული იქნება ჩვენს საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე“, – განაცხადა ლასლომ.
ევროპარლამენტარმა რასა იუნკევიჩიანემ საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე განაცხადა, რომ ის უკმაყოფილოა საქართველოში მიმდინარე პროცესებით.
„ვინ იფიქრებდა, რომ საქართველო, რომელიც ერთ დროს დემოკრატიის მედროშე იყო არა მხოლოდ რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანას შორის, გადაიქცეოდა ლუკაშნეკოს სტილის ავტოკრატიად? რომ დღეს ჩვენ ვისაუბრებდით არა მხოლოდ ბელარუსებზე ლუკაშენკოს ციხეებში, არამედ ქართველებზე ბიძინა ივანიშვილის ციხეებში? – განაცხადა რასა იუნკევიჩიანემ, რომელიც გამოვიდა წინადადებით, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ ივნისში მიღებული რეზოლუციის ტექსტში გარკვეული ცვლილებები შევიდეს და ტექსტი უფრო გამკაცრდეს.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა პროევროპულ ჯგუფს ევროპარლამენტში და მათ მიერ დანიშნულ მომხსენებლებს შესანიშნავი თანამშრომლობისთვის. ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენელთა თავდასხმებმა ევროპარლამენტის წევრებზე, და ევროკავშირის ელჩებზეც კი, მხოლოდ გააძლიერა ჩვენი საერთო პოზიცია. ჩვენ გვესმის, რომ ეს განცხადებები არ გამოხატავს ქართველი ხალხის შეხედულებებს, ვხედავთ მათ ბრძოლას და ვაღიარებთ მკაფიო სურვილს, გააგრძელონ გზა ვეროკავშირის წევრობისკენ“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა. მისივე თქმით, მომზადებულია ორი ზეპირი ცვლილება, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების გადახედვის შესახებ.
„ევროპარლამენტი საკუთარ თავს მორალურ ინსტიტუტად აღიქვამს, რომელიც პოლიტიკაში სიკეთესა და ბოროტებას განსჯის. უკვე რამდენიმე თვეა, ევროპარლამენტი იმის გამო წუხს, რომ 2024 წლის ოქტომბერში ქართველებმა ის მთავრობა არ აირჩიეს, რომელიც ევროკავშირს ჰქონდა გეგმაში. თვეების განმავლობაში, სხვადასხვა კომიტეტები იმაზე ფიქრობენ, თუ როგორ დასაჯონ ქართველები ამის გამო“, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ჰანს ნოიჰოფმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, „სუვერენულ ერთა ევროპის“ ჯგუფი საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიშს მხარს არ დაუჭერს.
თავის გამოსვლაში მოსამართლე ნინო გალუსტაშვილზე ისაუბრა ევროპარლამენტარმა კშიშტოფ ბრეიზამ „მსურს, ამ ქალს არდადეგების იტალიაში გატარების პრივილეგია არ ჰქონდეს, მსურს, რომ პრორუსული რეჟიმის ყველა ოფიციალურ პირს აეკრძალოს ევროკავშირში შესვლა“, – თქვა მან და დასძინა, რომ
„მკაცრი სანქციებია საჭირო მათ მოსაშორებლად, ვინც საქართველოს რუსიფიკაციას ახდენს“. ამასთან, როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნა, ვიქტორ ორბანისა და „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წარმომადგენლებს სურთ, საქართველო და ახალგაზრდა ქართველები იყვნენ მიტოვებული.
მან ქართველ ხალხსაც მიმართა: „ქართველებო, თქვენთან ვართ, გვერდში გიდგავართ, თქვენს ბრძოლას ვხედავთ, მაგრამ ჩვენ ასევე ვხედავთ მათ, ვინც განადგურებთ. ვხედავთ რეჟიმის ოფიციალურ პირებს, მაგალითად, როგორიცაა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი. ის საქართველოს რეჟიმის მოსამართლეა, რომელმაც 21 წლის ბიჭს, მათე დევიძეს, პატიმრობის ოთხ წელიწად-ნახევარი მიუსაჯა პროევროპული დემონსტრაციის ორგანიზებისთვის. ეს რეალობაა საქართველოში“.
ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გუშინ გამართულ დებატებს გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა.
„რაისა კომუნისტკა არ ისვენებს. ერთი სიტყვით, ფაქტობრივად, უკვე ყოველ კვირა საქართველოზე დებატები აქვს, ოღონდ ცარიელ დარბაზში. წარმოგიდგენიათ, 700-ზე მეტი ევროპარლამენტარია იმ ორგანიზაციაში გაწევრიანებული და რვა კაცი იყო, ნახეთ ხომ? ჩვენს ოპოზიციურ არხებს ჯერ არ უნდოდათ, ეს „ფართო კადრი“ აეღოთ, მაგრამ გამოჩნდა. იმ რვა კაციდან, სამმა თავზე დაახურა, უთხრა, მიუთითა რაისას და დანარჩენ კომუნისტებს, რომლებიც ჩასაფრებული არიან საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოსთან რა გინდათ, მშვიდობა შეინარჩუნეს, ჩვენს საქმეს მივხედოთ, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს იმპიჩმენტს უწყობენო. მე თუ მკითხავთ, არსებობს გონივრული ეჭვი, მათ შორის კორუფციასთან დაკავშირებული თემები ევროპარლამენტში, ის, რომ ევროკავშირი დაიცალა ევროპული ღირებულებებისგან. ასეთი პრობლემები აქვთ და რაისა და მისი სადაქალო, თუ როგორც არის, იცლიან, რეზოლუცია მიიღონ, სადაც უნდა ჩაწერონ, რომ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი და დაკავებული მოძალადეები სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლები არიან. მინდა, კითხვა დავუსვა კალასს, ესტონეთში თქვენმა მოქალაქემ სახეში რომ გაულაწუნოს პოლიციელს, რა პოზიცია გექნებათ, იტყვით, რომ ეს სიტყვის გამოხატვის თავისუფლება იყო? არ იტყვით. ვნახეთ, როგორ იქცევით თქვენს სახელმწიფოებში და საქართველო რატომ გგონიათ მაჩანჩალა, მესამე და მეოთხე რანგის ქვეყანა? ყველა პუნქტში, ყველა ინდექსში საქართველო წინ არის, ვიდრე თქვენი სახელმწიფოები. მათ შორის კორუფციასთან ბრძოლაში, სიტყვის თავისუფლებაში, მათ შორის მთავრობის მიმართ ნდობაში, ბიუჯეტის გამჭვირვალობაში. ყველა პუნქტით, ყველა ასპექტით თქვენზე წინ ვართ, მაგრამ თქვენ უტიფრად მაინც აგრძელებთ ჩვენი ქვეყნის და ჩემი ქვეყნის გაშავებას. ყველაფერი ჩანს, ეს როგორი ხელოვნურიც არის. ასე რომ, რაისას გადაეცით, გორბაჩოვს ვაფიცებ, არ უნდა ეს, შეეშვას, გაანებოს თავი, არ გამოსდის მაინც ამ ქვეყნის გაშავება, რადგან ჩვენ ყოველთვის ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე დავდგებით. რა არის ეს? ეს არის თავისუფლების, მშვიდობის, მართლმადიდებლობის, ქართული ღირებულებების დაცვა, რომელიც არის იგივე ევროპული ღირებულებები და ჩვენ ამას ბოლომდე გავიტანთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ცნობისთვის, ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ „რეზოლუციის პროექტი მკაცრად გმობს მშვიდობიანი მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ოპონენტებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობრივ რეპრესიებს, თვითნებურ და პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას საკმარისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და სისტემურ წამებას. მოითხოვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან, პატივი სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და გააუქმოს ბოლო დროს მიღებული დრაკონული კანონმდებლობა, რომელიც მიზნად ისახავს სახალხო პროტესტის ჩახშობას, განსაკუთრებით გამოძალვითი ჯარიმების გზით. გამოხატავს განსაკუთრებულ შეშფოთებას პოლიტიკური პატიმრების მზარდი რაოდენობის გამო და კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მათგანის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებისკენ. მოუწოდებს ძალადობის ყველა აქტის ეფექტურად და სანდოდ გამოძიებისკენ და პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემისკენ. გამოხატავს შეშფოთებას სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობის არარსებობის გამო, სადაც „ქართულ ოცნებასთან“ კავშირების მქონე მაღალი რანგის მოსამართლეები ზედამხედველობენ მშვიდობიანი მომიტინგეებისა და მთავრობის კრიტიკოსების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლო პროცესებს. ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის პოზიციას, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით, რომელიც უნდა ჩატარდეს მომდევნო რამდენიმე თვეში გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის ზედამხედველობით და კეთილსინდისიერი საერთაშორისო და დამოუკიდებელი ადგილობრივი დამკვირვებლების მონიტორინგით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჭეშმარიტად სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე პროცესი, რომელიც ასახავს ხალხის ნამდვილ ნებას. ევროპარლამენტი კატეგორიულად იმეორებს მოთხოვნას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ, რათა მან საჭირო სამედიცინო მკურნალობა მიიღოს საზღვარგარეთ. ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და ანგარიშვალდებული უნდა იყოს ნებისმიერი ზიანისთვის, რომელიც მას მიადგება. გარდა ამისა, მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ ევროპარლამენტის წევრებს მიხეილ სააკაშვილთან შეუფერხებელი წვდომა მიეცეთ“, – აღნიშნულია რეზოლუციის პროექტში.