19 C ბათუმი
Tuesday 8th July 2025
რა განცხადებას აკეთებს ეუთო/ოდირი და რას პასუხობენ „ქართულ ოცნებაში“ ?
By

რა განცხადებას აკეთებს ეუთო/ოდირი და რას პასუხობენ „ქართულ ოცნებაში“ ?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რომ თუ ის ადამიანები, რომლებიც ახლა მთავრობას მოუწოდებენ სწორება ეუთო/ოდირზე გააკეთონ, აღიარებენ ეუთო/ოდირის დასკვნას საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, „ქართული ოცნება“ მალევე მიიღებს გადაწყვეტილებას მათი მოწვევის თაობაზე.

„ეუთო/ოდირი ობიექტურ დამკვირვებლად თუ მიაჩნიათ და ეუთო/ოდირის სიტყვა გადამწყვეტი, ერთ-ერთი წამყვანია ასეთ ვითარებაში, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მათი დასკვნა აღიარონ იმ ადამიანებმა, რომლებიც ახლა მოგვიწოდებენ, ისევ ეუთო/ოდირზე გავაკეთოთ სწორება. ამის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელისუფლება ნახევარ საათში მიიღებს გადაწყვეტილებას მათი მოწვევის თაობაზე, მაგრამ ისევ ის ფარსი გავითამაშოთ, რომ დაბულინგებული ეუთო/ოდირი ჩამოვიყვანოთ და შემდეგ, კაცმა არ იცის, იმ დასკვნას ვინ სად მოისვრის? ასეთ ვითარებაში საუბარიც ზედმეტია. ავტორიტეტულად მიიჩნევ? აღიარე. თქვი, ვეთანხმებით 2024 წლის არჩევნების დასკვნას, სადაც არჩევნები კონკურენტუნარიანად არის ნაღიარები. იქვეა მოწოდება, რა უნდა გამოასწოროს საქართველოს ხელისუფლებამ. დასკვნაში ეუთო/ოდირი ხელისუფლებას აღიარებს და ეუბნება, რომ დანარჩენი ნაწილი, რაზეც გესაუბრები შენ, ლეგიტიმურო ხელისუფლებავ, კიდევ უფრო გააუმჯობესე. თავად ეუთო/ოდირის თავმოყვარეობის საკითხია, ვიდრე ჩვენ მოგვმართავს, მივიდეს ევროპარლამენტთან და იმას მიმართოს, უკიდურესად შეურაცხყოფილი ვართ, რომ 2024 წლის დასკვნა არ გაიზიარეთ, სანაგვე ყუთში მოისროლეთო. შემდეგ გავაგრძელოთ დანარჩენზე საუბარი, მანამდე ამის გაკეთება არ ღირს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, ეუთო/ოდირმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ორგანიზაცია ღრმა შეშფოთებას გამოხატავს სამოქალაქო საზოგადოების მუშაობის შემზღუდავ კანონმდებლობასა და მშვიდობიანი მომიტინგეების დაკავებებთან დაკავშირებით.

„ჩვენ ღრმა შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ბოლოდროინდელ დაკავებებსა და გასამართლებებს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გააუქმოს ბოლოდროინდელი კანონმდებლობა, რომელიც ხელს უშლის სამოქალაქო საზოგადოების ლეგიტიმურ მუშაობას. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები დემოკრატიისა და კანონის უზენაობის საფუძველია“, – აღნიშნულია ეუთო/ოდირის დირექტორის მარია ტელალიანის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ: „საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს ოფისის მოწვევას მომავალი ადგილობრივი არჩევნების დასაკვირვებლად. ეს წარმოადგენს გამონაკლისს საქართველოს ბოლო ოცი წლის განმავლობაში მუდმივი პრაქტიკისგან. მიუხედავად აღნიშნულისა, ჩვენ მზად ვართ სადამკვირვებლო მისიის გასაგზავნად, თუ ხელისუფლება დროულად გამოაგზავნის მოწვევას გამჭვირვალობისა და საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი საზოგადოებრივი ნდობის ამაღლების მიზნით“.

  • No Comments
  • ივლისი 8, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *