რა გვინდა? – ცვლილება უკეთესობისაკენ
დღეს საქართველო როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ასპარეზზე მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეა: ურთიერთდაპირისპირებული პოლიტიკური სპექტრი, განხეთქილება ოპოზიციაში, საპროტესტო აქციები პარლამენტის წინ, რასაც დასავლეთის მხრიდან მძაფრი კრიტიკა და რჩევები ემატება საქართველოს ხელისუფლებისადმი. ამ ფონზე დაძაბულობას ზრდის მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით: პარლამენტის ინიციატივით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შევიდა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის გაუქმების შესახებ, ასევე, მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, ემიგრაციაში მყოფ ქართველებს საზღვარგარეთიდან არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალებათ. მათი თქმით, ვისაც არჩევნებში მონაწილეობა სურს, ამისთვის საქართველოში უნდა ჩამოვიდეს, რაც ოპოზიციის აზრით, ანტიდემოკრატიული ნაბიჯია. ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე თავის თვალსაზრისს გვაცნობს „კოალიცია ,ცვლილებებისთვის“ აჭარის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი ლევან გორგილაძე.
– მმართველი პარტია და ოპოზიცია როგორ გამოიყურებიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე?
– ბოლო წლებში განვითარებული მოვლენების ფონზე, მმართველი გუნდი არცთუ კარგად გამოიყურება. როგორი ხელისუფლება გვყავს? შევარდნაძის და აბაშიძის რეჟიმებსაც კი გადააჭარბა სისასტიკით. თავისი ქმედებებით ბელარუსიზაციის გზას დაადგა. მმართველი პარტია ცდილობს, საგარეო კურსი რუსეთისკენ მიმართოს, თუმცა მნიშვნელოვანი ის არის, რომ ბელორუსისგან განსხვავებით, ქვეყანაში კვლავ არის შეუგუებლობა, პროტესტი. დიდ იმედს ვიტოვებ და ამის საწინდარი გაგვაჩნია, რომ არ დავადგებით ბელარუსის გზას, რომელიც საქართველოს კარგს არაფერს უქადის.
– ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოპოზიცია დესტრუქციული ქმედებებითაა დაკავებული, რას ფიქრობთ ამაზე?
– პირიქით, ხელისუფლება იქცევა დესტრუქციულად და ეს ლოგიკურია. ხელისუფლების პრეტენზიები ოპოზიციის მიმართ აცდენილია რეალობას, ათობით პოლიტპატიმარი გვყავს, ასევე, ცდილობენ, თავისუფალი აზროვნება გააქრონ ქვეყანაში, ოპოზიციის აკრძალვით იმუქრებიან, აქციებს უზღუდავენ ადამიანებს, გაჭირვებაში ამყოფებენ საშუალო და დაბალ ფენას. სწორედ ეს არის ხელისუფლების მხრიდან დესტრუქცია მოსახლეობის წინააღმდეგ. საერთოდ, ავტორიტარულ რეჟიმებს ახასიათებს ეს თვისება – რასაც, ცუდს თვითონ აკეთებენ, მეორე მხარეს დააბრალონ. მოკლედ, ეუბნება ამომრჩეველს, რომ ჩვენ ვინც გვეპაექრება, ისინი სჩადიან ამ საქციელსო.
– ცხადია, გვერდს ვერ ავუვლით ადგილობრივ არჩევნებს, ამ მხრივ ოპოზიციის ნაწილის მონაწილეობა არჩევნებში რამდენად გამართლებული იყო?
– სამწუხაროდ, ჩვენმა კონკურენტმა ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა. ჩვენ ბევრს ვკამათობდით არა მხოლოდ საჯაროდ, არამედ ურთიერთშეხვედრის დროსაც, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამ კითხვას პასუხი მაშინ გაეცა, როცა ე. წ. არჩევნები ჩატარდა. ვნახეთ შედეგები – საუბარი მაქვს ,,ლელოსა“ და გახარიას პარტიაზე. ჩვენ კარდაკარ არ გვივლია და არც ამომრჩევლისთვის გვითქვამს, არ წახვიდეთ არჩევნებზეო. უბრალოდ, საჯარო განცხადებებით შემოვიფარგლეთ. ამომრჩეველებს სჯეროდათ, რომ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს, ამიტომაც განახევრდა „ლელოს“ ხმები ამ არჩევნებზე წინასთან შედარებით. სხვათა შორის, მნიშვნელოვანად შემცირდა, ასევე, გახარიას პარტიის მხარდაჭერაც, თანაც – დედაქალაქში, საკრებულოში ერთი ადამიანიც ვერ შეიყვანა. აჭარაში კი „ლელოს“ რიგ საკრებულოებში თითო წევრი ჰყავს. მოკლედ, ამ კითხვას, როგორც გითხარით, ყველაზე კარგად ამომრჩეველმა გასცა პასუხი და სხვა ვერც ვერავინ გასცემდა.
– მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის გაუქმების შესახებ, თქვენი აზრი ამის თაობაზე. . .
– ,,ქართულმა ოცნებამ“ დაასახელა ის პარტიები, რომელთაც დიდი მხარდაჭერა ჰქონდათ წინა არჩევნებში. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები რომ არ გაყალბებულიყო, კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა გვექნებოდა. ხელისუფლება თითქოს შანსს აძლევს იმ პარტიებს, რომლებსაც ჰქონდათ ბარიერის პრობლემა, რეალურად კი მათაც არ ასცდებათ აკრძალვა, თუ, ცხადია, ხელისუფლების დანამატი არ იქნებიან. საერთოდ, ავტორიტარული და დიქტატორული რეჟიმების ხელწერაა ამგვარი ქმედებები. ,,ლელო“ ხელისუფლებამ შეიტყუა თვითმმართველობის არჩევნებში, მაგრამ შემდეგ მაინც დასაჯა. ვგულისხმობ იმას, რომ მათი პარტიის გაუქმების შესახებ გაცხადდა მმართველი პარტიის მხრიდან. სამწუხაროდ, გახარიას პარტია შევიდა პარლამენტში, რაღაც მხრივ შეეცადა ლეგიტიმაციის მიცემას რეჟიმისთვის, თუმცა ეს არ გამოუვიდა, ამის მიუხედავად მმართველმა პარტიამ ამ ეტაპზე დაინდო გახარიას პარტია, თუმცა მისი დევნა მაინც გრძელდება და ვერ ბრუნდება ქვეყანაში იმიტომ, რომ პატიმრობა აქვს შეფარდებული. ასე იქნება, სანამ მმართველობაში ,,ქართული ოცნება“ იქნება. პარტია მართლაც ჭირს წაუღია, როცა ქვეყანაა გადასარჩენი.
მთავარია, რომ მოვძებნოთ გზები, გაუქმებული არჩევნების ფონზე, როგორ შევძლოთ მმართველი პარტიის ხელისუფლებიდან ჩამოშორება.
– თუ საკონსტიტუციო სასამართლომ თქვენი პარტია აკრძალა, პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას როგორ აპირებთ?
– ლევან გორგილაძე იქნება ქუჩაში, აქციაზე თუ როგორც პარტია „ახალის“ წარმომადგენელი, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ჩვენი პარტიის ყველა წევრს აქვს კარგად გათავისებული, რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს! არჩევნები ამ ქვეყანაში არის გაუქმებული და უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ მივაღწიოთ ნორმალურ სასამართლოს და ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, რომლის გეზიც თავიდან ბოლომდე ევროპული იქნება და არა რუსული, ეს ნიშნავს ნამდვილ კეთილდღეობას, რისი მიღებაც შეიძლება ევროპიდან.
– ოპოზიციის დანარჩენ ნაწილს რა მექანიზმი რჩება ქვეყანაში დღის წესრიგის შესაქმნელად და ამ მხრივ თუ მიდის მსჯელობა თქვენს პარტიაში?
– თუ ოპოზიციის დანარჩენი ნაწილი მოძლიერდება, მათი აკრძალვის საკითხიც დადგება დღის წესრიგში. . . თუ არსებული დიქტატორული რეჟიმი არ შეიცვლება, ჩვენ ვკარგავთ უდიდეს შანსს, რომ შევძლოთ ნორმალურ გარემოში ცხოვრება, ანუ ყველას ჰქონდეს საშუალება, რომ ნორმალურად იცხოვროს. სწორედ ეს აქვთ გათავისებული იმ ადამიანებსაც, ვინც აპროტესტებს ამ ხელისუფლების ქმედებებს. თუ პოლიტიკური პარტია არ გვექნება, გავაგრძელებთ ბრძოლას სხვადასხვა ფორმით, ბრძოლა ბოლომდე! – ეს არის ჩვენი სლოგანი.
– ვხედავთ იმასაც, რომ ოპოზიცია ურთიერთბრალდებებითაა დაკავებული, ეს რისი მანიშნებელია?
– ურთიერთბრალდებები ბოლო დროს განსაკუთრებით გახშირდა, რაც, ძირითადად, თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება. ,,ლელოს“ ყველაზე მეტად იმის უნდა რცხვენოდეს, გახარიას პარტიასთან ერთად რომ მონაწილეობდა არჩევნებში. ,,ლელო“ უნდა მოეგოს გონს. შეცდომის აღიარება გვიან არასდროს არის. უნდა აღიაროს შეცდომა და დაუბრუნდეს იმ პროტესტს, რომელშიც იყვნენ ჩართულნი. ოღონდ, პირდაპირ გეუბნებით, რომ შეცდომის აღიარების გარეშე მათ არავინ აპატიებს ლეგიტიმაციის მინიჭების მცდელობას ხელისუფლებისადმი. ქუჩაში ძალიან ღირსეული ადამიანები დგანან და ისინი შეცდომას არავის აპატიებენ. სხვა მხრივ ურთიერთბრალდებები ოპოზიციის შიგნით არ არის. ვართ ერთიანები და მთავარი მიზნის მისაღწევად ვაგრძელებთ ბრძოლას.
– ,,ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, ემიგრაციაში მყოფ ქართველებს საზღვარგარეთიდან არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალათ, მათივე თქმით, ვისაც არჩევნებში მონაწილეობა სურს, ამისთვის საქართველოში უნდა ჩამოვიდეს, ამაზე რას ფიქრობთ?
– ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის აკრძალვა მიუღებელია! რატომ აკეთებს ამას ხელისუფლება? 2012 წელს ,,ქართულმა ოცნებამ“ (ჯერ კიდევ „ნაცმოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში) მოიგო საზღვარგარეთ არჩევნები – 56 პროცენტმა მიანიჭა მათ ლეგიტიმაცია, ამის შემდეგ კი ყოველ არჩევნებზე ,,ოცნების“ მომხრეთა რიცხვი მცირდებოდა და ეს თვალსაჩინო იყო . . . 2024 წლის არჩევნებში მმართველმა პარტიამ საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი ელექტორატიდან ხმების მხოლოდ 13 პროცენტი მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ მმართველი პარტიის რეიტინგი (საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებში) შემცირდა. სხვათა შორის, ემიგრანტებიდან ჩვენმა კოალიციამ ყველაზე მეტი ხმა მიიღო, ქვეყანაში კი ოპოზიციურ ფლანგზე პირველ ადგილზე გავედით, მაგრამ რომ დავდოთ შედარება – საზღვარგარეთ რა ხმებიც ავიღეთ და ქვეყნის შიგნით რა მხარდაჭერაც მოვიპოვეთ, ცალსახად ჩანს, რამდენი ხმა მოგვპარეს, რამდენ ადამიანზე იძალადეს, რათა ჩვენთვის ხმები არ მოეცათ. ამიტომ ცხადია – რატომ სურს მმართველ პარტიას, რომ ემიგრანტებმა ვერ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ემიგრანტების ხმები, თავიდან ბოლომდე, გვიჩვენებს რეალობას. ქვეყანაში რომ ჩატარდეს ისეთი არჩევნები, როგორც საზღვარგარეთ, სადაც ადამიანებს არავინ ატერორებს, არავინ აშინებს, სრულად განსხვავებული შედეგი გვექნებოდა. ვიცით, ასეთ ქმედებებს რეჟიმი რატომ მიმართავს. განსაკუთრებით როცა უჭირს ავტორიტარულ რეჟიმს, მაშინ იქცევა ასე, სწორედ ასე მოიქცა ლუკაშენკო, როცა ემიგრანტებს აუკრძალა არჩევნებში მონაწილეობა.
– საგარეო საკითხსაც შევეხოთ: ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ დასავლეთის და საქართველოს ურთიერთობები უარესდება, ამ მხრივ მოვლენების როგორ განვითარებას ელოდებით?
– დასავლეთი ქართველი ხალხის მხარესაა, ხელისუფლება თავის მხრივ სცილდება დასავლეთს. ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი ამას აკეთებს რუსეთის საამებლად. უნდა აღინიშნოს, რომ დასავლეთის მხარდაჭერა ჩვენი ერისადმი აშკარაა, ეს თანადგომა კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს და ამ გაზრდილი მხარდეჭირით, ასევე, ქვეყნის შიგნით უწყვეტი პროტესტით უნდა მივაღწიოთ იმ შედეგს, რაც აუცილებელია ქვეყნისთვის, ანუ უნდა ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები და ქვეყანა კვლავ დაადგეს ევროპულ კურსს.
– „ევროკავშირის ქვეყნებს სუვერენიტეტის პრობლემა აქვთ“ – აღნიშნავენ მმართველი პარტიის წევრები. . .
– მოკლედ გეტყვით, სუვერენიტეტის და ლეგიტიმაციის პრობლემა არსებულ ხელისუფლებას აქვს და აბრალებს სხვას.
– დაბოლოს, რუსეთ–უკრაინის ომი კვლავ მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. . .
– პირველ რიგში, გამარჯვებას ვუსურვებ უკრაინას! გვჯერა ყველას, რომ ისინი გაიმარჯვებენ. ცხადია, რომ უმნიშვნელოვანესი მოვლენა ხდება უკრაინაში, ჩვენ ვნახეთ, სადაც კი მცირედი დახმარება მიიღო, იქ რუსეთი დამარცხდა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ქვეყნები და აშშ კვლავ ეხმარებოდნენ მას. რაც შეეხება საქართველოს, ზელენსკი სადაც არ უნდა გამოვიდეს – ეს იქნება ევროსაბჭო, ევროკავშირი, ის საქართველოზე დადებით კონტექსტში საუბრობს, ოღონდ ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებას ბელორუსის რეჟიმს ადარებს, რომელსაც ასევე მიტაცებული აქვს ხელისუფლება. რა თქმა უნდა, უკრაინის გამარჯვებაზე ბევრი რამაა დამოკიდებული, ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ხელები უნდა ჩამოვუშვათ და დაველოდოთ უკრაინის გამარჯვებას, ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მალე მოხდეს ცვლილება, თუმცა უკრაინის გამარჯვება ნებისმიერ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, როგორც ქართველი ხალხისთვის, ასევე ევროპისთვის იმიტომ, რომ პუტინის რუსეთი არის დემოკრატიის და ცივილიზაციის მტერი!
ლაშა ხომერიკი