რა გადაწყვიტა სტრასბურგის სასამართლომ 20-21 ივნისის აქციებთან დაკავშირებით?
By

რა გადაწყვიტა სტრასბურგის სასამართლომ 20-21 ივნისის აქციებთან დაკავშირებით?

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგის სასამართლოს მიერ 20-21 ივნისის აქციებთან დაკავშირებით გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას აქვეყნებს:

„საქმე ეხება 2019 წლის 20-21 ივნისს გამართულ აქციებს და აღნიშნული დემონსტრაციის შეწყვეტას სპეციალური საშუალებების გამოყენებით.

თავისი გადაწყვეტილებით დიდმა პალატამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, გამოიყენოს სპეციალური საშუალებები, როდესაც ადგილი აქვს სამართალდამცველებსა და სახელმწიფო ორგანოებზე თავდასხმასა და შტურმს. გადაწყვეტილებაში, ასევე, აღნიშულია, რომ 20 ივნისის დემონსტრაციის დროს ესკალაცია და პარლამენტზე შტურმი წაახალისეს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა.

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ძალა და სპეციალური საშუალებები მიმართული უნდა ყოფილიყო იმ დემონსტრანტების მიმართ, რომელთა ქმედებაც იყო ძალადობრივი. შესაბამისად, იმის გამო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ვერ უზრუნველყო ამ სტანდარტის დაცვა და პროპორციული ძალის გამოყენება დემონსტრანტების მიმართ, დადგინდა ევროპული კონვენციის მე-3 (არასათანადო მოპყრობა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-11 (შეკრების თავისუფლება) მუხლების დარღვევა.

ასევე, დიდი პალატის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ საქმის განხილვის ფარგლებში სრულად ითანამშრომლა სტრასბურგის სასამართლოსთან, მიაწოდა ყველა საჭირო ინფორმაცია და მასალები, რის გამოც არ დაკმაყოფილდა მომჩივნების მოთხოვნა ამ ნაწილში ევროპული კონვენციის დარღვევის მიმართებით.

სასამართლოს დიდმა პალატამ საჭიროდ არ მიიჩნია კონვენციის მე-13 მუხლის ფარგლებში საჩივრის განხილვა.

საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა ჯერ კიდევ 2024 წლის 7 მაისის პალატის გადაწყვეტილებით დადგენილი გამოძიების ხარვეზები და დაიწყო შსს-ის ხელმძღვანელობის მიერ ოპერაციის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესის გამოკვლევა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან მისი შესაბამისობის დასადგენად. აღნიშნული გამოძიების შედეგად 2025 წლის 12 ნოემბერს საქართველოს პროკურატურამ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ გიორგი გახარიას მიმართ. საქმის თაობაზე გამოძიება გრძელდება“, – ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

 

 

  • No Comments
  • დეკემბერი 11, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *